რაფა ნადალის დამარცხების შემდეგ ნოვაკ ჯოკოვიჩი 26-ედ გავიდა სადიდსლემო ტურნირების ნახევარფინალში და ამ მონაცემით “ღია ეპოქის” მოთამაშეთა შორის მეოთხე ადგილზეა. დიდი სლემის შეჯიბრებათა 17-გზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი ამ ტურნირების ნახევარფინალში 36-ჯერაა გასული. ამერიკელ ჯიმი კონორსს 31 სანახევარფინალე შეხვედრა დაუგროვდა, ჩეხი ივან ლენდლის აქტივში კი 28 ნახევარფინალია. საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხედფინალში ნადალის ძლევის შემდეგ ჯოკოვიჩი ჟურნალისტებს გაესაუბრა.
- როგორი ემოციით შეხვდით “როლან გაროსის” ცხრაგზის ტრიუმფატორ ნადალთან დაპირისპირებას?
- რაფას წინააღმდეგ საფრანგეთის ღია ჩემპიონატზე თამაში ყოველთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ტაქტიკურად, ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად საუკეთესო ფორმაში უნდა იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში უპირობოდ დამარცხდები. ამჯერად ასპარეზობა ჩემთვის მეტად იღბლიანი გამოდგა. უდიდესი მოგება ვიზეიმე და ეს მეოთხედფინალი არასდროს დამავიწყდება. მესამე სეტში 5:1-ს ვიგებდი. ამის მიუხედავად, მაშინაც კი არ მოვდუნებულვარ. ნადალს ხომ ნებისმიერ მომენტში შეეძლო “თამაშში დაბრუნება”. რაფამ პირველ სეტში 0:4-ზე ამის დამტკიცება მოახერხა.
- ნადალის სამომავლო პერსპექტივას როგორ შეაფასებთ?
- რაფას უდიდეს პატივს ვცემ. ჩემი აზრით, მიმდინარე სეზონში იგი ძველებურ სათამაშო კონდიციას და ფორმას ვერ დაუბრუნდება. თუმცა, ნადალი 29 წლისაა და დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ კვლავ მძლავრ ნადალს ვიხილავთ.
- წლეულს პარიზს რა მიზნით ეწვიეთ?
- კარიერის განმავლობაში ამჟამად საუკეთესო ფორმაში ვარ და საფრანგეთის დედაქალაქში ტიტულის მოსაგებად ჩამოვედი. ჩემ პოზიტიურ განწყობას ოჯახსა და კორტზე წარმატებები განაპირობებენ. ამჯერად ჩემი ფიქრი ნახევარფინალურ პაექრობას დასტრიალებს.
- ენდი მარეისთან ურთიერთშეხვედრების ანგარიში 18:8-ია თქვენ სასარგებლოდ, ამასთან შოტლანდიელს წლეულს სამჯერ შეხვდით და სამივეჯერ დაამარცხეთ...
- სტატისტიკა სტატისტიკად, მაგრამ მარეისთან იოლი მატჩი ნაღდად არ მელის. ვაფასებ მოწინააღმდეგეს, თუმცა, გავიმეორებ - პარიზში საჩემპიონო ტიტულის დასასაკუთრებლად ჩამოვედი. ნახევარფინალს სრულ საბრძოლო მზადყოფნაში შევხვდები.