პაოლო მალდინიმ დიდებული საფეხბურთო კარიერა 2009 წელს დაასრულა და მას შემდეგ თითქოს ჩრდილში მოექცა. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას ჩემპიონთა ლიგის თასი ხუთჯერ აღუმართავს, ხოლო სამჯერ კი ფინალში დამარცხებულა.
ავტორიტეტული გამოცემა "გაძეტა დელო სპორტი" "მილანისა" და იტალიის ნაკრების ყოფილ კაპიტანს სწორედ ჩემპიონთა ლიგის შესახებ ესაუბრა. მალდინიმ დასძინა, რომ ხვალინდელ მატჩში "იუვენტუსის" ქომაგი იქნება, რადგან ამ გუნდში მისი ბევრი მეგობარი ასპარეზობს.
- პაოლო, ფინალის წინა ღამეს იძინებდით?
- დასაძინებლად ყოველთვის გვიან მივდიოდი. საბედნიეროდ, ყოველთვის მყავდა ისეთი მწვრთნელები, რომლებიც ამას მშვიდად ხვდებოდნენ. მხოლოდ ფაბიო კაპელო იყო გამონაკლისი. როცა ფინალმდე ცოტა მეძინა, ყოველთვის უკეთ ვთამაშობდი.
- სასტუმროში პირველი ფიქრებიც თამაშს უკავშირდებოდა?
- როდესაც სასტუროში თვალს გავახელდი, ვკითხულობდი: "სად ვართ"? - უკვე ფინალია, ამ მომენტიდან ფიქრი მასზე იწყებოდა.
- სადებიუტო ფინალის ემოცია უფრო ძლიერი იყო, ვიდრე მეექვსეს, მეშვიდეს, მერვეს?
- დიახ, ყველაზე ძლიერი. ფინალში პირველად 20 წლისამ ვითამაშე, ბოლოს – 38 წლისამ.
- ავტობუსში ასვლისას, უკვე თამაშის ატმოსფერო იყო?
- ეს განსაკუთრებული მომენტი გახლდათ, შესანიშნავი. ხედავ როგორ გხვდებიან ტიფოზები გზაზე. არასდროს დამავიწყდება 1989 წელს ბარსელონაში შექმნილი ატომოსფერო. იმ თამაშის წაგების უფლება უბრალოდ არ გვქონდა.
- როდესაც შედიოდით მოედანზე, ფიქრობდით, რომ მთელი მსოფლიო გიყურებდათ?
- ამაზე ბავშვობიდან ვფიქრობდი, როცა გაზეთს ვკითხულობდი.
- 8 ფინალი, 5 გამარჯვება, ბოლო ათენში 2007 წელს. პირველი ეპიზოდი ამ ფინალიდან...
- მე ვიტყოდი დაჯილდოვება. თასის აწევა უფრო მეტად მას შემდეგ დავაფასე, რაც 2005 წელს ფინალი წავაგეთ. თანაც, იმავე გუნდის წინააღმდეგ მოგებული თამაშის მერე.
- ეს ინძაგის საღამო იყო. თქვენ, ელოდით ფორვარდის ასეთ თამაშს?
- პიპო ყოველთვის გამორჩეული იყო. ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე მოტივირებული გახლდათ ვინც კი მინახავს. ჩემთვის მისი დუბლი სიურპრიზი არ ყოფილა.
- როდის იყო მომენტი, როცა გამარჯვების დაკარგვის შეგეშინდათ?
- როდესაც "ლივერპულმა" 90-ე წუთზე გაგვიტანა, თუმცა მათ მეორე ვეღარ გაიტანეს.
- რომელი მომენტია ყველაზე ლამაზი ზეიმის დროს?
- როდესაც თანაგუნდლები თამაშის შემდეგ გამარჯვებას გილოცავენ. მერე, როცა ტრიბუნებთან მიდიხარ, სადაც შენი ოჯახის წევრებია. ჩემი მეუღლე და შვილები ყოველთვის ესწრებოდნენ ფინალებს.
- ფავორიტის და აუტსაიდერის რანგში თამაში რამეს ცვლის?
- ჩემთვის არა. 1994 წელს ამბობდნენ, რომ "ბარსელონა" ადვილად მოგვიგებდა, კრუიფის სიტყვებიც კარიკატურული იყო...
- "იუვენტუსი" - "ბარსელონა" - რას ფიქრობთ?
- ლიონელ მესი მთავარი ფიგურაა. ჩემი აზრით, იგი უკვე გაუტოლდა დიეგო მარადონას, მაგრამ "იუვენტუსი" ევროპაში დაცვის ხაზით საუკეთესოა, როგორც გუნდი.
- "ბარსელონას" შემტევ სამეულთან დაპირისპირებას ირჩევდით თუ არა?
- ყოველთვის ჯობს, რომ ეთამაშო უძლიერესს. თუ დაამარცხებ ეპოქალური გახდები.
- "იუვეს" გულშემატკივრობთ?
- რა თქმა უნდა. ამ გუნდში ჩემი მეგობრები თამაშობენ. მათ მთელი ცხოვრებაა ვიცნობ და ბევრი ლამაზი მომენტი გვაკავშირებს. თანაც, ჯიჯი ბუფონმა დაიმსახურა ჩემპიონთა ლიგის მოგება. იგი ბოლო 30 წლეულის საუკეთესო მეკარეა, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ყოველთვის მომღიმარი და მშვიდი. მას ასაკის გამო აკრიტიკებენ, თუმცა ასაკთან ერთად დიდი გამოცდილება აქვს.
- პირლოს რამე სთხოვეთ?
- დიახ. ფინალის ორი ბილეთი.