ფეხბურთი

13:20 | 8.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

გია გეგუჩაძე: “ჩემი ხედვა აზრთა ჭიდილში ჩამოყალიბდა”

“ჩემი აზრით ფეხბურთი ხელოვნებაა”.

“ჩემი ხედვა აზრთა ჭიდილში ჩამოყალიბდა”.

“ინტელექტუალური განვითარება ფეხბურთელის კარიერულ წინსვლას ხელს უწყობს”.

“თინეიჯერობის ასაკში ვუსმენდი კლასიკას, ასევე The Beatles-სა და Pink Floyd-ს. მაშინ ეს ჩვენი გატაცება იყო, ამ მუსიკის მოტრფიალენი ვიყავით”.

“არ მინდა ფეხბურთი შაბლონად იქცეს”.

“შეიძლება ითქვას, ქუჩის ფეხბურთი გაქრა”.

“დღეს ფეხბურთი ბიზნესია და ხვალ კიდევ უფრო დიდი ბინზესი გახდება”.

39 წლის ასაკში გია გეგუჩაძე პირველად გამოჩნდა ფართო აუდიტორიის წინაშე, 2004 წელს ივო შუშაკის “დინამოდან” წასვლის შემდეგ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ამავე წელს გეგუჩაძის ხელში “დინამომ” დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია, თუმცა იმავე სეზონში გუნდიდან გაუშვეს. გია გეგუჩაძე წლების შემდეგ ამგვარად გაიხსენებს “დინამოდან” წასვლის ფაქტს:

“სამწუხაროდ “დინამოში” ჩანაფიქრის ბოლომდე განხორციელება არ გამომივიდა. ყველაფერი უეფას თასზე წარუმატებლობიდან დაიწყო, სადაც ჯგუფში ოთხივე თამაშის წაგება “მოვახერხეთ” – “სპორტინგთან”, “სოშოსთან”, “ნიუკასლთან” და “პანიონისთან”... როგორც ხედავთ საკმაოდ ცნობილი მოწინააღმდეგეები გვყავდა და “საკუთარ თავს უნდა გადავხტომოდით”. დასანანია რომ ეს ვერ შევძელით... თან ქვეყნის ჩემპიონატშიც დავთმეთ პირველი, “დაკვეთილი” ადგილი. აი აქ კი წამოყვეს თავი ჩასაფრებულებმა – ესეც თქვენი ექსპერიმენტები, თავს გაუვიდა! მოკლედ დამითხოვეს. ღმერთი იყოს მათი მსაჯული”.

გეგუჩაძის “ზესტაფონში” მუშაობის პერიოდი არ იყო ისეთივე წარმატებული, თუმცა იყო ხანგრძლივი. რამდენიმეწლიანი გუნდების საპირისპიროდ საქართველოში ქმნიან ექვსთიან, მოკლევადიან გუნდებს, რაც ევროთასებზე წარმატების წინაპირობა ვერ იქნება. გეგუჩაძის “ზესტაფონი” კი პროფესიონალიზმის, გრძელვადიანი შრომის შედეგი იყო, რომელმაც ვერ მოიტანა ევროტურნირების ჯგუფური ეტაპი, რაც რა თქმა უნდა იყო წარუმატებლობა, თუმცა ქართულ ფეხბურთში შრომის კულტურის დანერგვისკენ დიდი ნაბიჯი გაიდგა.

გასულ თვეში გია გეგუჩაძე “დინამო თბილისში” დაბრუნდა და კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. ქართული ფეხბურთისა და ზოგადად თანამედროვე ფეხბურთის პრობლემები, მათი გადაჭრის გზები, ასევე სხვა თემები, რომელთა შესახებ “მსოფლიო სპორტი” გია გეგუჩაძეს ესაუბრა.

- როდის დაინტერესდით ფეხბურთით?

