კალათბურთი

2:07 | 4.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

იგორ კოკოშკოვი: “მთავარია ჯანმრთელობა”
“საქართველოს ნაკრები ყველა მეოთხედის მოსაგებად იბრძოლებს”

44 წლის იგორ კოკოშკოვი პირველი ევროპელი მწვრთნელი გახლდათ, რომელმაც ნბა-ს კლუბში ასისტენტად დაიწყო მუშაობა. ეს 2000 წელს “ლოს ანჟელეს კლიპერსში” მოხდა. ამდენად, სერბ სპეციალისტს ზურგს მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში მოღვაწეობის 15-წლიანი გამოცდილება უმაგრებს, 2008 წლიდან კი იგორისთვის ახალი თავგადასავალი დაიწყო. კოკოშკოვმა საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩაიბარა და ჩვენს გუნდთან ერთად უკვე მე-7 ზაფხულისთვის ემზადება.

“იმას, რომ საქართველოს ნაკრებს ამდენი ხანია ვწრვთნი, თავის მიზეზი აქვს. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ძალიან კარგად არის ორგანიზებული და დიდ სამუშაოს ასრულებს. როდესაც 2008 წელს მათგან წინადადება მივიღე, რჩევა ჯო დუმარსს ვეკითხე (ლეგენდარული კალათბურთელი მაშინ იმ დეტროიტ პისტონზის პრეზიდენტი იყო, სადაც იგორი მუშაობდა – რედ.). მან მითხრა, რომ ამას ბევრი ფიქრი არ სჭირდებოდა, უნდა წავსულიყავი და მემუშავა. ამან მართლაც დიდი გამოცდილება მომცა. ნბა-ში მოღვაწეობა სულ სხვა თემაა, საქართველოს ნაკრების გაწვრთნისას კი ევროპულ კალათბურთსაც დავუახლოვდი. საკალათბურთო სეზონი 11 თვეს გრძელდება და ეს, მძიმე სამუშაოა, თუმცა, დიდი სიამოვნებაცაა. მე გამიმართლა და საქართველოს საკალათბურთო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ თაობას ვწვრთნი”.

საინტერესოა, რომ იმ კალათბურთელთა უმეტესობა, რომლებიც კოკოშკოვმა თავიდან ჩაიბარა, დღესაც გუნდშია. ცხადია, ეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უპირატესობას ანიჭებს.

“ნათელია, რომ წლების განმავლობაში ერთი და იმავე შემადგენლობით თამაში გარკვეულ პლიუსს გვანიჭებს. ნაკრების ბურთვი უკვე შექმნილია და მხოლოდ მცირე ცვლილებები ხდება. ამდენად, წინ ნელა, თუმცა, მაინც ვმოძრაობთ. ვეცდებით, წინსვლა მომავალ ევროპის ჩემპიონატზეც განვაგრძოთ”.

ქართველი კალათბურთელები ევრობასკეტზე უკვე მესამედ ითამაშებენ. 2011 წელს მათ მე-2 ჯგუფურ რაუნდში გააღწიეს, 2 წლის თავზე კი, ტრავმებით გაწამებულმა გუნდმა სლოვენიაში პირველი ეტაპი ვერ დასძლია. ამჯერად, საქართველოს ნაკრების მიზანი საუკეთესო 16 ნაკრებს შორის გასვლა იქნება, ამისთვის კი, ზაგრებში დაგეგმილი C ჯგუფის მატჩების წარმატებით ჩატარება იქნება საჭირო.

“ჩვენ ყოველი მეოთხედის და ყოველი მატჩის მოსაგებად ვიბრძოლებთ. ვიცით, რომ ევროპის ჩემპიონატის მოგება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, თუმცა, დასაკარგი არაფერია. საქართველოს ნაკრები ფავორიტთა შორის არ მოიხსენიება და წნეხიც ნაკლები გვექნება, ამდენად, სანერვიულო სხვებს უფრო აქვთ. თუკი პლეი-ოფში გასვლის მცირე შანსიც კი გაჩნდება, მის გამოსაყენებლად მაქსიმუმს გავიღებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ 2011 წელს ლიტვაში მე-2 ჯგუფური ეტაპი ისე ჩავატარეთ, რომ სასტარტო ხუთეულის 2 წევრი – ზაზა ფაჩულია და გიორგი ცინცაძე არ გვყოლია”.

