საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მოთამაშე ანდრო ბითაძე "ბარსელონაში" ითამაშებს. 18 წლის წყალბურთელსა და ესპანურ გუნდს შორის შეთანხმება მიღწეულია, ოფიციალური ხელშეკრულება კი 24 აგვისტოს გაფორმდება.
ბითაძე 1+1 სისტემით კონტრაქტს მოაწერს ხელს და "ბარსელონას" მთავარ გუნდში გამოვა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ესპანელი ტონი ესტელერია, რომელიც პარალელურად სლოვაკეთის ნაკრებს წვრთნის. ესპანელი სპეციალისტის მოწონება ბითაძემ ნაკრებში თამაშის დროს დაიმსახურა.
საქართველოს და სლოვაკეთის ნაკრებებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისში ერთად ითამაშეს. ბითაძე გამორჩეული იყო შარშანაც ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე, რომელიც ასევე თბილისში ჩატარდა. ანდრო ბითაძე ბარსელონამდე მონტენეგროს "იადრანში" თამაშობდა და ორ-ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი. უფრო ადრე კი სერბულ "ნოვი სადში" გამოდიოდა.
ანდრო ბითაძე: "ბარსელონასთან" შეთანხმება მიღწეულია, 24 აგვისტოს კი კონტრაქტიც გაფორმდება. ვესაუბრე გუნდის მთავარ მწვრთნელს და დამპირდა, რომ სათამაშო დრო საკმარისად მექნება. ჩემს პოზიციაზე მოთამაშე ჰოლანდიელი გუნდიდან სეზონის დასრულების შემდეგ წავიდა და შესაბამისად, სათამაშო დროის პრობლემა არ უნდა მქონდეს. მინდა, ესპანეთში დიდხანს დავრჩე და გუნდს წარმატებაში დავეხმარო".
სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური