ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდი გრძელდება. ამჯერად მეორე ტურის ჯერი დადგა. საქართველოს 19-წლამდე ნაკრები პორტუგალიელ თანატოლებს დაუპირისპირდა და ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად შანსის შესანარჩუნებლად სამი ქულის მოპოვება სჭირდებოდა.
მატჩის პირველი ტაიმი ქართველი ფეხბურთელების აშკარა უპირატესობით წარიმართა, თუმცა თავიდან დაწინაურება პორტუგალიელებმა მოახერხეს.
მე-3 წუთზე საკუთარ საჯარიმოში უყურადღებოდ ითამაშა აკაკი შულაიამ, რომელსაც მასედო წამოეპარა და ქართველ ფეხბურთელს ისღა დარჩენოდა მეტოქე წაექცია. შეხვედრის რუმინელმა მთვარმა არბიტრმა მარიან პეტრესკუმ კი თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა, რომელიც გოლად პედრო როდრიგესმა გარდასახა – 0:1.
ზუტად ხუთ წუთში ქართველ ფეხბურთელებს გათანაბრება შეეძლოთ. ოთარ კიტეიშვილმა და გიორგი ბერიძემ კარგი კომბინაცია გაითამაშეს, რომელსაც ეს უკანასკნელი შორეული დარტყმით აგვირგვინებდა, მაგრამ ბურთი ლუზიტანელთა კარს მცირედით ასცდა.
მე-11 წუთზე 25 მეტრიდან გატანა ზარანდიამ სცადა, თუმცა ბელგიური “გენკის” ნახევარმცველის დარტყმულზე სტუმართა მეკარე ჟოელმა კარგად ითამაშა, რომელმაც ბურთი ხელებში მეორე ცდაზე დააფიქსირა.
21-ე წუთზე პორტუგალიელთა კიპერმა კიდევ ერთხელ ითამაშა კარგად. გიორგი ხარაიშვილის მარცხენა ფლანგიდან გაკეთებულ გადაცემას ერთი შეხებით გურამ გოშთელიანი გამოეხმაურა, ვისაც გატანამდე ცოტა დააკლდა. ერთი წუთის შემდეგ იმავე გოშთელიანმა გატანა უკვე თავით სცადა, მას შემდეგ რაც შულაიას ჩაწოდებულს შეეგება, მაგრამ ამჯერად ბურთი კარს ზემოდან გადაავლო.
ქართველმა ფეხბურთელებმა დაწოლა განაგრძეს და 23-ე წუთზე კარგი შანსი ხარაიშვილს მიეცა, თუმცა მისი დარტყმული სტუმართა მცველმა ზუსტი თამაშით განმუხტა.
36-ე წუთზე მასპინძლებმა ლამაზი ეპიზოდი შექმნეს. კიტეიშვილმა შესანიშნავი გადაცემით შეტევაში ჩართული გიორგი თევზაძე მოძებნა, მაგრამ “სამტრედიას” მოთამაშემ დინამოელის ჩინებული მოქმედება ვერ შეირგო, ბურთს მეკარე ჟოელი დაეუფლა და მომენტი გამოუყენებელი დარჩა.
ტაიმის მიწურულს გიორგი დევდარიანის გუნდი კიდევ უფრო გააქტიურდა, რამაც შედეგი გამოიღო. 44-ე წუთზე შორი მანძილიდან კიტეიშვილმა ძლიერად დაარტყა, რომელსაც ლამაზ ნახტომში ჟოელმა აჯობა, ვინაც ბურთი კუთხურზე მოიგერია. სწორედ ამ კუთხურს მოჰყვა გოლი სტუმართა კარში – ლუკა ზარანდიამ ახლო ძელთან ჩააწოდა, იქ ყველას გოშთელიანმა აჯობა, ვინაც თავით შორეულ ძელთან ზურაბ მალანია მოძებნა, რომელსაც ისღა დარჩენოდა ახლო მანძილიდან გაეთანაბრებინა – 1:1. შესევნებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.
მეორე ნახევარიც ისე დაიწყო, როგორც პირველი დასრულდა. ქართველებმა შეტევაში თამაში განაგრძეს, რამაც შედეგი მალევე გამოიღო. 48-ე წუთზე შორიდან გატანა ზარანდიამ სცადა, მაგრამ მეკარე ბურთს ადვილად დაეუფლა. სამაგიეროდ, ერთი წუთის შემდეგ ლუზიტანელთა კაპიტანი ვერაფერს გახდა. იმავე ზარანდიამ შესანიშნავი გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე “საბურთალოს” ფორვარდი გოშთელიანი დატოვა, ვინაც გადაცემა შეირგო და ქართველი ფეხბურთელები დააწინაურა.
მე-60 წუთზე დევდარიანის გუნდს ანგარიშის გაზდრა შეეძლო. კონტრშეტევაზე კარგად ითამაშა ზარანდიამ. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კი უმალვე ხარაიშვილი მოძებნა, ვისი დარტყმულიც მეკარემ გაჭირვებით მოიგერია, დამატებაზე კი გოშთელიანზე თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.