- ფეხბურთით დავინტერესდი ბავშვობაში, ბევრი ბავშვის მსგავსად ფეხბურთმა მეც გამიტაცა. ამ მხრივ ოჯახიც ხელს მიწყობდა, მამაჩემი ყოფილი ფეხბურთელი იყო, ამ გარემოებამ დიდად განაპირობა ჩემი შესვლა ფეხბურთზე. პირველი ნაბიჯები გადავდგი “ავაზაში”, შემდეგ კი “ფეშეემში”, ახალგაზრდა ფეხბურთელთა სკოლაში. ეს იყო ჩემი პირველი გადადგმული ნაბიჯები ფეხბურთში.

- ფეხბურთელობისას გარკვეული პერიოდი ლიბეროს ფუნქციებს ასრულებდით. თქვენი აზრით, ლიბეროს გაქრობით რა შეიცვალა ფეხბურთში? ეს დადებითი მომენტი იყო თუ უარყოფით?

- ფეხბურთი განვითარდა. ტაქტიკური და სათამაშო სქემების მოდერნიზირება მოხდა და მწვრთნელი უფრო რაციონალურად იყენებს ფეხბურთელს. ლიბეროს გარდა ფეხბურთში ბევრი რამ შეიცვალა: აჩქარდა თამაში, წესებში გარკვეული ცვლილებები შევიდა. მოდერნიზაციამ ფეხბურთს მეტი ხიბლი შესძინა. ყოველ შემთხვევაში ფეხბურთის მაყურებელმა იმატა.

- როგორც ვიცით, სამწვრთნელო კარიერის დასაწყისში ფიზკულტურის ინსტიტუტში ლექციების წასაკითხად მიგიწვიეს.

- პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, თუმცა პროფესიას არ გავყევი, რადგან ჩემი სურვილი სპეციალური საფეხბურთო განათლების მიღება იყო.

სურვილიდან გამომდინარე გამოცდები ფიზკულტურის ინსტიტუტში ასპირანტურაზე ჩავაბარე, რაც იმ დროს დასაშვები იყო. გამოცდების შემდეგ დავკავდი დისერტაციის წერით. ბუნებრივია დისერტაციის წერის პარალელურად მქონდა გარკვეული სალექციო საათები.

- ერთხელ თქვით, რომ კონსტანტინე ბესკოვის მიმდევარი ხართ

- პატარა უზუსტობა იყო, მე უბრალოდ მოხიბლული ვიყავი მისი მუშაობით. იგი ერთ-ერთია, რომელსაც მივიჩნევ უდიდეს მწვრთნელად. ვხედავდი თუ როგორი იყო მისი გუნდის თამაში, რა სტილის, რა ფილოსოფიის და მე ეს მომწონდა.

საბედნიეროდ მომიწია დავით ყიფიანთან მუშაობა, მე ვაღიარებ მის უდიდეს სამწვრთნელო და პიროვნულ თვისებებს.

უშუალო დამხმარე მწვრთნელი ვიყავი იოჰან ბოსკამპის, მან დიდი როლი ითამაშა ჩემს მწვრთნელად ჩამოყალიბებაში, ჩემს ხედვებში, საით შეიძლებოდა, როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო გია გეგუჩაძე, როგორც მწვრთნელი.

ამიტომ, ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი, ცოტ-ცოტა ყველასგან მაქვს მიღებული, აღებული. ბავშვთა ფეხბურთში საბედნიეროდ მყავდა ძალიან კარგი მწვრთნელები და მათგანაც ვსწავლობდი. ასე ვთქვათ ბედნიერი კაცი ვარ, რომ ბევრი ადამიანის ზეგავლენის ქვეშ ვიყავი, მაგრამ ჩემი ყოველთვის გამაჩნდა. ჩემი ხედვა ჩამოყალიბდა ამ აზრთა ჭიდილში.

- იოჰან ბოსკამპთან გაქვთ ურთიერთობა?

- ბოლოს ახალი წელი მივულოცეთ ერთმანეთს.

- წლების წინ თქვენით დაინტერესებული იყო “სტოკ სიტი”, რომელსაც იოჰან ბოსკამპი წვრთნიდა.

- დიახ. მათგან იყო დაინტერესება, თუმცა სამუშაო ვიზის აღება ვერ მოხერხდა.

