ფეხბურთი

17:14 | 5.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

სოლომონ კვირკველია: “უბრალოდ, ჩემს საქმეს ვაკეთებ”

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების და ყაზანის “რუბინის” ცენტრალურმა მცველმა სოლომონ კვირკველიამ, თავისი კლუბის ვებგვერდთან რუსეთის პრემიერლიგაში განვლილი სეზონი შეაფასა. კვირკველია, რომელმაც ყაზანელთა რიგებში 29-ჯერ შეუცვლელად ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა, საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს, მაგრამ ტრავმის გამო ავსტრიაში შეკრებაზე ვერ ჩავიდა.

-10-ქულიანი სისტემით, განვლილ სეზონს თქვენი გუნდისთვის როგორ შეაფასებდით?

-10 ქულას ვერ დავუწერ, მაგრამ 9 პლუსით შეიძლება. ვინ იფიქრებდა, რომ ხუთეულში ვიქნებოდით? განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სეზონი არცთუ წარმატებით დავიწყეთ. შემდეგ ავთამაშდით. საწყენია, რომ ზოგჯერ მატჩების მიწურულს მნიშვნელოვან ქულებს ვკარგავდით. მსოფლიო ჩემპიონატებზეც წამყვანი ნაკრებებიც საწყენ გოლებს უშვებენ და ტურნირს ეთიშებიან.

- სასიამოვნოდ რომელმა მოთამაშემ ან გუნდმა გაგაოცათ?

- იგორ პორტნიაგინმა გამაოცა. 11 გოლი გაიტანა და პრემიერლიგაში მოთამაშე რუს ფეხბურთელებში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

- სეზონის საუკეთესო გოლად რომელი მიგაჩნიათ?

- სპარტაკ გოგნიევის მიერ ბოლო ტურში “ტერეკის” კარში გატანილი გოლი. სუპერშესრულება იყო.

- განვლილი სეზონის მატჩი, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ?

- რა თქმა უნდა, ცსკა-სთან ჩატარებული საშინაო მატჩი, რომელიც სავსე “ყაზან არენაზე” 2:1 მოვიგეთ. ვფიქრობ, მსგავსი რამ დაუვიწყარია.

- თამაში, რომლის დავიწყება რაც შეიძლება მალე გსურდათ?

- “ტორპედოსთან” მატჩში გამარჯვების ხელიდან გაშვება ძალიან საწყენი იყო. 2:0 ვიგებდით და მატჩის მიწურულს ორი გოლი გავუშვით. ეს ფრე წაგების ტოლფასი იყო. ამიტომ, შევეცადე მალე დამევიწყებინა და მხოლოდ კარგზე მეფიქრა.

- ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ვის მიიჩნევთ?

- რომან ერიომენკომ ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა.

- თქვენ თამაშს როგორ შეაფასებთ? ბევრმა გამოცემამ განვლილი სეზონის რუსეთის პრემიერლიგის სიმბოლურ ნაკრებში დაგასახელათ...

- ამას თვალს მამაჩემი ადევნებს. ის ყოველთვის საქმის კურსშია სად რა იწერება. მე ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო და უბრალოდ, ჩემს საქმეს ვაკეთებ.

- მომავალ სეზონში რა მიზანს ისახავთ?

- მიზანი მხოლოდ მაქსიმალურია. მაგალითად, მიზნად მეოთხე ადგილს თუ დავისახავთ, შედეგი უარესი იქნება. ამიტომ, მხოლოდ მაღალი ადგილის დაკავება გვსურს.

0.117465