დასასრულს მიუახლოვდა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგის გათამაშება დასავლეთ ზონის გუნდებს შორის. გაიმართა XXVIII ტურის მატჩები, რომლებიც შემდეგი ანგარიშებით დასრულდა:
„სამეგრელო“ (ჩხოროწყუ) – „ლაზიკა-2“ (ზუგდიდი) 2-1
2. „იმერეთი“ (ხონი) – „სულორი“ (ვანი) 0-0
3. ,,ეგრისი“ (სენაკი) – „მერცხალი–2“ (ოზურგეთი) 4-1
4. „მართვე“ (ქუთაისი) – „საპოვნელა-2“ (თერჯოლა) 4-1
5. „სპ.სკოლა“ (ჭიათურა) – „სამგურალი–2“ (წყალტუბო) 0-3 (ტექნიკური შედეგი)
6. „საირმე“ (ბაღდათი) – „კოლხეთი–2“ (ხობი) 3-0
7. „ბახმარო“ (ჩოხატაური) – „რაჭა“ (ამბროლაური) 1-1
8. „მარგვეთი-2006“ (ზესტაფონი) – ისვენებდა
მიმდინარე სეზონის უმთავრესი შეხვედრა სამტრედიაში გაიმართა, სადაც ხონის ,,იმერეთმა“ ვანის ,,სულორს“ უმასპინძლა. ამ თამაშს წინ დიდი აჟიოტაჟი უძღვოდა, რადგან მასში გამარჯვებული პრაქტიკულად ზონის ჩემპიონი ხდებოდა და პირველ ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფის საგზურს ინაღდებდა. საკუთარ სტადიონზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, ხონელები მეორე წრის საშინაო შეხვედრებს მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე ატარებენ, მაგრამ ამ მატჩის დაძაბულობიდან გამომდინარე მისი ჩატარება იმერეთის რეგიონში გადაწყდა. ხონელებმა მასპინძლის სტატუსის უპირატესობით ისარგებლეს და შეხვედრის გამართვა სამტრედიის სტადიონის ხელოვნურ საფარიან გაზონზე ამჯობინეს.
შეხვედრას ბევრი მაყურებელი დაესწრო. ,,ეროსი მანჯგალაძეზე” ნემსის ჩასავარდნი ადგილი არ მოიძებნებოდა. ტრიბუნები მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე შეივსო. ვინც დაჯდომა ვერ მოახერხა, ისინი სტადიონის ირგვლივ განთავსდნენ და ფეხზე მდგარნი ომახიანად გულშემატკივრობდნენ თავიანთი გუნდის ფეხბურთელებს. ამ მხრივ ხონელები უფრო გამოირჩეოდნენ. მათთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე ,,დუხოვოი ორკესტრი“ განათავსეს და ნაირნაირი მელოდიებით მთელი მატჩის განმავლობაში ახალისებდნენ მოთამაშეებს.
შეხვედრა ხონელთა უპირატესობით დაიწყო და დებიუტშივე მათ ანგარიშის გახსნის 100%-იანი შესაძლებლობა მიეცათ. მე-3 წუთზე ჭრელაშვილი-ქანთარია-გედენიძის კარგი სამსვლიანი კომბინაციის შემდეგ ეს უკანასკნელი მეკარის პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა რატომღაც დარტყმა დააგვიანა და ხურციძემ საკუთარი კარის გადარჩენა მოახერხა.
ხუთ წუთში თავის გამოჩენის შანსი ჭრელაშვილსაც მიეცა. სტუმართა კარის სიახლოვეს დანიშნული საჯარიმო მან ოსტატურად შეასრულა, მაგრამ ამჯერადაც ხურციძემ იმარჯვა. იგი აკრობატულ ნახტომში მისწვდა ცხრიანისკენ მიმქროლავ ბურთს და კუთხურზე მოიგერია.
შეხვედრა ამის შემდეგაც პირობითი მასპინძლების უპირატესობით გაგრძელდა. ზედიზედ ორჯერ გატანის კარგი შესაძლებლობა ჰქონდა მელქაძეს. კაკუშაძის ფლანგურ გარღვევებს იგი თავური დარტყმით აბოლოებდა, მაგრამ ორივე შემთხვევაში შემტევი სიზუსტემ დააღალატა.
ტაიმის შუაწელს თავისი შანსი ვანელებსაც მიეცათ. ხონელები ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის გაკეთების მცდელობისას შეცდნენ და გაგა ჩხეტიანი მეკარესთან პირისპირ გადიოდა, თუმცა სისწრაფე დააკლდა, მცველები წამოეწივნენ და სიტუაცია განმუხტეს.
ამის შემდეგ ხონელები დაცვაში უფრო ყურადღებით გაისარჯნენ და ვანელებს მეტი სახიფათო მომენტი ტაიმის ბოლომდე აღარ შეუქმნიათ.
შეხვედრის მეორე ნახევარი განსხვავებული სცენარით წარიმართა. ამ მატჩამდე ორივე გუნდს 68-68 ქულა ჰქონდათ. გათამაშების დებულებით ტოლი ქულების შემთხვევაში მხედველობაში ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგი მიიღება. ამ მხრივ კი უპირატესობა ხონელებს გააჩნდათ. მათ პირველ წრეში ,,სულორი“ სტუმრად 2:0 დაამარცხეს, ამიტომ ამ მატჩში ფრეც ხელს აძლევდათ.
უმაღლეს ლიგაში ნათამაშევი გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა ,,იმერეთმა“ დასახული მიზანი შეასრულა. მეორე ტაიმში ვანელთა უპირატესობის მიუხედავად მათ საკუთარი კარის მშრალად შენახვა და მათთვის სასურველი ანგარიშის შენარჩუნება მატჩის ბოლომდე მოახერხეს.