- უმაღლეს ლიგაში პირველად რუსთავის “გორდას” მთავარი მწვრთნელი გახდით. რა დაინახეთ ახალი, რასაც ასისტენტად ყოფნის დროს ვერ ამჩნევდით?

- მთავარ მწვრთნელად მუშაობას თან ახლავს დიდი პასუხისმგებლობა. ასისტენტობის შემთხვევაში ამ პასუხისმგებლობის გააზრება რთულია. ვგულისხმობ პასუხისმგებლობას, როგორც თითოეული ფეხბურთელის, ასევე კლუბის პერსონალისა თუ ხელმძღვანელის მიმართ. შედეგზე პასუხისმგებელი მთავარი მწვრთნელია, რასაც ლოგიკურად მოჰყვება გულშემატკივრებთან ურთიერთობა. მთავარი მწვრთნელობა ამ კუთხით იყო მნიშვნელოვანი.

- სუფთა საფეხბურთო კუთხით 2004 წელს როგორ მოხერხდა “დინამოს” გასვლა უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე? თქვენ ხომ ამ დროს არ გქონდათ მრავალწლიანი გეგმა, ეს მოხდა სულ რამდენიმე თვეში.

- ეს წარმატება უდიდესი შრომისა და მრავალი ფაქტორის თანხვედრის შედეგია. მწვრთნელთა შემადგენლობა დუბლშემადგენლობიდან ძირითად გუნდში გადმოვედით, სადაც ყველა კუთხით იდეალური გარემო დაგვხვდა. აღმასრულებელ დირექტორ დავით პეტრიაშვილისა და სპორტულ დირექტორ კახა ჭუმბურიძის მხრიდან უდიდეს ნდობას ვგრძნობდით, ჩვენ თანამოაზრეები ვიყავით. კლუბში არსებული გარემო წარმატებისთვის განგაწყობდა.

შესაძლოა არ ჩანს ის შრომა, რომელიც მწვრთნელთა შემადგენლობამ დუბლშემადგენლობასთან ერთად გავწიეთ, იმ დროს ჩამოყალიბდა დინამოს აკადემია პირვანდელი სახით, აკადემიდან კი ბევრი ფეხბურთელი დაწინაურდა, რომლებმაც უკვე იცოდნენ გუნდის საფეხბურთო ფილოსოფია.

მწვრთნელთა შემადგენლობას ძირითად გუნდში ბევრი ძლიერი ფეხბურთელი დაგვხვდა, მათ დაემატნენ ახალგაზრდები, რომლებსაც დიდ ფეხბურთში თავის დამკვიდრება სურდათ, უცხოეთიდან კი გიორგი ნემსაძე დაბრუნდა, რომლის გამოცდილებამ გუნდის წარმატებაში დიდი როლი ითამაშა.

დღევანდელთან შედარებით, ეროვნულ ჩემპიონატში უფრო მაღალი დონე იყო და ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა. გარდა ამისა, იღბალიც ჩვენს მხარეს იყო. კლუბში ხელმძღვანელიდან დაწყებული დამლაგებლით დამთავრებული ყველა ფეხბურთით ცხოვრობდა. მოკლედ, ბევრი ფაქტორის თანხვედრა იყო.

- ბევრი ფეხბურთელის დასახელება შეგვიძლია, რომლებმაც თქვენს ხელში პროგრესი განიცადეს, შემდეგ კი რეგრესი. როგორ ფიქრობთ რა არის ამის მიზეზი?

- ცხოვრებისეული მომენტია. შესაძლოა მოხვდე გარემოში, სადაც გაიხსნა და შენი შესაძლებლობები მეტად წარმოაჩინო, ფეხბურთელთა წარმატებულ პერიოდს აქვს დასაბამი და აქვს დასასრულიც, მათი ნაწილი საუკეთესო ფორმას დიდხანს ინარჩუნებს, ნაწილს ამის გაკეთება უჭირს.

თანამედროვე ფეხბურთში წარმატებას ხასიათის თვისებები განაპირობებს. ფეხბურთელის ტექნიკური, ინტელექტუალური და ფიზიკური მომზადების მიუხედავად მოთამაშის სიძლიერე ხასიათის თვისებებზეა დამოკიდებული. მტკიცე ხასიათის მქონე ფეხბურთელი ნებისმიერ დონზე შეეცდება პოტენციალის გამომჟღავნებას.

