იტალიაში მიმდინარეობს 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასი, რომელშიც 12 გუნდი მონაწილეობს და რომლის ბოლოადგილოსანს, გაისად საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები შეცვლის.
12 გუნდი სამ 4-გუნდიან ჯგუფშია განაწილებული და ჯგუფის გამარჯვებულები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი თასის ნახევარფინალში გავა, ორი უარესი მეორეადგილოსანი და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი V-VIII ადგილებისთვის გააგრძელებს ბრძოლას, ხოლო ჯგუფის სამი ნაბოლარა და უარესი მესამეადგილოსანი IX ადგილისთვის იბრძოლებს. ტურნირის ბოლოადგილოსანი გაისად “ალაფაზე” დაქვეითდება, რომელიც წელს საქართველომ მოიგო.
უკვე გაიმართა ჯგუფური ეტაპის ორ-ორი თამაში და გამოიკვეთა როგორც ლიდერები, ასევე აუტსაიდერები.
პირველ ჯგუფში 20-წლამდელთა მოქმედმა ჩემპიონმა ინგლისმა ტიტულის დაცვა მძლავრად დაიწყო და დებიუტანტ იაპონიას პირველი ლელო სულ რაღაც 34-ე წამზე გაუტანა. შესვენებამდე ინგლისელებმა აზიის საუკეთესო გუნდი 7-ჯერ დაალელოვეს და 45:0 დაწინაურდნენ, მეორე ტაიმში კი, თავი დიდად აღარ გამოიდეს. ამასთან, ბოლომდე იბრძოლა იაპონიამაც, რომელმაც შესვენების შემდეგ მხოლოდ 2 ლელო მიიღო და ერთი საჯარიმო ლელო თავადაც დაიმსახურა. ჯამში ინგლისმა 59:7 იმარჯვა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში საფრანგეთმა უელსთან ადრეული უპირატესობა მოიპოვა. “მამლებმა” 13 წუთში 2 ლელო გაიტანეს და ერთი გარდასახვა გამოიყენეს - 12:0. მეორე ტაიმში სათამაშო უპირატესობა უკვე “დრაკონების” მხარეს იყო, მაგრამ მატჩში გადამწყვეტი გარდატეხის შეტანა მათ მაინც ვერ მოახერხეს და საფრანგეთმა 19:10 იმარჯვა. ჯგუფში კალენდარი ისეა გაწერილი, რომ მისი უმთავრესი შეხვედრა დასკვნით ტურში გაიმართება.
მეორე ტურში იაპონია საფრანგეთს პირველ ტაიმში მაგრად დაუდგა და ორი ლელოს პასუხად ერთი თავადაც გაუტანა, მაგრამ მერე “მამლებმა” აიწყვიტეს და აზიის საუკეთესო გუნდი იოლად დაამარცხეს.
ევროპელების დაპირისპირებაში ინგლისმა ტრადიციას არ უღალატა და თავიდანვე გადაწყვიტა მეტოქისთვის საქმის მომთავრება (22:0), მაგრამ ბოლოს უელსმა გაიბრძოლა და ტაიმი 10:25 დათმო. მეორე ტაიმში “უმცროსმა დრაკონებმა” კიდევ ორი ჯარიმა გაიტანეს, მაგრამ ერთი ლელო თავად გაუშვეს და მარცხს შეეგუენ.
“ბ” ჯგუფში ავსტრალიას გვარიანი გარჯა მოუწია მებრძოლი სამოას დასამარცხებლად, თუმცა ისინი მუდამ წინ იყვნენ და ყველა ჯერზე, როცა კი კუნძულელები ჩამორჩენას ამცირებდნენ, მატჩის დებიუტში მოპოვებული უპირატესობის დაბრუნებას ახერხებდნენ. ავსტრალიამ ანგარიში ჯარიმით გახსნა და მერე ორი ლელო გაიტანა, რომელთა შორის ჯარიმა მიიღო, ხოლო ტაიმის ბოლოს სამოამ ერთი ლელოც გაქვითა - 15:8. მეორე ტაიმი ავსტრალიელთა ლელოთი დაიწყო, სამოას შეტევაში ყველაფერი 65-ე წუთზე გამოუვიდა და ჩამორჩენა 5 ქულამდე დაყვანა (15:20), მაგრამ საპასუხო შეტევისას ლელო-გარდასახვა თავადაც გაუშვა და ავსტრალიამ პრემიალური ქულა გაინაღდა. სამოამ 72-ე წუთზე ერთხელაც დაიბრუნა თამაშის მოგების იმედი (22:27), მაგრამ გავიდა კიდევ სამი წუთი და ლელო გარდასახვა თავადაც გაუშვა, რის შემდეგაც საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 34:22 ავსტრალიის სასარგებლოდ.
