კალათბურთი

12:51 | 1.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ცინცაძე: “არამგონია საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლა გაუჭირდეს”

საქართველოს მორიგი 2014-15 წლების საკალათბურთო სეზონი დასრულდა. ყველაზე დიდ წარმატებას საკალათბურთო კლუბმა “შსს აკადემიამ” მიაღწია, რომელმაც ქვეყნის ჩემპიონის ტიტულთან ერთად და სუპერთასიც მოიგო. ძალოვნების გამარჯვებაში ლომის წილი ამ გუნდისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა წამყვანმა კალათბურთელმა, უკანახაზელმა გიორგი ცინცაძემ შეიტანა.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ სეზონის საუკეთესო კალათბურთელის გამოსავლენად მოწყობილ გამოკითხვაში, რომელშიც სუპერლიგის მწვრთნელები, მატჩის კომისრები და ჟურნალისტები მონაწილეობდნენ, პირველი ადგილი სწორედ გიორგი ცინცაძემ დაიკავა, მეორე ადგილზე “დინამოს” კაპიტანი, ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, იგორ კოკოშკოვის მიერ უმიზეზოდ ათვალწუნებული უკანახაზელი ლაშა-გიორგი გამყრელიძე გავიდა, ხოლო მესამე ადგილი “ბათუმის” ამერიკელ ლეგიონერს, ასევე უკანახაზელ ბობ ჯინ იანგს ერგო.

გიორგი ცინცაძეს “მსოფლიო სპორტი” განვლილ სეზონზე და მოახლოებულ სანაკრებო ბატალიებზე ესაუბრა.

-საქართველოში ბოლოს სამი წლის წინ, 2012-13 წლების სეზონში ითამაშეთ, როცა სუპერლიგის მონაწილე “ოლიმპში” გამოდიოდით. მაშინდელ და ამჟამინდელ საქართველოს ჩემპიონატს შორის რა სხვაობას ხედავთ?

-ამ კითხვაზე პასუხის გაცემისაგან თავს შევიკავებ.

-24-ე ეროვნული ჩემპიონტის პლეი ოფში თამაშის დროს, “შსს აკადემიას” ყველაზე უფრო მეოთხედფინალურ სერიაში, რეგულარული ჩემპიონატის მეშვიდე ადგილოსანი “სოხუმის” დამარცხება გაუჭირდა. ეს დაპირისპირება თქვენმა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში 3:2 მოიგო. რატომ გაუჭირდა მომავალ ჩემპიონსა და სუპერთასის მფლობელს ერთ-ერთი აუტსაიდერის დამარცხება?

-საქართველოს 24-ე ეროვნული ჩემპიონატი იმდენად თანაბარი დონის გუნდებით იყო დაკომპლექტებული, რომ მათ შორის დიდი სხვაობა არ ყოფილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა გუნდთან შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და წინასწარ არავინ იცოდა ეს დაპირისპირება როგორ დასრულდებოდა. ამის დასტურად 2 მაგალითს მოვიყვან: რეგულარულ ჩემპიონატში “ქუთაისი-2010”-მა და “მგზავრები-არმიამ” შესაბამისად მესამე და მერვე ადგილები დაიკავეს, მაგრამ ჩემპიონატი მეექვსე და მეხუთე ადგილებზე დაასრულეს. რაც შეეხება “სოხუმს”, ამ გუნდს ცოტა არ გაუმართლა, თორემ შეეძლო ბევრად უკეთესი ადგილით დაესრულებინა სეზონი (“სოხუმმა” პლეი ოფის დასრულების შემდეგ მეშვიდე ადგილი დაიკავა და სუპერლიგაში დასარჩენად “ა” ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ “წყალტუბოს” მოუგო. რ.ლ.)

- რაც შეეხება ნაკრებს, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ გუნდში მისი ყოფილი წევრის, უკანახაზელი, ნატურალიზებული ამერიკელი ლეგიონერის ჯეიკობ პულენის დაბრუნება?

-ნაკრების ხელმძღვანელობამ ასე გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, მე ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი არ ვარ.

-პულენი ხომ თქვენი უშუალო კონკურენტია? მას თქვენთან ერთად უთამაშია და კარგად იცნობს თქვენს შესაძლებლობებს. არ გეშინიათ ძირითადი შემადგენლობიდან რომ ამოგაგდოთ?

-თუ პულენი ნაკრებს ჩემზე მეტ სარგებლობას მოუტანს, ამას მხოლოდ მივესალმები. ჩემთვის მთავარი არა პირადი, არამედ ნაკრების წარმატებაა.

-რამდენად რეალურია საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მიერ ზაგრების (ხორვატია) ჯგუფში (ხორვატია, საბერძნეთი, სლოვენია, საქართველო, მაკედონია, ჰოლანდია) პირველ ოთხეულში მოხვედრა და ქალაქ ლილის (საფრანგეთი) საგზურის მოპოვება, რომელიც ევრო-2015-ის დასკვნით მატჩებს მასპინძლობს?

-არამგონია საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლა გაუჭირდეს. ჩემი აზრით, ჩვენი გუნდი ჯგუფში პირველ-მეორე ადგილების დასაკავებლად იბრძოლებს.

-თქვენს მიერ დასახელებული ადგილებისათვის ბრძოლაში ვის თვლით უშუალო კონკურენტად?

-ჩვენი უშუალო კონკურენტები ჯგუფის მასპინძელი ხორატიისა და საბერძნეთის ნაკრები გუნდები იქნებიან.

-ევრო-2015-ის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საბოლოო მიზანზე რას გვეტყვით? რომელი ადგილის დაკავებას აპირებს ჩვენი გუნდი?

-ჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რომელი გუნდი იქნება ჩვენი მეტოქე.

0.115898