ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) მიერ განახლებულ რეიტინგში ქართველთა უმეტესობამ უკუსვლა განიცადა. დაქვეითდა საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავაც. მან 22 პოზიცია დაკარგა და 161 ქულით 265-ე საფეხურზეა.
265 (243). სოფო შაფათავა – 161 ქულა; 332 (335). ეკატერინე გორგოძე – 112; 383 (368). სოფო ქვაცაბაია – 89; 569 (536). მარიამ ბოლქვაძე – 38; 591 (656). ოქსანა კალაშნიკოვა – 35; 900 (896). მაკა ჩახნაშვილი – 12; 1107 (1107). თამარ ჭალაგანიძე – 5; 1118 (1117). თამარ კუტუბიძე – 5;
შაფათავა მიმდინარე კვირაში ბელარუსის დედაქალაქ მინსკში იმყოფება და 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში მეტოქეს ელის, წყვილებში კი ის და უკრაინელი ანასტასია ვასილიევა მე-2 ნომრად არიან განთესილნი და უკრაინელებს – იანჩუკს და სოტნიკოვას გაეჯიბრებიან.
გერმანიის ქალაქ ესენში ასევე 25-ათასიან შეჯიბრში მოსინჯავებ ძალებს ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია, ხოლო თამარ ჭალაგანიძე თურქულ ადანაში 10-ათასიან შეჯიბრში ითამაშებს.
ქართველთაგან ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში ამჯერადაც ოქსანა კალაშნიკოვა ჩაებმება, თუმცა, ტრადიციულად, ძალებს მხოლოდ წყვილთა თანრიგში მოსინჯავს.
მოგეხსენებათ, უკვე ბალახის სეზონი მოდის და ოქსანაც რუს ევგენია როდინასთან ერთად ჰოლანდიურ ჰერტოგენბოსხში იმყოფება. იქ სტარტს 250-ათასიანი ტურნირი აიღებს, კალაშნიკოვა და როდინა კი ძალებს ჰოლანდიელ კრაიჩეკთან და ამერიკელ ვანდევეიგესთან მოსინჯავენ.
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში ქართველთაგან საუკეთესო შედეგი კვლავაც ნიკოლოზ ბასილაშვილს აქვს, რომელიც 11 ადგილით დაწინაურდა და 358 ქულით 149-ეა. წინსვლა განიცადეს სხვა ქართველებმაც: 684 (706). ალექსანდრე მეტრეველი – 36 ქულა; 801 (832). გიორგი ცივაძე – 24; 1128 (1274). გიორგი ჯავახიშვილი – 8; 1441 (1444). ალექსანდრე ბაკში – 3; 1975 (1864). ირაკლი მეტრეველი – 1;