ფეხბურთი

13:23 | 5.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

კალჩო - სეზონის შეჯამება

იტალიის სერია A-ს 2014-2015 წლების სეზონი ისტორიის კუთვნილება გახდა. ტრადიციულად კალჩოს არც ამჯერზე მოჰკლებია ის ხიბლი, რაც ოდითგან მოსდევდა.

"მსოფლიო სპორტი" გთავაზობთ გასული სეზონის მოკლე შეჯამებას. შევეცდებით, ვისაუბროთ ამ ჩემპიონატში მონაწილე ყველა გუნდის, გამორჩეული ფეხბურთელებისა და საინტერესო დეტალების შესახებ.

უცვლელი ლიდერი, უცვლელი ჩემპიონი

აპენინზე აგერ უკვე ოთხი წელია ჩემპიონი ტურინის "იუვენტუსი" ხდება. სეზონის წინ, "რომას" ხელმძღვანელები, ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი ბევრს იქადნებოდნენ, რომ "ბებერი სინიორას" ჰეგემონიას დაამხობდნენ, თუმცა მათ ამის გაკეთება ვერ მოახერხეს. ტურინულ კლუბს საკუთარი უპირატესობა მეტოქეების მიმართ ეჭვქვეშ არც კი დაუყენებია. მართალია გუნდმა ერთი წლის წინანდელის დარად შთამბეჭდავი ქულების რაოდენობა ვერ დააგროვა, თუმცა მასიმილიანო ალეგრის შეგირდთა თამაშის ყურება დანარჩენ 19 კლუბთან შედარებით ერთი სიამოვნება გახლდათ.

ჩემპიონთა ლიგის ზონა

სეზონის დაწყებამდე "რომა" მხოლოდ სკუდეტოზე ფიქრობდა, თუმცა თებერვლის თვეში მიზანი ოცნებად გადაექცა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ "ჯალოროსის" არათუ სკუდეტო, არამედ მეორე ადგილის დაკარგვის საფრთხეც დაემუქრა. საბოლოოდ, გარსიას გუნდმა ვერცხლის მედლები და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური ბოლოსწინა ტურში მოგებული რომაული დერბით დაიბევა.

მესამე საპრიზო ადგილი "ლაციოს" ერგო. საერთოდ, "ბიანკოჩელესტე" ლიგის საგზურს ალალად იმსახურებდა. ერთი პერიოდი სტეფანო პილის გუნდმა 10-მატჩიანი მოგებების სერია გამოაცხო. მართალია, ბოლო ტურში შესაძლებელი იყო, რომ მესამე ადგილი დაეკარგა, მაგრამ ფინალის ტოლფასი შეხვედრა "არწივებმა" ნაპოლის" მისსავე მოედანზე მოუგეს. აღსანიშნავია, რომ ლაციალეს ერთბაშად ოთხმა ფეხბურთელმა ჩემპიონატში მინიმუმ 10 გოლის გატანა მოახერხა, რაც იტალიაში საუკეთესო შედეგია.

ევროპის ლიგის ზონა

ამ ტურნირზე იტალიას გაისად "ფიორენტინა", "ნაპოლი" და "სამპდორია" წარადგენენ. თუმცა, სეზონის სტარტზე ნეაპოლელთა და ფლორენციელთა ამბიციები გაცილებით მაღალი იყო. ისე მოხდა, რომ ამ გუნდებმა ისეთი ქულები გაანიავეს, რომელიც საბოლოოდ ძვირად დაუჯდათ. შედეგად, რაფა ბენიტესი ნეაპოლიდან უკვე დაითხოვეს. იგივე გზას ვინჩენცო მონტელაც ადგას. სამაგიეროდ, გენუის "სამპდორიასთვის" ევროსარბიელზე გაღწევა ჩინებული შედეგია. სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი კარგა ხანს ჩემპიონთა ლიგის ზონასთანაც ტრიალებდა, მაგრამ სეზონის ბოლოსკენ ლიგურიელებმა ვეღარ გაძლეს. და მაინც, რომ არა უეფა, ახლა არა "საპდორიაზე", არამედ მის მოძულე მტერ "ჯენოაზე" მოგვიწევდა წერა - სწორედ "როსობლუმ" ირგუნა ევროპის ლიგის საგზური სატურნირო ცხრილის მიხედვით, მაგრამ ვინაიდან უეფას ლიცენზია ვერ მიიღო, საგზური "სამპას" დარჩა. მოკლედ იტალია ტრადიციულად თავის სტიქიაშია...

ქვემოთ...

გასავარდნ ზონაში ფაქტობრივად ბრძოლა არ ყოფილა. სამივე გუნდი პირველი წრის შემდგომ გამოიკვეთა. "პარმა" ფინანსური პრობლემების გამო ლამის მთელი სეზონი მოვალეობის მოხდის მიზნით თამაშობდა, "ჩეზენას" უბრალოდ კლასი არ ეყო, აი სარდინიული "კალიარი" კი ელიტას 11 სეზონის შემდგომ გამოეთხოვა, რაც მოულოდნელობა იყო. თუმცა ისიც სათქმელია, რომ კუნძულელებმა სეზონის მსვლელობისას ოთხი მთავარი მწვრთნელი შეიცვალეს.