- საკმაოდ დაბალი დონის ჩემპიონატის ფონზე სუფთა საფეხბურთო კუთხით მწვრთნელმა როგორ უნდა მოახერხოს მოთამაშის პროგრესირება? მით უმეტეს ევროტურნირისთვის მომზადება?

- ძალიან მტკივნეული თემაა. დღევანდელ რეალობაში ურთულესია ფეხბურთელის განვითარება. ვფიქრობ ამ დროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი უშუალოდ თამაშია. ფეხბურთელს თამაში ზრდის. ნებისმიერი სახის ვარჯიშების მიუხედავად ყველაზე მნიშვნელოვანია თამაში. ამ კუთხით მე ყოველთვის მქონდა ჩემი შეხედულებები. შეკრებებზე, მოსამზადებელი ეტაპისას ყოველთვის მსურდა მაქსიმალურად ძლიერ მეტოქეებთან თამაში. გარდა ამისა, როდესაც გუნდს გააჩნია დასვენების პერიოდი, იმ პერიოდში ჩაგვეტარებინა ამხნაგური სახის თამაშები საშუალო თუ ძლიერ ევროპულ კლუბებთან. ეს ყველაფერი კი დაბალი დონის ჩემპიონატის ასანაზღაურებლად ხდებოდა. ამ დროს ფეხბურთელები ეჩვევიან უფრო დიდ სისწრაფეებს, მათზე მეტი ფსიქოლოგიური დატვირთვა მოდის. ამ მცდელობას ხშირ შემთხვევაში შედეგი არ მოაქვს, რადგან არსებობს ბევრი დაბრკოლება. რა თქმა უნდა ეს ძალიან ცუდია, მაგრამ მცდელობა ყოველთვის გვქონდა. აი ამის ხარჯზე თუ მოვახერხებთ კომპენსაციას.

ცალკე საკითხია ეროვნული ჩემპიონატი. დრო გადის და ეროვნული ჩემპიონატის დონე უარესდება.

- ბოლო წლებში ბავშვები იშვიათად თამაშობენ ფეხბურთს ქუჩაში. ეს ფაქტორი პროფესიულ ფეხბურთზე მოახდენს გავლენას?

- ამ ფაქტორმა პროფესიულ ფეხბურთზე უკვე მოახდინა გავლენა. საფეხბურთო ელემენტები, რომლებიც ბავშვს ქუჩაში თავისთავად გამოსდიოდა, სწავლების საგანი გახდა.

წარსულში უამრავი თვითნასწავლი ფეხბურთელი გვყავდა, თვითსწავლა ხდებოდა ქუჩაში, რაც მწვრთნელებს დიდ დახმარებას უწევდა. როდესაც თვითნასწავლი მოთამაშეები საფეხბურთო სკოლებში ვარჯიშობდნენ, თამაშობდნენ, უკვე უშუალოდ მწვრთნელთა დაკვირვების და ხელმძღვანელობის ქვეშ იმყოფებოდნენ. თვითსწავლებითა და საფეხბურთო სკოლებში მიღებული გეგმაზომიერი სწავლებით ხდებოდა ფეხბურთელის ჩამოყალიბება.

შეიძლება ითქვას, ქუჩის ფეხბურთი გაქრა, ამდენად მწვრთნელის დატვირთვა გაიზარდა, მწვრთნელს კი დრო არასდროს ჰყოფნის, რადგან ბავშვის განვითარებისთვის უამრავი ასპექტია გასათვალისწინებელი.

მიუხედავად იმისა, რომ უბნებში ბევრი მოედანი გაკეთდა, ბავშვები ფეხბურთს აღარ თამაშობენ, მე ქუჩაში მოთამაშე ბავშვებს ვერ ვხედავ. თუმცა მათი მესმის, ცხოვრების წესი ძალიან შეიცვალა, ადამიანი მუდმივად ჩქარობს, სურს დაეუფლოს მეტს და მიიღოს მეტი ინფორმაცია, ცხოვრების ტემპი აჩქარდა, ქუჩაში სათამაშოდ კი ბავშვს დრო აღარ რჩება. ეს ფაქტორი პროფესიულ ფეხბურთზე უარყოფით გავლენა ახდენს.

