ფეხბურთი

19:11 | 31.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

სანჩესი პრემიერლიგის 2015/16 წლების სეზონის სტარტს გამოტოვებს

ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელი ალექსის სანჩესი ჩილეს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება და კოპა ამერიკის ტურნირში მონაწილეობას მიიღებს. “მეთოფეთა” თავკაცმა არსენ ვენგერმა გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელი მომდევნო სეზონის სტარტს გამოტოვებს.

ინგლისის ასოციაციის თასის მოგების შემდეგ ვენგერმა ჩილელის შესახებ შემდეგნაირი კომენტარი გააკეთა: “მირჩევნია მას კარგი შვებულება ჰქონდეს, რადგან 56 მატჩი ჩავატარეთ. სანჩესის კოპა ამერიკაზე წასვლა იდეაური ნამდვილად არაა. ტურნირი ივლისში დასრულდება და მას 4-კვირიან შვებულებას ვაძლევ.”

კოპა ამერიკის 2015 წლის გათამაშება სტარტს 11 ივნისს აიღებს და 4 ივლისს დასრულდება. პრემიერლიგის მომდევნო გათამაშება აგვისტოს შუა რიცხვებში დაიწყება, სანჩესს კი ფორმაში შესასვლელად დასვენების შემდეგ დრო დასჭირდება.

2014/15 წლების სეზონში სანჩესმა 52 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 25 გოლი და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებამ კი 38-დან 45 მილიონ ევრომდე აიწია.

0.077956