მასპინძელი იტალია სამხრეთ აფრიკასთან მე-11 წუთზე, 70-მეტრიანი რეიდის შემდეგ გატანილი ლელოთი დაწინაურდა. ეს იყო იტალიელების პირველი ლელო 20-წლამდელთა შორის სამხრეთ აფრიკის ნაკრების წინააღმდეგ, მაგრამ აფრიკელებმა მასპინძლებს მალევე გასცეს პასუხი. მე-15 წუთზე “ბოკე” 7:5 იგებდა, 33-ე წუთზე იტალიელთა მეორეხაზელი სინბინით დაისაჯა, სამხრეთ აფრიკამ მეტობა კარგად გამოიყენა, ორი ლელო გაიტანა და 21:5 დაწინაურდა. ახლა სტუმრებს მეოთხე, პრემიალური ქულის აღება ჭირდებოდათ, მაგრამ იტალიელთა დაცვა დიდხანს ვერ გატეხეს, თუმცა, ბოლოს მაინც შეძლეს მიზნის მიღწევა, მეტოქეს კიდევ ორჯერ დაალელოვეს და 33:5 იმარჯვეს.
სამოამ მეორე თამაშშიც იბრძოლა, მაგრამ სამხრეთ აფრიკა მისთვის ზედმეტად ძლიერი აღმოჩნდა. აფრიკელებმა პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანეს და 21:3 დაწინაურდნენ, თამაშის განახლებიდან 10 წუთში კიდევ ორი ლელოთი პრემია დაიბევეს, თამაში კი, 40:8 მოიგეს.
მასპინძელი იტალია მეორე თამაშშიც დაწინაურდა, თანაც ავსტრალიას 25-ე წუთისთვის 8:0 ამარცხებდა, მაგრამ მალევე ჯარიმა გაუშვა, ხოლო ტაიმის დასკვნით 10 წუთში 3 ლელო და 8:24 ჩამორჩა. ავსტრალიამ მეოთხე, პრემიალური ლელი 63-ე წუთზე გაიტანა, რაზეც ერთი ლელოთი იტალიამ მალევე უპასუხა და ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა. ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ იტალიას მასპინძლობის გათვალისწინებით ელიტაში ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაუჭირდეს.
მესამე ჯგუფში ახალი ზელანდიისა და შოტლანდიის დაპირისპირების პირველი 20 წუთი თანაბარი გამოდგა. თავიდან ევროპელები იგებდნენ კიდეც (10:3), მაგრამ მერე “უმცროსმა ოლ ბლექსმა” იმძლავრა და ტაიმი 27:10, ხოლო თამაში 68:10 მოიგო.
პირველი ტურის თამაშებიდან, ყველაზე დაძაბული ირლანდიისა და არგენტინის დაპირისპირება აღმოჩნდა. ევროპელებმა ტაიმი 9:6 მოიგეს, მაგრამ მეორე ტაიმში შეხვედრის ერთადერთი ლელო არგენტინამ გაიტანა და გარდასახვაც გამოიყენა. ირლანდიამ ორი ჯარიმით უპასუხა, თუმცა, სამხრეთამერიკელებმა 78-ე წუთზე ჯარიმით მოახერხეს 1-ქულიანი უპირატესობის მოპოვება, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე არცთუ იოლი პოზიციიდან მეექვსე ჯარიმა მიიღეს, 16:18 დამარცხდნენ და მხოლოდ 1 ქულას დასჯერდნენ.