63-ე წუთზე პორტუგალიას გათანაბრება შეეძლო. თუმცა ჟოტას მიერ შორი მანძილიდან დარტყმული ბურთი ოთარ გოშაძის კარს ოდნავ ასცდა.
ცოტა ხანში მარცხენა ფლანგზე მოედანზე ახლადგამოსულმა ჩაბრაძემ იაქტიურა, თუმცა შეტევაში ჩართვა მისმა თანაგუნდელებმა დააგვიანეს და შესაბამისად, ეპიზოდიც განიმუხტა.
69-ე წუთზე ქართველთა კართან ხიფათი ისევ ჟოტამ შექმნა, რომელსაც მარგველაშვილმა აჯობა და ეპიზოდი განიმუხტა, თუმცა ქართველთა საწუხაროდ ერთ წუთში სტუმრებმა საწადელს მაინც მიაღწიეს. მარჯვენა ფლანგიდან გაკეთებული გადაცემის შემდეგ თავით მასედომ ისარგებლა, რომელმაც კართან ზურგით მდგომი ფლავიო სილვა მოძებნა, რომელსაც ბევრი არ უფიქრია და ე.წ. მაკრატელა დარტყმით წონასწორობა აღადგინა, - 2:2.
პორტუგალიელებმა დაწინაურებაც მოახერხეს. 76-ე წუთზე ალეშანდრე სილვას გადაცემის შემდეგ ქართველთა დაცვის ცენტრი ჩავარდა და მეკარე გოშაძესთან პირისპირ ჟილ დიასი დარჩა, ვინაც მეკრეს ბურთი თავზე მოხდენილად გადაუვლო.
ქართველი ფეხბურთელები გათანაბრებას შეეცადნენ და 82-ე წუთზე კარგი შანსიც ჰქონდათ. საჯარიმოს მისადგომებთან ეფექტურად ითამაშა კიტეიშვილმა, რომელმაც გვერდი ორ მოწინააღმდეგეს აუარა და კარშიც კარგად დაარტყა, მაგრამ ბურთმა ჟოელის შორეულ ძელს მცირედით ჩაუარა.
87-ე წუთზე საქართველოს ნაკრები კაცნაკლული დარჩა. მსაჯის მიმართულებით ბურთი ზარანდიამ ისროლა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.
ქართველებს თამაშის გადარჩენა მაინც შეეძლოთ. მსაჯის მიერ კომპესირებულ მეორე წუთზე ხარაიშვილის კუთხურის შემდეგ თავით გაგი მარგველაშვილმა დაარტყა, თუმცა მეკარე ჟოელმა ბურთი სასწაულებრივ მოიგერია, დამატებაზე კი გოშთელიანი ცდილობდა გატანას, მაგრამ პორტუგალიელთა მეკარე ისევ ჩინებულად გაისარჯა.
საბოლოოდ, შეხვედრაც ამ ეპიზოდით დასრულდა და საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა ზედიზედ მეორე მატჩი წააგო, რითაც ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა. ახლა, დევდარიანის გუნდი კარის გაჯახუნებას ბოლო ტურში თურქეთის ნაკრებთან ეცდება. პორტუგალია კი გადამწყვეტ მატჩში ესპანელ თანატოლებს დაუპირისპირდება.
საქართველო (19წ) – პორტუგალია (19წ) 2:3 (1:1)
თბილისი, “მიხეილ მესხი”
საქართველო (19წ): გოშაძე, მალანია, მარგველაშვილი, ტაბიძე, თევზაძე (ჩაბრაძე 62), ხარაიშვილი, კიტეიშვილი, ზარანდია (კაპ), გოშთელიანი, ბერიძე (კვირკვია 71), შულაია (მოხევიშვილი 75)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
პორტუგალია (19წ): ჟოელი (კაპ), ჟორჟე სილვა, ვერდასკა, პედრო როდრიგესი, რენატო სანჩესი (ჟილ დიასი 56), მასედო (ალეშანდრე სილვა 72), ჟოაო ლიმა, დალსიო (ფლავიო სილვა 46), ანდრე ჰორტა, პაულო ენრიკე, ჟოტა
მთავარი მწვრთნელი: ედგარ ბორჟესი
გოლები: 0:1 პედრო როდრიგესი (3, პენ), 1:1 მალანია (45), 2:1 გოშთელიანი (49), 2:2 ფლავიო სილვა (70), 2:3 ჟილ დიასი (76)
გაფრთხილება: შულაია (32), ზარანდია (39), კიტეიშვილი (61), ჭანტურია (84), ზარანდია (87), გოშთელიანი (88) – ჟილ დიასი (67), ალეშანდრე სილვა (84), ჟოტა (88)
გაძევება: ზარანდია (87)
მთავარი მსაჯი: მარიან პეტრესკუ