ფეხბურთი

16:20 | 7.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

კაცი, რომელიც ყველას უყვარს...

სპორტის იმ სახეობაში, რომელსაც ფეხბურთი ჰქვია და რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მეტი აუდიტორია ჰყავს, მთავარი ნიუანსი გოლია. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფორვარდებს გოლის გატანაში ხელს უშლიან, საკუთარი კარის დაცვას უზრუნველყოფენ. საფეხბურთო მატიანეს ბევრი მაღალი დონის მეკარე ახსოვს, რაც ბუნებრივია, მაგრამ დღეს ჩვენ იტალიელ "მონსტრზე", ჯანლუიჯი ბუფონზე ვისაუბრებთ.

ბუფონი უკვე 37 წლისაა და ალბათ, მისი თამაშის, მისი გასაოცარი სეივების საყურებლად გულშემატკივარს უფრო და უფრო ცოტა დაგვრჩა. მიუხედავად ასაკისა ჯიჯიზე ალბათ, ვერავინ იტყვის და არავის დასცდება ერთი სიტყვა, რომ თავის საქმეს მაღალ დონეზე ვერ აკეთებს, შეიძლება ითქვას – პირიქით.

ბუფონის მდიდარ კარიერას არაერთი ჯილდო აქვს დატეული, როგორც პირადი, ისე გუნდური – ერთი გამოკლებით. ბუფონის კოლექციას ჩემპიონთა ლიგის თასი აკლია. არადა, ეს, ის ჯილდოა, რომელიც საკლუბო ფეხბურთში ყველაზე ფასეულია და რომელიც თვითონ მეკარის თქმით, მისთვის ყველაზე სასურველია.

ჩემპიონთა თასის აღმართვასთან იგი ყველაზე ახლოს ორჯერ იყო – პირველად შორეულ 2003 წელს, ხოლო მეორედ გუშინ. ბერლინში მისი “იუვენტუსი” 12 წლის წინანდელივით მხოლოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდა და ბუფონის ოცნებაც მომავალისთვის კიდევ ერთხელ გადაიდო.

უცნაურია, ეს მეტად ფასეული და პრესტიჟული ჯილდო ბევრ ისეთ ფეხბურთელს მოუგია (თანაც არაერთხელ), რომელთა სახელის გახსენება ბევრისთვის საერთოდ რთულია ან უკეთეს შემთხვევაში ბევრს უბრალოდ ღიმილს მოჰგვრის... და მაინც, გუნდური ტიტულებით ცალკეული ფეხბურთელების როლი სპორტის ამ მშვენიერ სახეობაში არ განისაზღვრება. ასე რომ იყოს, ბრაზილიელი ჯადოქარი რონალდო არ იქნებოდა აღიარებული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად, დიეგო მარადონა კი ფეხბურთის უგვირგვინო მეფეც ვერ იქნებოდა. საბედნიეროდ, ასე არაა – ფეხბურთელები მხოლოდ სხვადასხვა ტიტულებისა და მედლების სიმრავლით არ ფასდებიან, მათ სხვა ფასეულობებით აფასებენ.

ჯანლუიჯი ბუფონს აქამდე არაერთხელ უთქვამს, რომ კარიერის დასრულებას 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდგომ აპირებს. აღნიშნული ლეგენდარულმა კიპერმა “ბარსელონასთან” წაგებული ფინალის შემდგომაც დაადასტურა. გამოდის, რომ ფეხბურთის მოყვარულთ 3 ლამაზი წელიწადი ისევ დარჩათ იმისათვის, რომ ისევ აღფრთოვანდნენ ადამიანის არადამიანური შესაძლებლობებით...

არ მეგულება ფეხბურთის ჭეშმარიტი მყვარებელი, მნიშვნელობა არ აქვს სქესს, ასაკს, იმას თუ რომელი გუნდის წარმომადგენელია. ვფიქრობ, რომ ჯანლუიჯი ბუფონი იმ იშვიათ ფეხბურთელთაგანია, რომელსაც ყველა აღიარებს, ვისაც ყველა პატივს სცემს, ბევრს საერთოდ უყვარს. ისეთებიც მრავლად იქნებიან, ფეხბურთის ყურება რომ მის გამო დაიწყეს. მოკლედ, ჯიჯის შეიძლება არ ჰქონდეს ჩემპიონთა ლიგის თასი, მაგრამ მას უმთავრესი აქვს – ხალხის სიყვარული!