ისე სჩანს, რომ კოკოშკოვი სულაც არ ეთანხმება იმ სპეციალისტებს, რომლებიც C ჯგუფის აშკარა ფავორიტებად სლოვენიას, საბერძნეთს და ხორვატიას ასახელებენ, საქართველო, მაკედონია და ჰოლანდია კი ე.წ. “მე-2 ეშელონის” გუნდებში გაჰყავთ.

“ეს სულ არ მადარდებს. არ ვდავობ, რომ პირველი სამი გუნდი ჩვენზე ძლიერად გამოიყურება. ისინი ჯგუფის კი არა, მთლიანად ჩემპიონატის ფავორიტებსაც კი შეგვიძლია მივაკუთვნოთ, თუმცა, ეს არაფერს ცვლის. ჩვენთვის გამოწვევა სწორედ ასეთ ნაკრებებთან დაპირისპირებაა. თანაც, ევრობასკეტი ის ტურნირია, სადაც ერთმა მატჩმა, შესაძლოა, ყველაფერი შეცვალოს. იგივე ხორვატიას გასული ევროპის პირველობის მატჩის დასასრულამდე 10 წამით ადრე ვამარცხებდით და ისინი მხოლოდ ანტე ტომიჩის ორქულიანმა გადაარჩინა (მაშინ ხორვატიამ 77:76 მოიგო – რედ.). სლოვენიასთანაც ყოველთვის დაძაბული თამაშები გვქონდა”.

და როგორია ის შემადგენლობა, რომლითაც კოკოშკოვი ევროპის გაოცებას აპირებს? საქართველოს ნაკრების რიგებში საკმაოდ ცნობილი კალათბურთელები არიან.

“2013 წლის ევრობასკეტზე ზაზა ფაჩულიას და თორნიკე შენგელიას გარეშე დავრჩით, ამდენად, იძულებითი ცვლილებების განხორციელება მომიხდა. ერთი პლიუსი ის იყო, რომ უფრო მობილურად მოქმედება ვისწავლე. ისე სჩანს, ამ ზაფხულს ყველა საჭირო კალათბურთელი გვეყოლება და ეს, ძალიან მახარებს. ჩვენი ნაკრების სიძლიერე დიდ ბიჭებშია. ზაზა, შენგელია და გიორგი შერმადინი დიდ სამუშაოს ასრულებენ. თუმცა, უკანა ხაზის იმედიც მაქვს, რადგანაც წლეულს მანუჩარ მარკოიშვილი და ჯეიკობ პულენიც გვიბრუნდებიან. ასევე გვყავს ვიქტორ სანიკიძე, ცინცაძე და ბექა ბურჯანაძე. ასე რომ, თუკი ყველა ჯანმრთელად იქნა, საქმე კარგად უნდა წავიდეს. მთელი ფილოსოფია ის არის, რომ მომავალ ტურნირზე რაც შეიძლება მეტი მატჩი მოვიგოთ”.

როგორც არ უნდა ვთქვათ, საქართველოს ნაკრების ყველაზე ცნობილი წევრი “მილუოკი ბაქსის” ცენტრი ზაზა ფაჩულიაა. მან ნბა-ში მორიგი სეზონი ჩაატარა, თუმცა, სერბი მწვრთნელი არ თვლის, რომ ზაზას გადაღლილობა ნერვიულობის საფუძველი შეიძლება გახდეს.

“ფაჩულიას დიდებული სეზონი ჰქონდა. “ბაქსს” საკმაოდ ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავს და მათ ზაზას დარი გამოცდილი კალათბურთელი ნამდვილად სჭირდებოდათ. ფაჩულიამ გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. მას ჯერაც ახალგაზრდა მოთამაშედ ვთვლი. 30 წელი თანამედროვე სპორტში კარიერის პიკად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ზაზა ჩვენი გუნდის ნამდვილი ლიდერი და საფუძველია”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების პირველი შეკრება ივლისის შუა რიცხვებში დაიწყება, შემდეგ არაერთი საკონტროლო მატჩიც გაიმართება, წლის მთავარი მოვლენა – 2015 წლის ევროპის ჩემპიონატი კი 5-20 სექტემბერს გახლავთ დაგეგმილი.

0.115686