ფეხბურთი

16:36 | 30.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

7 აღმოჩენა მწვრთნელი

ამ სტატიაში იმ 7 მწვრთნელს წარმოგიდგენთ, რომლებმაც 2014/2015 წლების სეზონში დაიქუხეს - პირველად თავის კარიერაში. რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლებობა აქაცაა, მაგრამ ფაქტია: ყველა ჩამოთვლილმა სპეციალისტმა თავის გუნდს გასულ სეზონში მნიშვნელოვანი პროგრესი განაცდევინა.

არ შევიყვანეთ სიაში მირონ მარკევიჩი ("დნიპრო"), რონალდ კუმანი ("საუთჰემპტონი"), ლუსიენ ფავრი ("გლადბახი"), მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსი") და კიდევ ზოგიერთი სხვა ცნობილი სპეციალისტი. ისინი 2014 წლის ზაფხულამდეც სახელიანები იყვნენ...

მოკლედ, აღმოჩენების ათეული:

ფილიპ კოკუ (პს ვ): ეინდოვენური კლუბის, ასევე, ბარსელონასა და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, რომელსაც "ნარინჯისფერებში" 101 მატჩი აქვს ჩატარებული.

კოკუსთვის ეს პირველი სეზონი არ იყო პსვ-ის მწვრთნელის რანგში, მაგრამ ამჯერად ძალიან წარმატებული გამოდგა: პსვ 7 წლის განმავლობაში ვერ გამხდარიყო ჰოლანდიის ჩემპიონი და წლეულს შესწვდა ტიტულს. თანაც, 17-ქულიანი ჰანდიკაპით გაუსწრო აიაქსს.

ნუნუ ესპირიტუ (ვალენსია): ყოფილი მეკარე, ამჟამად 41 წლის პორტუგალიელი სეციალისტი. ის შარშან ზაფხულს მოკრძალებული "რიო ავედან" მიიყვანეს "ვალენსიაში" და "ღამურები" შესამჩნევი პროგრესის გზაზე დააყენა. "ვალენსიას" აღარ ჰყავს დავიდ ვილიას დონესთან მიახლოებული ფორვარდი, არც დავიდ სილვას დონის გამთამაშებელი, მაგრამ ნუნუმ მშვენივრად ააწყო გუნდი. "ვალენსია" მიმზიდველ ფეხბურთსაც თამაშობდა.

"ღამურები" პრიმერაში მეოთხე ადგილზე გავიდნენ და ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდნენ. ნუნუს გუნდმა განსაკუთრებით ლიდერებთან გამოიჩინა თავი: "რეალთან" (2:1, 2:2), "ატლეტიკოსთან" (3:1, 1;1) და "სევილიასთანაც" (1:1, 3:1), ანუ მათთან არცერთხელ არ წაუგია. მხოლოდ "ბარსელონასთან" დამარცხდა ორივე თამაშში და ორივეჯერ თითქმის თანაბარ ბრძოლაში (0:1, 0:2).

სტეფანო პიოლი (ლაციო): ის "ბოლონიადან" შარშან მიიყვანეს "ლაციოში", სადაც წარმატებებს აღწევს. "ლაციო" მესამე ადგილზეა ჩემპიონატში და დიდი შანსია, გუნდი ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდეს კარგახნიანი შესვენების მერე.

მართალია, მილანური გრანდების ჩავარდნაც ეხმარება "ლაციოს", მაგრამ ვნახოთ, შესაძლოა, მხოლოდ ეს მიზეზი არაა.

მარკუს ვაინცირლი (აუგსბურგი): ის 2012 წლიდან მუშაობს "აუგსბურგის" თავკაცად, მაგრამ რაც გასულ სეზონში მოახერხა, თითქმის სასწაულის ტოლფასი იყო: ბუნდესლიგაში მეხუთე ადგილზე გაიყვანა გუნდი. "აუგსბურგი" ისტორიაში პირველად გავიდა ევროტურნირებზე. გასვლაზე მოუგო "ბაიერნსა" და "დორტმუნდს"...

ამას დაუმატეთ ისიც, რომ "აუგსბურგის" არაერთი წამყვანი ფეხბურთელი სეზონის უმეტეს პერიოდში დაშავებული იყო.

სერგეი რებროვი (დინამო კიევი): კლუბის ყოფილი ბომბარდირი, რომელიც ანდრეი შევჩენკოსთან ერთად ბრწყინვალე დუეტს ქმნიდა. 40 წლის რებროვი შარშან აპრილში დაინიშნა კიევის 'დინამოს" თავკაცად და მალევე, გუნდს ქვეყნის თასი მოაგებინა. თავიდან დროებით მწვრთნელად განიხილავდნენ, მაგრამ საქმე ისე წავიდა, რომ დარჩა და დარჩა...

რებროვის გაწვრთნილმა კიეველებმა დონეცკის "შახტარის" 6-წლიანი ჰეგემონია დაამხეს და უკრაინის ჩემპიონები გახდნენ. გარდა ამისა, "დინამომ" ევროპის ლიგის მეოთხედფინალამდე მიაღწია.

ეუსებიო დი ფრანჩესკო (სასუოლო): "სასუოლო" ერთ-ერთი ყველაზე მწირი ფინანსური შესაძლებლობების მქონე კლუბია სერია ა-ში, მაგრამ ღირსეულად თამაშობს. ცხრილის შუაში ამთავარებს ჩემპიონატს. დი ფრანჩესკომ შარშანწინ ეს კლუბი ისტორიაში პირველად გადაიყვანა სერია ა-ში, მშვენიერი დუეტი შექმნა თავდასხმაში სიმონე ძაძასა და დომენიკო ბერარდის სახით.

"სასუოლოს" მწვრთნელი ადრე "რომასა" და იტალიის ნაკრებში თამაშობდა. ვარსკვლავი არ იყო, მაგრამ ტექნიკური ფეხბურთელი ნამდვილად იყო და გუნდიც გემოვნებიანი ჰყავს.

გეორგი დერმენჯიევი (ლუდოგორეცი): ის უკვე 60 წლისაა, მაგრამ სამწვრთნელო კარიერაში აქამდე თითქმის სულ ასისტენად მუშაობდა. სამი წლის განმავლობაში "ლუდოგორეცის" თავკაცის იყო, შარშან ზაფხულს კი მთავარი მწვრთნელი გახდა და კლუბის ისტორიაში უდიდესი მიღწევაც უკავშირდება: ბულგარეთის ჩემპიონობა ცალკე (ამას ვინღა უყურებს), გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა და 4 ქულაც აიღო. "ლივერპულთან" 2:2 და 1:2, "ბაზელს ერთი მატჩი "მოუგო, ხოლო "რეალს" ერთ შეხვედრაში ბოლომდე ებრძოლა და 1:2 დამარცხდა.

ისე, საქართველოს ჩემპიონატს მასშტაბი რომ ჰქონდეს და ევროპაში გვიცნობდნენ, შეიძლებოდა გორის "დილას" თავკაც უჩა სოსიაშვილის დასახელებაც. თუმცა, ჯერჯერობით, საკმაოდ შორს ვართ...

0.125217