აღმოჩენა

სეზონის აღმოჩენა უდაოდ "ჯენოაა". ჯამპიერო გასპერინის გუნდმა მეტად ლამაზი და შემტევი ფეხბურთი აჩვენა. ზღვისპირელებმა სეზონი ევროპის ლიგის ზონაში დაასრულეს, თუმცა გაისად მაინც შიდა ასპარეზის ამარა იქნებიან (ამაზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ). განსაკუთრებულად წარმატებული ამ გუნდის შემტევი დუეტი გამოდგა - არგენტინელმა დიეგო პეროტიმ და ესპანელმა იაგო ფალკემ მრავლისმნახველი იტალიელი მცველები ფლანგებზე აიკლეს. "ჯენოას" დარად, გამოსარჩევია "ემპოლის" თამაშიც. მაურიციო სარის ერთობ ახალგაზრდა და სერია ა-სთვის გამოუცდელი შემადგენლობა ჰყავდა. მიუხედავად ამისა, ტოსკანელებმა ლაღად იბურთავეს და ელიტაში ადგილი ისე დაიბევეს, რომ კითხვის ნიშანიც არ დაუტოვებიათ. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის, რომ ამ გუნდის ორი ფეხბურთელი ანტონიო კონტემ ეროვნულ ნაკრებში მიიწვია - დანიელე რუგანი და მირკო ვალდიფიორი.

იმედგაცრუება

შეუძლებელია გასული სეზონის იმედგაცრუებაზე საუბრობდე და არ ახსენო მილანური დუეტი. "მილანიცა" და "ინტერიც" ამ კუთხით ერთნაირად გამოსარჩევია. ფილიპო ინძაგის აწ უკვე ყოფილი გუნდი მხოლოდ პირველი ათეულის ბოლო საფეხურს დასჯერდა. "ინტერნაციონალემ" ოდნავ უკეთ იასპარეზა, მაგრამ რობერტო მანჩინის გუნდისთვის ეს ვერაფერი შვებაა, რადგან ისიც ევროსარბიელს მიღმა დარჩა. ინძაგი დაკავებული პოსტიდან უკვე თავისუფალია, სამაგიეროდ, მანჩინის "აპიანო ჯენტილეზე" ნდობას ისევ უცხადებენ. ერთი რამ კი ფაქტია: ამ გუნდთა კრიზისულ მდგომარეობაში ყოფნა იტალიურ ფეხბურთს უდიდეს დარტყმას აყენებს.

შუაზე გახლეჩილი ბომბრადირთა დავა - ძველი და ახალი

მთელი სეზონის განმავლობაში "კაპოკანონიერეს" ტიტულისთვის ბრძოლაში "იუვენტუსის" ფორვარდი კარლოს ტევესი ლიდერობდა. თითქოს მის გამარჯვებაში ეჭვი აღარავის ეპარებოდა, მაგრამ ტურინელთა ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული ასპარეზობის გამო მასიმილიანო ალეგრიმ ტევესი სეზონის ფინიშზე მრავალგზის დაასვენა. რამაც ის გამოიწვია, რომ საბოლოოდ "აპაჩე" მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა. მის წინ კი ინტერელი მაურო იკარდი და ვერონელი ლუკა ტონი აღმოჩნდნენ. იკარდის ბომბარდირობა განსაკუთრებული მოვლენა არც ყოფილა. არგენტინელი წლიდან წლამდე პროგრესირებს. აი, 38 წლის ტონის მეგოლეობას კი სეზონის წინ ბევრი ვერ წარმოიდგენდა. ტონიმ ერთი წლის წინათ 20 გოლი შეაგდო, ამჯერად კი - 22. ისიც სათქმელია, რომ ლუკამ ბომბარდირთა დავაში უკვე მეორედ იპირველა. ისიც დასამატებელია, რომ იგი სერია A-ს ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული გოლეადორია. მან დარიო უბნერის 2002 წელს დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა.

სეზონის აღმოჩენა ფეხბურთელი

ამ ნომინაციაში ბევრის გამორჩევა შეიძლებოდა, თუმცა ვფიქრობ, სხვებთან შედარებით დანიელე რუგანი ყველაზე გამორჩეული იყო. ძველი ამბავია, რომ იტალიაში ახალგაზრდა ფეხბურთელებს ნაკლებად სწყალობენ, თუმცა მაურიციო სარიმ ათიანში მოარტყა! რუგანიმ ელიტაში პირველი სეზონი ჩაატარა, თანაც როგორი?! - 38 მატჩი, ყველა თავიდან ბოლომდე, სამი გატანილი გოლი, არცერთი ყვითელი ბარათი, მიწვევა იტალიის ეროვნულ ნაკრებში და კონტრაქტი ტურინის "იუვენტუსში"! ვფიქრობ, სეზონის მთავარი აღმოჩენა სწორედაც რომ დანიელე რუგანი გახლდათ.

მოვლენა

"უდინეზეს" უბერებელმა თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატალემ მოახერხა და ელიტარულ ლიგაში ორ ასეულ გოლს ამ სეზონში უწია. ვეტერანი ფორვარდი ამასაც არ დასჯერდა და თვით გენიალური რობერტო ბაჯოს უკან ჩანოტოვებაც მოახერხა (205 გოლი). დი ნატალესთვის სავარაუდოდ, დასრულებული სეზონი სამშობლოში უკანასკნელი იყო. მან თავი გენიოსების გვერდით დამსახურებულად დაიმკვიდრა.

თეგებისერია A
0.35152