ბუფონმა ეპოქა შექმნა, ბუფონმა დაამკვიდრა მცნება თუ როგორი უნდა იყოს მეკარე, მეკარე, რომლისთვისაც მოედანზე დაუძლეველი ბარიერი არ არსებობს. წარმოუდგენელია ადამიანმა შეეძლოს იმის გაკეთება, რაც ამ გენიალურ ადამიანს მწვანე მინდორზე არაერთხელ გაუკეთებია. ერთხელ ლიონელ მესიზე მეტად თავმდაბალმა ბუფონმა განაცხადა, რომ მას იმისთვის შეეხო, რომ დარწმუნებულიყო, არგენტინელი სხვებივით ჩვეულებრივი ადამიანი იყო – მე ასე ვიტყოდი: ბუფონი თავად არაა ჩვეულებრივი ადამიანი. უფრო მეტად, უცხოპლანეტელს მაგონებს, რომელიც ადამიანის სხეულშია შენიღბული.

ბუფონი მარტო დიადი მეკარე არაა. მას ადამიანობისთვის აუცილებელი თვისებებიც გააჩნია. 2006 წელს, როცა ბუფონმა გერმანიის მწვანე მოედნებზე საუკეთესოდ ითამაშა და მსოფლიოს საუკეთესო მეკარის სახელი დამსხურებულად დაიგდო, მისი “იუვენტუსი” სერია B-ში დააქვეითეს. ბუნებრივია, იტალიელს არაერთი, ერთმანეთზე უკეთესი შემოთავაზებების რიგი დაუდგა, თუმცა როგორ მოიქცა თავად? – გასაჭირში ჩავარდნილი კლუბი არ მიატოვა და “ბებერი ქალბატონის” ევროპულ მარაქაშში დაბრუნებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. არადა, მაშინ, რომ გუნდიდან წასულიყო, ეჭვგარეშეა, ახლა ჩემპიონთა ლიგის თასი მოგებული ექნებოდა, თუმცა არ ექნებოდა ხალხის იმოდენა სიყვარული, რაც ამჯერად გააჩნია. ეს უკანასკნელი კი მე ვფიქრობ ნებისმიერ ჯილდოზე ღირებულია...

ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირის გენიალური საფეხბურთო კარიერა მთელი 20 წლის წინ დაიწყო. 1995 წლის 19 ნოემბერს დაწყებული ისტორია დღემდე ისე შთამბეჭდავად გრძელდება, როგორც დაიწყო, ყოველგვარი ჩავარდნების გარეშე. ასეთი რამ კი ერთობ იშვიათი ფაქტია, ბუფონი კი ერთნაირად მაღალ დონეს, თამაშიდან თამაშამდე ახალ მოტივაციას ჩვეულებრივად ინარჩუნებს, თითქოს, კარიერას ახლა იწყებდეს.

ტურინის “იუვენტუსს” ფეხბურთელებში კოლოსალური, დღევნადელობისთვის დამახასიათები თანხების გადახდა არ სჩვევია, თუმცა 2001 წლის ზაფხულში, როცა ჯერ კიდევ 23 წლის ბუფონი “პარმადან” გადმოიბირეს მათ ჯიბეზე ხელი მსუყედ გაისვეს. არც მანამდე და არც მას შემდგომ ამ უდიდეს გუნდს ფეხბურთელის სანაცვლოდ ასეთი დიდი თანხა არ გაუღია, მაგრამ საჭირო რომ ყოფილიყო, ბუფონის სანაცვლოდ მეტის გადახდაც მართებული იქნებოდა.

არ ვიცი, დრომ რომ გაივლის, შესაძლოა, ბუფონზე გაცილებით მაღალი დონის მეკარეც იხილოს საფეხბურთო საზოგადოებამ, სხვა თუ არაფერი, მჯობნზე მჯობნი არ დაილევაო, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ ახალი ჯანლუიჯი ბუფონი არ განმეორდება, ბუფონი სამუდამოდ დარჩება უბრალოდ, ბუფონად... ადამიანად, რომელმაც თავისი საოცარი რეაქციითა და გრძელი ხელებით საფეხბურთო ისტორია დაწერა და მთელ მსოფლიოს უსახსოვრა.

ჩვენ კი წინ კიდევ 3 წელი დაგვრჩა იმისათვის, რომ ვიხილოთ მისი საოცრებანი, ვისაუბროთ თამაშიდან თამაშამდე მის სიდიადეზე. ვთქვათ, რომ ჯანლუიჯი ბუფონი მსოფლიოში თავის პოზიციაზე საუკეთესოა. ვგონებ, იმას, მოიგებს თუ არა ჩემპიონთა ლიგას ეს ადამიანი დიდი მნიშვნელობა მაინც არ უნდა მიენიჭოს, მას მთავარი უკვე მოგებული აქვს – ჯანლუიჯი ბუფონი საზოგადოებას უყვარს!..

0.170621