ვფიქრობ მწვრთნელებმა სწავლების მეთოდებს უნდა გადავხედოთ, რომ სწორი მიმართულება მივცეთ ბავშვების განვითარებას და დაკარგული ქუჩის ფეხბურთის კომპენსირება საფეხბურთო სკოლებში მოვახერხოთ.

- ხალხის დიდ ნაწილი ფიქრობს, რომ ფეხბურთელებს აკლიათ განათლება. ბავშვობაში, როდესაც ფეხბურთელობაზე ფიქრობდით, გსურდათ ამ სტერეოტიპის დარღვევა?

- ბავშვობაში ამ საკითხზე ალბათ არ ფიქრობ... მშობლებს პირველ ყოვლისა სურთ შვილებს განათლება მისცენ. მეც ანალოგიურ სიტუაციაში ვიყავი, ჩემს მშობლებს სურდათ მიმეღო განათლება, ამავდროულად კი ხელს მიწყობდნენ სწავლის პარალელურად ფეხბურთი მეთამაშა.

- როგორ ფიქრობთ რა ეტაპზეა დღეს ქართული ფეხბურთი. ვითარდება, ერთ ადგილზეა თუ უკუსვლას განიცდის?

- ქართული ფეხბურთი დაღმასვლას განიცდის, რაც აბსოლუტურად ყველაფერში გამოიხატება: ბავშვთა ფეხბურთის სავალალო მდგომარეობა, ეროვნული ჩემპიონატის დაბალი დონე, პრობლემები ინფრასტრუქტურის კუთხით, გაუმართავი მენეჯმენტი, განვიცდით პროფესიონალების დეფიციტს. მოკლედ, ქართული ფეხბურთის ყველა შემადგენელი ნაწილი არასათანადო დონეზეა. აქედან გამომდინარე ბიზნესისთვის საინტერესო გარემო არ არსებობს,Fფინანსების გარეშე კი ფეხბურთი ვერ განვითარდება.

- ბიზნესის დასაინტერესებლად რა უნდა გაკეთდეს?

ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი. ამის სურვილი უნდა გააჩნდეს სახელმწიფოს, ამის სურვილი უნდა გააჩნდეს ფეხბურთის ფედერაციას. ალბათ პირველ ყოვლისა საკანონმდებლო ბაზა უნდა შეიცვალოს. საჭიროა ისეთი კანონების მიღება, რომელიც ფინანსურ დაინტერესებას გამოიწვევს და კერძო ბიზნესმენს ფეხბურთის დაფინანსების სურვილს გაუჩენს. სხვაგვარად ფეხბურთი ვერ განვითარდება. ამ ვითარებაში სახელმწიფოს როლი ძალიან დიდია.

შემდეგ უნდა ვიფიქროთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჩვენ არ გვაქვს კარგი მინდვრები, სავარჯიშო იქნება ეს თუ სათამაშო სტადიონები. მრავალი საკითხია გასაცნობი.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ ამის სურვილი არ არსებობს.

- გამიჭირდება რაიმეს თქმა, ეს უკვე ჩემს კომპეტენციას სცილდება.

- თქვენი აზრით, აუცილებელია თუ არა რომ ფეხბურთელს ჰქონდეს ინტელექტი?

- რა თქმა უნდა. არამარტო ფეხბურთელს, არამედ ნებისმიერ პროფესიაში მოღვაწე პირს სჭირდება ინტელექტი, თუმცა არის სხვაობა საფეხბურთო ინტელექტსა და ცხოვრებისეულ ინტელექტს შორის.

- ცხოვრებისეული ინტელექტი აუცილებელია?

- ინტელექტუალური განვითარება ფეხბურთელის კარიერულ წინსვლას ხელს უწყობს. ამ დროს მოთამაშე დაბრკოლებებზე ადეკვატურად რეაგირებს, ასევე გააზრებული აქვს სპორტული ცხოვრების წესი.

