საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი, შესაძლოა, ათენის “პანათინაიკოსის” თავკაცად დაინიშნოს. ამ მოულოდნელ ინფორმაციას Sportando.com და Eurobasket.com ავრცელებენ.
ბერძნული გრანდი ეროვნული ჩემპიონატის ფინალურ სერიაშია ჩაბმული და “ოლიმპიაკოსთან” პირველი მატჩი 70:76 წააგო, თუმცა, შედეგის მიუხედავად, ახალი თავკაცის ძიებაშია. როგორც ირკვევა, “პაოს” სიაში პირველ ადგილზე სწორედ სერბი სპეციალისტია.
შეგახსენებთ, რომ კოკოშკოვი ძირითადად ამერიკულ გუნდებში მუშაობითაა ცნობილი და ასისტენტის რანგში “ლოს ანჟელეს კლიპერსში”, “დეტროიტ პისტონზსა” და “ფინიქს სანზში” მოღვაწეობდა. ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონი იგორმა “კლივლენდ კავალიერსში” დაიწყო, შემდეგ კი, “ორლანდო მეჯიქის” სკამზე გადაინაცვლა.
კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებში 2008 წლიდან მუშაობს და მის ხელში გუნდმა დიდი პროგრესი განიცადა. ქართველი კალათბურთელები სექტემბერში ზედიზედ მე-3 ევრობასკეტზე ითამაშებენ და იმის გათვალისწინებით, რომ სეზონის დასრულებისთვის ტრავმებს ავცდით, იქნებ, ისტორიაში საუკეთესო შედეგსაც მიაღწიონ.