ენდი მარეი პირველი ბრიტანელია, რომელმაც საფრანგეთის ღია პირველობაზე სამჯერ მოახერხა ნახევარფინალში გასვლა. შოტლანდიელმა ეს 2011-ში, შარშან და წლეულს შეძლო. ენდიმ მიმდინარე სეზონში გრუნტისსაფარიან კორტზე მიჯრით 15 მატჩი მოიგო და “როლან გაროსის” ნახევარფინალში რეიტინგსიის სერბ ლიდერს ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება.
- წლეულს გრუნტზე მეტად წარმატებით გამოდიხართ...
- ეს ისეთი საფარია, უმნიშვნელოვანესი მომენტი გამოცდილება გახლავთ. მოთამაშეები, რომლებიც გრუნტზე ბავშვობიდან გამოდიან, კარიერის განმავლობაში აუმჯობესებენ თამაშს. ამ სეზონში ბევრი თამაში მიწევს გრუნტზე და საფარს კარგად გავუშინაურდი. სადღეისოდ უწინდელზე გაცილებით კარგად ვიცი, რომელ მომენტში და სათამაშო სიტუაციაში, რა მოვიმოქმედო.
- დავიდ ფერერთან მატჩზე რას იტყვით?
- ცხადია, განვიცადე, მესამე სეტი რომ დავთმე, თუმცა, მეოთხე პარტიაში სრული კონცენტრირება მოვახდინე და წინა სეტი აღარც გამხსენებია.
- ნახევარფინალში ურთულესი მოწინააღმდეგე გყავთ ნოვაკ ჯოკოვიჩის სახით. სერბს ბოლოს 2013 წლის უიმბლდონის ფინალში მოუგეთ, წლეულს კი ნოლესთან სამჯერ დამარცხდით...
- მომავალი ნახევარფინალის წინ ოპტიმისტურად ის მომენტი განმაწყობს, რომ მიმდინარე სეზონში გრუნტის კორტზე 15-ივე მატჩი მოვიგე. ჯოკოვიჩის წინააღმდეგ სათამაშოდ ჩვეულებრივად მოვემზადები - დავისვენებ, ენერგია აღვიდგენ, ვივარჯიშებ, სამწვრთნელო შტაბთან ერთად სათამაშო გეგმას შევადგენ მეტოქის ძლიერი მხარეების გათვალისწინებით.