37 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ლუსიო ჯერჯერობით აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულებას არ აპირებს და კონტრაქტი ინდოეთის სუპერლიგის, ქალაქ გოას კლუბთან გააფორმა.
2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და კიდევ ორი მუნდიალის მონაწილე, რომელიც ცნობილია დიდი საკლუბო მიღწევებით “ბაიერნის”, “ლევერკუზენისა” და “ინტერის” შემადგენლობაში, ბოლო დროს სამშობლოში თამაშობდა, ახლა კი გოას იმ გუნდში გადავიდა, რომლის მთავარი მწვრთნელიც მისი თანამემამულე, ლეგენდარული ზიკოა.
კლუბ “შრინავასა დემპოს” ერთ-ერთი თანამფლობელის მტკიცებით, სწორედ ზიკოს თავგამოდებული რეკომენდაციით მოხდა ბრაზილიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმება.
გასულ სეზონში, ზიკოს ხელმძღვანელობით, გოას გუნდი ინდოეთის სუპერლიგის ნახევარფინალში გავიდა. ტურნირი სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით ტარდება და არა მხოლოდ გოას, არამედ ყველა მონაწილე კლუბის შემადგენლობაში ლეგიონერები მრავლად თამაშობენ.