კატალონელ ნახევარმცველ ხავის იმედი აქვს, რომ ლუის ენრიკე გააგრძელებს “ბარსელონაში” მუშაობას. კამპნოუელთა ფეხბურთელი კარიერას ყატარში განაგრძობს, თუმცა არ სურს მის მსგავსად მთავარმა მწვრთნელმაც დატოვოს კლუბი.
“არ ვიცი რა მოხდება მომავალში, მაგრამ მსურს ლუის ენრიკე “ბარსელონაში” დარჩეს. ის წარმატებით ასრულებს თავის მოვალეობას, ამიტომაც კლუბისთვის ენრიკეს დარჩენა სასარგებლო იქნება. ვფიქრობ ენრიკესთვის “ბარსელონა” საუკეთესო ადგილია, რადგან აქ მისი გეგმები წარმატებით ხორციელდება”, - აღნიშნა ხავიმ.
შეგახსენებთ ხავი შემდეგი სეზონიდან ყატარულ “ალ-სადში” ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე 35 წლის ფეხბურთელს მხოლოდ “ბარსელონაში” უთამაშია. მას კატალონიაში არაერთი წარმატებული სეზონი აქვს გატარებული.