- როგორ ფიქრობთ დღეს საქართველოში არსებობს იმის პირობა, რომ ფეხბურთელმა ვარჯიშთან ერთად პროფესიული განათლებაც მიიღოს?

- ძალიან რთულია. დიდი დატვირთვების გამო ფეხბურთელისთვის ურთულესია დამატებითი პროფესიის შესწავლა. მიუხედავად ამისა, ჩემი მოწოდებაა თითოეულ ფეხბურთელში არსებობდეს დამატებითი პროფესიის დაუფლების სურვილი. არსებობს მრავალი გზა, სურვილის შემთხვევაში კი შესაძლებელია ამის გაკეთება.

- ნორმალურად მიგაჩნიათ, როცა 10-12 წლის ბავშვი არჩევანს აკეთებს ფეხბურთსა და სწავლას შორის?

- მიუღებელია. ბავშვს უნდა ჰქონდეს სწავლისა და ვარჯიშის საშუალება, ერთი მეორის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ფეხბურთის არჩევანი სწავლაზე უარის თქმას არ ნიშნავს. ეს არ ეხება მხოლოდ ფეხბურთელს, ეს ეხება ნებისმიერი სხვა სახეობის სპორტსმენს ან თუნდაც მუსიკოსს, ხელოვანს და ა.შ და ა.შ.

- საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა?

- დიახ, საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა.

- რა უფრო დიდი პრობლემაა ქართულ ფეხბურთში, არსებული ფულის არასწორად ხარჯვა თუ ფულის სიმცირე?

- ორივე. ჩემი შეხედულებით, შესაძლებელია არსებული თანხების უფრო მეტად მიზანმიმართული ხარჯვა, რაც უკეთეს შედეგს მოიტანს.

- როგორ ფიქრობთ თუ სახელმწიფო ეკონომიკურად არ განვითარდა, ფეხბურთის განვითარება შესაძლებელია?

- გამორიცხულია. ფეხბურთი სახელმწიფოს განვითარების გარეშე ვერ განვითარდება.

- როდესაც “ზესტაფონმა” “შტურმის” ბარიერი ვერ დაძლია, რა იყო ამის მიზეზი? ამ კითხვაზე გაქვთ პასუხი?

- ამ კითხვაზე მაქვს პასუხი. ვფიქრობ, იმ მომენტში რაღაცეები დავაკელი. მნიშვნელოვანია თვითკრიტიკა და არა მიზეზების ძებნა სხვა ადამიანებსა თუ გარემოებებში.

- ქართული მედია ქართული ფეხბურთის პრობლემებზე სწორად ამახვილებს ყურადღებას?

- მედიის მხრიდან ვხედავ მცდელობას, თუმცა თუ მედიას აქვს გია გეგუჩაძის გაკრიტიკების უფლება და მე ამ უფლებას ვაღიარებ, ამ შემთხვევაში მეც მაქვს მედიის შეცდომებზე საუბრის უფლება.

ვფიქრობ ჟურნალისტები პრობლემატურ საკითხებს მეტად უნდა ჩაუღრმავდნენ და მეტად გამოიტანონ სააშკარაოზე, რადგან მედია არანაკლებ პაუსიხისმგებელია იმ მოვლენებზე, რაც ხდება თუნდაც ქვეყანაში და კონკრეტულად ფეხბურთში.

- როგორ ფიქრობთ ფეხბურთში არის ხელოვნება?

- რა თქმა უნდა. ჩემი აზრით, თვითონ ფეხბურთია ხელოვნება.

- საფეხბურთო ლიტერატურიდან რომელი ერთი წიგნის წაკითხვას ურჩევდით დამწყებ მწვრთნელებს?

- ალბათ რინუს მიხელსის თეამბუილდინგ (გუნდის შენება). მასში მაქსიმალურად მოცულია ყველა საფეხბურთო ასპექტი. ეს არის ძალიან საინტერესო წიგნი.