არგენტინას ძლიერი გუნდი რომ ჰყავს მეორე თამაშშიც დაამტკიცა და სენსაციამდე წამები დააკლდა. სამხრეთამერიკელები ჯარიმებით თითქმის მთელი ტაიმი წინ იყვნენ, მაგრამ ორი ლელო გაუშვეს და 12:15 ჩამორჩნენ. არგენტინამ ჯარიმითვე ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ 63-ე და 65-ე წუთებზე ორი ლელო მიიღო და 14 ქულით ჩამორჩა (15:29). მაგრამ “იაგუარები” არ გატყდნენ 69-ე და 75-ე წუთებზე გატანილი ლელოებით წონასწორობა აღადგინეს. “ოლ ბლექსი” მარცხის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა, თუმცა სიმტკიცე გამოავლინა, 78-ე წუთზე არცთუ იოლი პოზიციიდან ჯარიმა გაიტანა და 32:29 იმარჯვა.
ირლანდიასთან ბოლომდე იბრძოლა შოტლანდიამაც, ოღონდ აქ საქმე სხვაგვარად იყო. “სამყურებმა” ტაიმი 15:3 მოიგეს, მეორე ტაიმის შუაში სქოთებმალელოთი ჩამორჩენა 5 ქულამდე რომ დაიყვანეს (13:18), ჯარიმებით გამარჯვება დაიბევეს და სულ ბოლოს მიღებულმა ლელო-გარდასახვამ მათ ვეღარაფერი დააკლო. ერთი ეგაა, შოტლანდიამ პრემიალური ქულა აიღო, რომელიც დასკვნითი ტურის წინ ბევრს ვეღარაფერს შეცვლის. აქ შოტლანდიასა და არგენტინას შორის გამარჯვებული ორიდან ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი გახდება, მეორე კი, წეისთ უელსი უნდა იყოს.
მსოფლიო თასი 20-წლამდე მორაგბეებს შორის. იტალია.
ა ჯგუფი
2 ივნისი
ინგლისი - იაპონია 59:7
საფრანგეთი - უელსი 19:10
6 ივნისი
საფრანგეთი - იაპონია 47:7
ინგლისი - უელსი 30:16
გუნდი | თ | მ | დ | წ | +/- | ქ |
ინგლისი | 2 | 2 | 0 | 0 | 89-23 | 10 |
საფრანგეთი | 2 | 2 | 0 | 0 | 66-17 | 9 |
უელსი | 2 | 0 | 0 | 2 | 26-49 | 0 |
იაპონია | 2 | 0 | 0 | 2 | 14-106 | 0 |
10 ივნისი
ინგლისი - საფრანგეთი
უელსი - იაპონია
ბ ჯგუფი
2 ივნისი
სამხრეთ აფრიკა - იტალია 33:5
ავსტრალია - სამოა 34:22
6 ივნისი
სამხრეთ აფრიკა - სამოა 40:8
ავსტრალია - იტალია 31:15
გუნდი | თ | მ | დ | წ | +/- | ქ |
სამხრეთ აფრიკა | 2 | 2 | 0 | 0 | 43-13 | 10 |
ავსტრალია | 2 | 2 | 0 | 0 | 65-37 | 10 |
სამოა | 2 | 0 | 0 | 2 | 30-74 | 0 |
იტალია | 2 | 0 | 0 | 2 | 20-64 | 0 |
10 ივნისი
სამოა - იტალია
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია
გ ჯგუფი
2 ივნისი
ახალი ზელანდია - შოტლანდია 68:10
ირლანდია - არგენტინა 18:16
6 ივნისი
ირლანდია - შოტლანდია 24:20
ახალი ზელანდია - არგენტინა 32:29
გუნდი | თ | მ | დ | წ | +/- | ქ |
ახალი ზელანდია | 2 | 2 | 0 | 0 | 100-39 | 10 |
ირლანდია | 2 | 2 | 0 | 0 | 42-36 | 8 |
არგენტინა | 2 | 0 | 0 | 2 | 45-50 | 2 |
შოტლანდია | 2 | 0 | 0 | 2 | 30-92 | 1 |
10 ივნისი
არგენტინა - შოტლანდია
ახალი ზელანდია - ირლანდია