ფიფას არბიტრ გიორგი ვადაჭკორიას საფინალო სასტვენმა უგოლო ფრე - 0:0 დააფიქსირა.
მატჩის შემდეგ თავისი მოსაზრება გამოთქვა იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვალერი მანაგაძემ: ,,არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ეს იყო ნამდვილი საფეხბურთო სანახაობა. ამდენი ხალხის დასწრება დიდი იშვიათობაა ქართულ ფეხბურთში. მატჩის აჟიოტაჟიდან გამომდინარე სასურველი იყო ეს შეხვედრა ქუთაისში გამართულიყო, მაგრამ მასპინძლები ხონელები იყვნენ და მათ სამტრედია აირჩიეს. კმაყოფილი ვარ, რომ დაძაბულმა შეხვედრამ ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ მატჩს 6 მსაჯი მოემსახურა, რომლებმაც დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვეს. სრულ მობილიზაციაში იმყოფებოდნენ სპეცნაზის თანამშრომლები. დიდი მადლობა იმერეთის გუბერნიის და სამხარეო პოლიცის ხელმძღვანელობას მატჩის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის. გახარებული ვარ, რომ მინდორზე ნამდვილი სპორტული ბრძოლა მიმდინარეობდა და მატჩის შემდეგ ფეხბურთელები ერთმანეთს მეგობრულად დაშორდნენ. წარმატებას ვუსურვებ ორივე გუნდს მომავალში.“
,,იმერეთი“ (ხონი) - ,,სულორი“ (ვანი) 0:0 (0:0)
სამტრედია ,,ეროსი მანჯგალაძე“ 18.00 საათი. 4000 მაყურებელი.
,,იმერეთი“: მეძველია, კაკუშაძე, ხუმარაშვილი, გ. მემარნიშვილი, ხუბუა, ქათამაძე (კ), ჭრელაშვილი (საღარეიშვილი 86), მელქაძე, გედენიძე, პავლიაშვილი (გიორგობიანი 61), ქანთარია;
მთ.მწვრთნელი: დათო ჭელიძე
,,სულორი: ხურციძე, ო. ფიფია, დვალიშვილი, თოდუა (კ), ჭანკვეტაძე, სამსეიშვილი, ძამსაშვილი (ბელექანია 82), ი. კილაძე (ძაგნიძე 82), როხვაძე, გ. ჩხეტიანი, სულაბერიძე (ივანიაძე 42, გიორგაძე 73);
მთ. მწვრთნელი: გიგა ნიკოლეიშვილი
გაფრთხილება: გ. მემარნიშვილი (30), სამსეიშვილი (30), ხუბუა (35), როხვაძე (79), მელქაძე (90+1), ო. ფიფია (90+3);
არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია
XXVIII ტურის შემდეგ სატურნირო მდგომარეობა ასე გამოიყურება:
გათამაშების ცხრილი
თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | ||
1 | ,,იმერეთი“ | 26 | 22 | 3 | 1 | 77-10 | 69 |
2 | ,,სულორი“ | 26 | 22 | 3 | 1 | 79-10 | 69 |
3 | ,,საირმე“ | 26 | 17 | 3 | 6 | 51-29 | 54 |
4 | ,,სამეგრელო“ | 26 | 15 | 3 | 8 | 53-31 | 48 |
5 | ,,ბახმარო“ | 27 | 14 | 4 | 9 | 52-43 | 46 |
6 | ,,კოლხეთი-2“ | 26 | 14 | 3 | 9 | 45-45 | 45 |
7 | ,,მარგვეთი-2006“ | 26 | 13 | 2 | 11 | 53-43 | 41 |
8 | ,,ეგრისი“ | 26 | 10 | 5 | 11 | 48-52 | 35 |
9 | ,,საპოვნელა-2“ | 26 | 11 | 2 | 13 | 53-58 | 35 |
10 | ,,რაჭა“ | 26 | 10 | 4 | 12 | 39-56 | 34 |
11 | ,,ლაზიკა-2“ | 27 | 8 | 6 | 13 | 47-43 | 30 |
12 | ,,სამგურალი-2“ | 26 | 8 | 3 | 15 | 33-54 | 27 |
13 | ,,მართვე“ ქუთაისი | 26 | 6 | 2 | 18 | 34-72 | 20 |
14 | ,,მერცხალი–2“ | 26 | 3 | 3 | 20 | 35-68 | 12 |
15 | ,,სპ.სკოლა“ ჭიათურა | 26 | 0 | 0 | 26 | 9-114 | 0 |
,,სპ.სკოლა“ (ჭიათურა) გაეთიშა გათამაშებას.
ბომბარდირთა დავას 30 გატანილი ბურთით ვანელი გაგა ჩხეტიანი ლიდერობს.
მომდევნო ტურის შეხვედრები 6 ივნისს გაიმართება.
XXIX ტური – 6 ივნისი. შაბათი
- „რაჭა“ - „საირმე“
2. „კოლხეთი–2“ - „სპ.სკოლა“
3. „სამგურალი–2“ - „მართვე“
4. „საპოვნელა–2“ - „ეგრისი“
5. „მერცხალი-2“ - „იმერეთი“
6 .„სულორი“ - „სამეგრელო“
7. „ლაზიკა–2“ - „მარგვეთი-2006“
8. „ბახმარო“ – ისვენებს
ბოლო 30-ე ტურის შეხვედრები 11 ივნისს ჩატარდება.
იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური