რაგბი

11:54 | 6.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხუთი ცვლილება რევანშისათვის

დღეს საღამოს “მზარდი საქართველო” რუსთავის სარაგბო სტადიონზე უელსურ “ქროშეზ XV”-ს მეორედ შეხვდება და 3 ივნისს განცდილი მარცხისათვის (17:24) რევანშის აღებას ეცდება.

წინა შეხვედრისგან განსხვავებით, ეს თამაში ერთი საათით ადრე, 18 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება კვლავ თავისუფალი იქნება. პირველი თამაში იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ სამმა ქართველმა მორაგბემ სხვადასხვა სახის ტრავმები მიიღეს და მწვრთნელებს ახალი მორაგბეების გამოძახება დაჭირდათ, თუმცა, სასტარტო შემადგენლობაში სხვა ცვლილებებიც მოხდა. 15-ეულში სულ ხუთი ცვლილებაადა აქედან ოთხი უკანა ხაზში.

ფულბეკად ლევან გოგოლაშვილის ნაცვლად თამაშს ირაკლი სვანიძე იწყებს, რომელიც სამი დღის წინ შეცვლაზე შევიდა და ლამაზი ინდივიდუალური ლელოც გაიტანა; გარემარბად საქართველოს 7-კაცა ნაკრებთან ერთად მოსკოვის გრან პრიზე წასული ირაკლი გეგენავას ნაცვლად 20-წლამდელთა ნაკრების მორაგბე ანზორ სიჭინავა დადგება, რომელიც წინა შეხვედრაში განაცხადში არ იყო; როგორც ჩანს, მწვრთნელები უკმაყოფილო დარჩნენ ღერძით და მგეზავად მამუკა ნინიძის ნაცვლად ოთარ ბარკალაია დააყენეს, რომელსაც “მზარდ საქართველოში” ამ თამაშისთვის უხმეს, ხოლო 9-ზე ვაჟა ხუციშვილის ადგილს ამჯერად სანდრო მინდიაშვილი დაიკავებს.

შერკინების მესამე ხაზში ერთი ცვლილებაა და გივი ბერიშვცილის ნაცვლად მიხეილ გაჩეჩილაძე ითამაშებს. ბერიშვილი პირველ თამაშში გუნდის კაპიტანი იყო, მაგრამ კოჭი მოიტეხა და 5 თვე ვერ ითამაშებს. “მზარდი საქართველოს” ახალი კაპიტანი კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე იქნება, რომელიც მძიმე ტრავმის 1,5-წლიანი უქმობის შემდეგ მოედანს სწორედ სამი დღის წინ დაუბრუნდა.

რუსთავის სარაგბო სტადიონი. 18:00 საათი

მზარდი საქართველო - ქროშეიზ XV (უელსი)

მზარდი საქართველო: 15. ირაკლი სვანიძე (“ჯიქები”, გორი), 14. ანზორ სიჭინავა (“აკადემია”, თბილისი), 13. გიორგი ფრუიძე (“აია”, ქუთაისი), 12. გიორგი ტალახაძე (“ლელო-სარასენსი”, თბილისი), 11. იოსებ კიკვაძე (“აია”, ქუთაისი), 10. ოთარ ბარკალაია (“ლელო-სარასენსი”, თბილისი), 9. სანდრო მინდიაშვილი (“ლელო-სარასენსი”, თბილისი); 1. არჩილ ბეჟიაშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), 2. ჯაბა ბრეგვაძე (“ყოჩები”, ბოლნისი, კაპ.), 3. ნიკოლოზ ხატიაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი), 4. ნოდარ ჭეიშვილი (“ლასენი”, საფრანგეთი), 5. სანდრო ქოიავა (“ლელო-სარასენსი”, თბილისი), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (“კარკერანი”, საფრანგეთი), 7. დაჩი კოპაძე (“ლელო-სარასენსი”, თბილისი), 8. ვახტანგ ამირანაშვილი (“არმაზი”, თბილისი).

სათადარიგოები: 16. გიორგი თედორაძე (“თიბიეს უნივერსიტეტი”, თბილისი), 17. ზურაბ ჯულაყიძე (“ლელო-სარასენსი”, თბილისი), 18. ირაკლი მირცხულავა (“ტარბი”, საფრანგეთი), 19. ლაშა აზალაძე (“ბათუმი”, ბათუმი), 23. გიორგი მჭედლიშვილი (“ჯიქები”, გორი), 24. დავით პაპავაძე (“ჯიქები”, გორი), 26. გიორგი ჭყოიძე (“ლელო-სარასენსი”, თბილისი); 20. ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი), 21. მამუკა ნინიძე (“ჯიქები”, გორი), 22. ლევან გოგოლაშვილი (“ყოჩები”, ბოლნისი), 25. ბადრი ლიპარტელიანი (“არმაზი”, თბილისი).

მთავარი მწვრთნელი: ლევან მაისაშვილი

0.164256