ფეხბურთი

0:23 | 4.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩივაძის გუნდის წარმატებული დასაწყისი (+Video)

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა სტუმრად 3:0 დაამარცხა სან მარინო.

მთელი მატჩის განმავლობაში ქართველი ფეხბურთელები ფლობდნენ უპირატესობას, თუმცა რამდენიმე ეპიზოდში მასპინძლებს გოლის გატანის რეალური შანსი მიეცათ. მათ პირველ ტაიმში რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტიეს ქურდაძის კარს.

პირველ გოლამდე ქართველ ფეხბურთელეთაგან სახიფათოდ დაარტყა გიორგი პაპუნაშვილმა, თუმცა მეკარემ მოახერხა მოგერიება.

პირველი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე გავიდა. დათო უბილავამ მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა საჯარმოში, სადაც ყველას კაჭარავამ დაასწრო და ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმის დასაწყისში საბა ლობჟანიძემ იაქტიურა, თუმცა მის ძლიერ დარტყმას სიზუსტე დააკლდა.

მეორე გოლისას გიორგი აბურჯანიამ მეტოქის საჯარიმოში საგოლე პასი ნიკა კაჭარავას გაუკეთა, რომელმაც ქუსლით ძალიან ეფექტურად დაარტყა და დუბლი შეასრულა.

გიორგი პაპუნაშვილმა მეტოქის საჯარიმოში იაქტიურა, თუმცა მისი დარტყმა მცველს ხელზე მოხვდა. მსაჯს თერთმეტმეტრიანი არ დაუნიშნავს.

მესამე გოლი პაპავა-კაკაბაძე-პაპანაშვილის მიერ შესრულებულ კომბინაციას მოჰყვა. პაპავას პასის შემდეგ კაკაბაძე გარღვევაზე გავიდა, რასაც პაპუნაშვილის დარტყმა მოჰყვა და ანგარიში სამამდე გაიზარდა.

მატჩის მიწურულს მსაჯმა მასპინძელთა ფეხბურთელს სენსონის წითელი ბარათი უჩვენა, თუმცა ამდროს ყველაფერი დასრულებული იყო.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველ ტურში გასვლითი გამარჯვება მოიპოვა. სან მარინოს ნაკრები ვერ გამოდგება საზომად. საზომად ძლიერ ნაკრებებთან მატჩები უნდა მივიღოთ.

მეექვსე ჯგუფში საქართველოსა და სან მარინოს ნაკრებთა გარდა ასევე თამაშობენ ხორვატიის, ესტონეთის, ესპანეთისა და შვედეთის გუნდები.

სან მარინო – საქართველო 0:3 (0:1)

სან მარინო: ბენედეტინი, ჩეზარინი (დ’ადარიო 76), გრანდონი, როსი, გოლინუჩი (სეკაროლი 62), მანუელ ბატისტინი, სენსონი, პროლი, მურაჩინი (მიშელ ბასტისტინი 61), ბერნარდი, ტომასინი

მთავარი მწვრთნელი: მირკო პაპინი

საქართველო: ქურდაძე, კაკაბაძე, დვალი, გადრანი, აბურჯანია, ცინცაძე, პაპუნაშვილი, კიკაბიძე (ერისთავი 66), უბილავა, ლობჟანიძე (შენგელია 89), კაჭარავა (დარციმელია 87)

მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

გოლები: 0:1, 0:2 კაჭარავა (44, 58), 0:3 პაპუნაშვილი (81)

მთავარი მსაჯი: ენეა ჟორჯი (ალბანეთი)

გაფრთხილება: დვალი (10), მანუელ ბატისტინი (52), პაპუნაშვილი (90+3)

გაძევება: სენსონი (90+2)

https://www.youtube.com/watch?v=VH3dGdb4Pco

0.115848