საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის ნახევარფინალებში ქართველი ლეგიონერების გუნდები ითამაშებენ. დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსემ” და ვასილ კაკოვინის “ტულუზიმ” მეოთხედფინალები წარმატებით გადალახეს და “ტულონსა” (მამუკა გორგოძე, ლევან ჩილაჩავა, კოტე მიქაუტაძე) და “კლერმონს” (დავით ზირაქაშვილი, ვიტო კოლელიშვილი) შეუერთდნენ.
“სტად ფრანსემ” პარიზულ დერბიში დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრო” 38:15 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის ქუბრიაშვილმა შეცვლაზე 68-ე წუთიდან ითამაშა, ხოლო ხინჩაგიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 47-ე წუთზე შეცვალეს. “სტად ფრანსე” შერკინებაში უდიდეს უპირატესობას ფლობდა და გამარჯვება ამან განაპირობა. ქართველი ბურჯი შედარებით კარგად იდგა, მარჯვენა ბურჯმა კი, ზეწოლას ვერ გაუძლო. სუბიექტურობაში რომ არ ჩაგვეთვალოს დასტურად ვთქვათ, რომ დუკალკონი 32-ე წუთზე სინბინით სწორედ იმის გამო დაისაჯა, რომ შერკინებაში ბევრჯერ დაჯარიმდა და ამას 1 წუთში საჯარიმო ლელო მოჰყვა.
დაძაბულ ბრძოლაში “სტად ფრანსემ” 33- წუთში დიდი უპირატესობა მოიპოვა და 17:0 დაწინაურდა. ტაიმის ბოლოს “რასინგმა” ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა რომ შეამცირა, იმედი დაიბრუნა, მაგრამ მეტოქე იმ დღეს მაინც უფრო ძლიერი იყო. მორნი სტეინი ჯარიმებს ყველა პოზიციიდან რომ იტანდა, საათის თავზე “სტად ფრანსე” 29:10 დაწინაურდა. მალე ნომინალურმა სტუმრებმა 10-წუთიანი მეტობის უპირატესობა მიიღეს და 66-ე წუთზე ლელო გაიტანეს, მაგრამ ამ დროისთვის გუნდს წარმატების იმედი უკვე გადაწურული ჰქონდა, დარჩენილ დროში სტეინმა კიდევ სამი ზუსტი დარტყმა შეასრულა და საკუთარ გუნდს დიდი სხვაობით მოაგებინა. 5 ივნისს “სტად ფრანსე” “ტულონს” ეთამაშება.
“ტულუზიმ” “უაიონის” წინააღმდეგობა ბოლოსღა გატეხა და მინიმალური სხვაობით, 20:19 იმარჯვა. ქართველი ბურჯი განაცხადში არ იყო. მართალია “ტულუზი” ორი ჯარიმით დაწინაურდა, მაგრამ ტაიმის ბოლოს ლელო გაუშვა და 9:10 ჩამორჩა, რის შემდეგაც 75-ე წუთამდე მდევრის როლში იყო. საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრე მათი მძლავრი მიძალება ლელოთი დასრულდა და მიუხედავად იმისა, რომ გარდასახვა არაზუსტი იყო, 20:19 იმარჯვა. “ტულუზი” “კლერმონს” 6 ივნისს შეხვდება და მეორე ფინალისტი გაირკვევა.