დასრულდა 2014/2015 წლების საფეხბურთო სეზონი ესპანეთში, რომელმაც “ბარსელონას” სრული ტრიუმფით ჩაიარა. ჩემპიონატში გამარჯვებას, “ბლაუგრანამ” კოპა დელ რეიც მიამატა და მეორე ჯილდო მოიპოვა. კატალონიელებმა ესპანეთის თასის ფინალში “ნოუ კამპზე” “ბილბაოს” სძლიეს და ერთი კვირის თავზე, ლუის ენრიკეს კრებულს შესანიშნავი შანსი აქვს ტრიპლეტის შესასრულებლად.
ცალკე საუბრის თემაა ლიონელ მესი. “ბარსელონას” გუნდურ წარმატებას და საოცარ თამაშს რასაკვირველია არავინ უკარგავს, თუმცა ეს ფეხბურთელი ნამდვილი გენიოსია და სულ სხვა განზომილებაა. გუშინ კიდევ ერთხელ გავხდით ლეოს მაგიური თამაშის მოწმენი. პირველი გოლი, რომელიც მე-20 წუთზე გავიდა, მთლიანად არგენტინელის შექმნილი გახლდათ. მან ბურთი მოედნის ცენტრთან მიიღო, ხუთ მეტოქეს პატარა ბავშვებივით გაუსწორდა და ერერინს ახლო კუთხეში გაუტანა. 37-ე წუთზე უკვე ივან რაკიტიჩი გაისარჯა ჩინებულად, მან დიდებული გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა ლუის სუარესი, რომელმაც კიდევ უფრო კარგ პოზიციაში მყოფი ნეიმარი მოძებნა და ცარიელ კარში გაატანინა.
74-ე წუთზე მესიმ დუბლი შეასრულა. არგენტინელი დანი ალვეშის ჩაწოდებულს დასწრებაზე გამოეხმაურა და ერერინი უშანსოდ დატოვა. ბასკებმა რაც შეძლეს, პრესტიჟის გოლის გატანაა – 79-ე წუთზე ინიაკი უილიამსმა თავური დარტმით შეამცირა სხვაობა. უნდა ითქვას, რომ ინიაკი “ბილბაოს”რიგებში საუკეთესო გახლდათ და ყველაზე მეტ პრობლემას სწორედ ის უქმნიდა კატალონიურ გრანდს.
“ნოუ კამპზე” უკანასკნელად ითამაშა ხავი ერნანდესმა, რომელიც 56-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, ხოლო ბასკების მაისურით ბოლო შეხვედრა ჩაატარა ანდონი ირაოლამ. ის 58-ე წუთზე მარკელ სუსაეტამ შეცვალა.
“ბლაუგრანამ” ესპანეთის თასი 27-ედ მოიგო, ხოლო “ბილბაოს” უიღბლო სერია კვლავ გრძელდება – ბასკებმა უკანასკნელად ტიტული 1984 წელს მოიპოვეს.
ბილბაო – ბარსელონა 1:3 (0:2)
ბარსელონა, “ნოუ კამპი”
ბილბაო (4-2-3-1): ერერინი, ლაპორტე, ეჩიტა, ბუსტინზა, ბალენსიაგა, სან ხოსე, ბენიატი (იბაი 75), მ.რიკო (იტურასპე 74), ირაოლა (სუსაეტა 58), უილიამსი, ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, პიკე, მასკერანო, ალბა (მატიე 77), ალვეში, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა (ხავი 56), ნეიმარი, მესი, ლ.სუარესი (პედრო 78).
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
გოლები: 0:1;0:3 მესი (20;74), 0:2 ნეიმარი (37), 1:3 უილიამსი (79).
გაფრთხილებები: ირაოლა, ბალენსიაგა, უილიამსი, ადურისი – პიკე, ნეიმარი, ბუსკეტსი
მსაჯი: ველასკო კარბალიო
ბურთის ფლობა: 27%-73%, დარტყმა: 8(3)-12(7), ჯარიმა: 29-12, კუთხური: 2-5, თამაშგარე: 1-6, სეივი: 4-2