კალათბურთი

12:57 | 1.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტის თურქული ამბები
ხორვატთა ცენტრი სანაკრებო ბატალიების წინ უგუნდოდ დარჩა

სტამბოლის “ფენერბაჰჩეს” ფორვარდი ემირ პრელჯიჩი 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე თურქეთის ეროვნული ნაკრების რიგებში არ ითამაშებს.

პრელჯიჩი ბოსნია-ჰერცეგოვინაშია დაბადებული, თუმცა, 2008 წელს სლოვენიის ოლიმპიურ ნაკრებში ითამაშა, 2011-ში კი თურქეთის მოქალაქეობა მიიღო და გასულ ორ ევროპის პირველობაზე ამ ქვეყნის მაისურით გამოდიოდა.

ამავე დროს, თურქეთის კალათბურთის ფედერაცია იმ საკითხზე მუშაობს, რომ თურქულ ლიგაში მოთამაშე რომელიმე ამერიკელი მოთამაშეს მოქალაქეობა მისცეს და ევრობასკეტ-2015-ზე დაასაქმოს.

თურქული ფედერაციის პრეზიდენტის ჰარუნ ერდანაის განცხადებით, უპირველესი კანდიდატურა “ფენერბაჰჩეს” ლეგიონერი ენდრიუ გაუდლოკია, ხოლო თუ მისი დათანხმება ვერ მოხერხდა, რიგში “ქარშიაქას” მცველი ბობი დიქსონია.

შეგახსენებთ, რომ მომავალ ჩემპიონატზე თურქები ურთულეს ჯგუფში მოხვდნენ და თამაში ესპანეთის, სერბეთის, იტალიის, გერმანიის და ისლანდიის გუნდებთან მოუწევს.

და კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც “ფენერბაჰჩეს” უკავშირდება. სტამბოლური კლუბი აღარ აპირებს თანამშრომლობა გააგრძელოს ლუკა ჟორიჩთან, რომელიც თურქულ გრანდს 2013 წელს შეუერთდა და 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა შემდგომში მისი 1 წლით გაგრძელების პერსპექტივით.

ჟორიჩის პერსონა ქართველი ქომაგისთვის იმდენად უნდა იყოს საინტერესო, რომ ის ხორვატიის ეროვნული ნაკრების ცენტრი გახლავთ და მომავალ ევრობასკეტზე, ქართველი კალათბურთელების წინაღმდეგ, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114052