- თქვენს პროფესიაში რომელ კითხვაზე არ გაქვთ პასუხი?

- მწვრთნელის აზრით ყველაფერი ზუსტად გაკეთდა, თუმცა გუნდმა შესაბამისი შედეგი ვერ აჩვენა. რატომ? ხანდახან ამ კითხვაზე პასუხს ვერ პოულობ, რაც სამწვრთნელო კარიერაში ჩვეულებრივი მოვლენაა.

- თქვენი პროფესიიდან გამომდინარე ქართველი ფეხბურთელების მენტალურ პრობლემებზე ღიად საუბარი სწორად მიგაჩნიათ?

- დიახ, სწორად მიმაჩნია და ვფიქრობ ამ კუთხით ბევრი პრობლემაა. ძალიან გვაკლია პროფესიონალიზმი. ნიჭიერი ფეხბურთელები პროფესიონალებად ჩამოყალიბებას ვერ ახერხებენ, ამიტომაც ვერ მკვიდრდებიან ევროპულ კლუბებში. წარსულში უფრო მეტად ახერხებდნენ დამკვიდრებას, თუმცა დრო გავიდა და მათი რაოდენობა შემცირდა, ბევრ კლუბს ქართველ ფეხბურთელებთან მუშაობის სურვილი გაუქრა. პრობლემები სწორად უნდა მივიღოთ, სწორად აღვიქვათ და შევეცადოთ გამოსწორებას, რაც ჩვენზე მხოლოდ დადებითად იმოქმედებს.

- ფეხბურთელთა ნაწილი მარხვას იცავს. ეს სწორად მიგაჩნიათ?

მტკივნეული თემაა. საჭიროა სწორი მიდგომა. მოძღვარს კარგად უნდა ესმოდეს თუ რამდენად დიდ დატვირთვებთანაა დაკავშირებული მოთამაშის ცხოვრება. საკვების გარეშე ძალების აღდგენა შეუძლებელია. ფეხბურთელმა საკვები აუცილებლად უნდა მიიღოს.

მწვრთნელის მხრიდან გარკვეული შეღავათები შესაძლებელია. მაგალითად, ხანგრძლივი მარხვის დროს მოთამაშემ იმარხულოს მხოლოდ ოთხშაბათსა და პარასკევს.

- რა არ უნდა გააკეთოს ფეხბურთელმა არასდროს?

- არის ბევრი რამ, რაც არამარტო ფეხბურთელმა, არამედ ნებისმიერმა ადამიანმა არ უნდა გააკეთოს. ფეხბურთელი არის სპორტსმენი. ფეხბურთელი სპორტული ცხოვრების წესით უნდა ცხოვრობდეს, იმისათვის, რომ გაიხანგრძლივოს ფეხბურთში ადგილი. ბუნებრივია ბევრი აკრძალვაა, რაც ამ მცნებაში არ ჯდება და რაც ფეხბურთელს ხელს უშლის პროფესიულ ზრდაში.

- ნოდარ ახალკაცის შემდეგ ქართულ ფეხბურთში რომელმა მწვრთნელმა დატოვა ყველაზე დიდი კვალი?

- ვფიქრობ საკმაოდ ძლიერი სამწვრთნელო სკოლა გვაქვს. გამოყოფა არ მსურს. ისინი ხომ ჩემი კოლეგები არიან, ზოგი უფროსი, ზოგიც კი უმცროსი, მათ კიდევ აქვთ თავის გამოჩენის დრო. ვხედავ, რომ საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდა მწვრთნელები მოდიან, შესაძლოა ეს ქართული ფეხბურთისთვის არ იყოს საკმარისი, მაგრამ მახარებს, რომ ეს ტენდენცია არსებობს.

როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი უფროსი თაობის მწვრთნელებს გარედან ვაკვირდებოდი და ვიცნობდი ისე, როგორც მწვრთნელს. ალბათ ჩემზე უფროსი თაობის მწვრთნელებს უკმაყოფილების გრძნობაც დარჩენიათ, რადგან თავისი რესურსი ბოლომდე ვერ გამოიყენეს. მეც ყოველთვის ამაზე ვფიქრობ, მაქსიმალურად უნდა შევეცადო განვვითარდე და წინ წავიდე. სხვებსაც ამას ვურჩევ.

