2 ივნისს თბილისში წერეთლის გამზირის “დიდუბე-პლაზაში” მდებარე სასტუმრომ თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის საანგარიშო ყრილობას უმასპინძლა.
კავშირის პრეზიდენტმა, ვეტერანმა კალათბურთელმა საბჭოთა კავიშირის ახალგაზრდული ნაკრების წევრმა პაატა გურასპაულმა დამსწრე საზოგადოებას კავშირის მიერ 2013 წლის შემდეგ დღემდე გაწეული სამუშაოოების შესახებ ანგარიში ჩააბარა.
კავშირის წევრებთან და მასმედიის წარმომადგენლებთან ერთად ყრილობას იმ ორგანიზაციებისა და კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც სხვადასხვა ჩემპიონატებისა და ღონისძიებების ჩატარების დროს თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირს გვერდში ედგნენ და მის მიტოვებას არც მომავალში აპირებენ. ესენი არიან: თბილისის კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, თბილისის მერია, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, კომპანიები: “ბორჯომი”, “ბენე”, “პალიტრა მედია”, “ფოტოპლაზმა”, "ჰიუნდაი". ზემოდ აღნიშნული ორგანიზაციებისა და კომპანიების წარმომადგენლები გურასპაულმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა. ყრილობას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანიც ესწრებოდა, რომლის მინისტრობის დროსაც მინი-კალათბურთის ფესტივალების ჩატარებას ჩაეყარა საფუძველი.
პაატა გურასპაული, თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტი:
„ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზანი არის ჩვენი კავშირის მიერ გაწეული 2-წლიანი მუშაობის საჯაროდ და საზოგადოებასთან ერთად შეფასება. იმაზე საუბარი, თუ რა გაკეთდა და რისი გაკეთება ვერ მოვახერხეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის იყო ის, რომ თბილისში 20-წლიანი შესვენების შემდეგ, 2013 წლიდან აღვადგინეთ თბილისის ასაკობრივი ჩემპიონატების ჩატარების ტრადიცია. წარმოიდგინეთ, 20 წელი თბილისში ჩემპიონატები არ იმართებოდა და ჩვენ მოვახერხეთ, რომ ოთხ ასაკში დედაქალაქის პირველობებს ვატარებთ. თან ამას აქვს რეგულარული ჩემპიონატის სახე და გუნდები, რომლებიც თბილისის ჩემპიონატიდან საქართველოს პირველობის საგზურს ვერ მოიპოვებენ, ცალკე ჩემპიონატში მთელი სეზონის განმავლობაში თამაშობენ. ჩვენ ამ მრავალრიცხოვანი ტურნირების ჩატარებას ვერ მოვახერხებდით, რომ არა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, „ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი“, თბილისის მერია, კომპანიები „ბორჯომი“, „პალიტრა მედია“, ბენე“, "ჰიუნდაი" და „ფოტო პლაზა“. ყველას მინდა დიდი მადლობა ვუთხრა და იმედი გამოვთქვა, რომ მომავალში ჩვენი ერთობლივი ძალებით ჩატარებული ტურნირები გაცილებით მასშტაბური იქნება“.







