ფეხბურთი

18:48 | 4.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძენგა "სამპდორიას" მწვრთნელია

სეზონის დასრულების შემდეგ უმწვრთნელოდ დარჩენილ გენუის "სამპდორიას" ახალი თავკაცი ჰყავს. ლიგურიულ გუნდს მომავალი სეზონიდან იტალიელი სპეციალისტი ვალტერ ძენგა დამოძღვრავს. ამის შესახებ გენუელთა გუნდის ტვიტერის ოფიციალური გვერდი იუწყება.

"ვალტერ ძენგა ეს-ესაა გენუაში ჩამოვიდა იმისთვის, რომ გაარძელოს საქმე, რომელიც წლების წინ დაიწყო", - წერია "სამპას" ტვიტერზე.

თავის მხრივ, "სამპდორიას" მწვრთნელის რანგში პირველი კომენტარი თავად ძენგამაც გააკეთა:

"იტალიაში დაბრუნების დიდი სურვილი მქონდა, უფრო მეტად კი გენუაში, სადაც 2 ფანტასტიკური წელი გავატარე. ჩემი მეგობრის, სინიშა მიხაილოვიჩის ადგილის დაკავება ჩემთვის ნამდვილი გამოწვევაა. დიახ, სიმართლეა, სხვა შემოთავაზებებიც მქონდა, მაგრამ ფერეროს მსგავს პრეზიდენტთან მუშაობაზე უარს ვერ ვიტყოდი. თანაც, "სამპდორია", "სამპდორიაა".

ევროპა ლიგა? - ესეც ნამდვილი გამოწვევაა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამ ტურნირზე კარგად გამოსასვლელად.

რას ვეტყოდი "სამპას" გულშემატკივრებს? - მე დავბრუნდი", - ამბობს ძენგა.

55 წლის სპეციალისტი ბოლოს სათავეში ყატარულ "ალ ჯაზირას" ედგა, უკანასკნელი იტალიური გუნდი კი, რომელიც მას გაუწვრთნია "პალერმოა" (2009-2010).

ძენგა "სამპდორიას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სერბ სინიშა მიხაილოვიჩს შეცვლის, ვინც უახლოეს დღეებში "მილანს" ჩაიბარებს. "სამპდორია" მომავალ სეზონში ევროპის ლიგაზე ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელობისას ძენგა გენუის გუნდის რიგებში 1994-1996 წლებში თამაშობდა და მოედანზე 41-ჯერ გავიდა.

0.133309