რომელი ფეხბურთელის ან მწვრთნელის ძეგლს დადგამდით თბილისში?

- დავით ყიფიანის.

- თქვენი აზრით რა პრობლემების წინაშე დგას თანამედროვე ფეხბურთი?

- ჩვენ თავში ვთქვით, რომ ფეხბურთი ხელოვნებაა, თუმცა მისი განვითარებიდან გამომდინარე ფეხბურთი დღეს ბიზნესია და ხვალ კიდევ უფრო დიდი ბინზესი გახდება. ამდენად ბიზნესმა შესაძლოა ჩაწიოს სანახაობრივი მხარე, მეტად პრაგმატული გახადოს ფეხბურთი, უფრო შედეგზე ორიენტირებული. ნაკლები დრო ექნება მწვრთნელს გუნდის შენებისთვის, შესაბამისად, უფრო მცირე დროში მოთხოვენ მწვრთნელს შედეგს. მოკლედ მრავალ, მრავალ სირთულესთან არის დაკავშირებული. სიმართლე გითხრათ მე ფეხბურთის ეს მხარე არ მომწონს, თუმცა ისიც არის, რომ შესაძლოა მოხიბლული არ ვიყოთ, მაგრამ რადგან ამ პროფესიაში ვართ, ვალდებულები ვართ არ ჩამოვრჩეთ დროს და ავყვეთ ამაში.

- როგორ ფიქრობთ საფეხბურთო მართველს უნდა ჰქონდეს საფეხბურთო ცოდნა თუ მხოლოდ მენეჯერული განათლებაა საკმარისი?

- ერთი მხრივ იდეალურია, როცა მართველს განათლება ორივე კუთხით აქვს მიღებული, მეორე მხრივ კი შესაძლოა არ იყო პროფესიონალი, მაგრამ იმდენად ნიჭიერი, განათლებული და ინტელექტუალური იყო, რომ ხვდები რა მიმართულებითაა საჭირო კლუბის პროგრესი.

- ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ გვარდიოლამ ფეხბურთელებს მოტივაციის ამაღლების მიზნით ფილმი “გლადიატორი” აყურებინა. ფეხბურთელებზე ზემოქმედებას როგორ განსაზღვრავს მწვრთნელი?

- ფეხბურთელზე ზემოქმედება შესაძლოა ფილმის ჩვენებით იყოს გამოწვეული, შესაძლოა უბრალოდ საუბრით მოხდეს, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია, მან უნდა განსაზღვროს, რადგან მწვრთნელი ხედავს რა ვითარებაა გუნდში და რომელი მეთოდია საჭირო კონკრეტულ მომენტში. შესაძლოა დაძაბულობის დროს კომედიურ ფილმს აყურებინო.

არ მინდა ფეხბურთი შაბლონად იქცეს. შეუძლებელია ყოველთვის ერთი და იგივე მეთოდს მიმართო. მაგალითად, თუ მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს ამა თუ იმ ფილმს ვუყუროთ. მთავარი ფეხბურთელზე ზემოქმედებაა, რომ მოიმართოს და სწორი მიმართულებით განეწყოს თამაშისთვის.

თინეიჯერობის ასაკში რა ჟანრის მუსიკას უსმენდით?

თინეიჯერობის ასაკში ვუსმენდი კლასიკას, ასევე The Beatles-სა და Pink Floyd-ს. მაშინ ეს ჩვენი გატაცება იყო, ამ მუსიკის მოტრფიალენი ვიყავით.

თქვენი საყვარელი ფილმი?

ერთის გამოყოფა არ მსურს. განწყობის მიხედვით ვარჩევ. შესაძლოა მრავალჯერ ნანახი კიდევ ერთხელ ვნახო, ასევეა წიგნის შემთხვევაში. სამწუხაროდ მხატვრული ლიტარატურის კითხვის დრო არ მრჩება, უფრო მეტად პროფესიულ ლიტერატურას ვკითხულობ.

0.211782