როგორც მოსკოვის “სპარტაკის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, კლუბმა ორმხრივი შეთანხმების შემდეგ შვეიცარიელ მთავარ მწვრთნელ მურატ იაკინთან კონტრაქტი გაწყვიტა.
ასე რომ, ჯანო ანანიძის გუნდი ახალი მთავარი მწვრთნელის მოლოდინშია. თუ ვინ გახდება “სპარტაკის” ახალი თავკაცი, ამას კლუბის დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს.
კლუბის ვებგვერდის მიხედვით, იაკინის მიერ ნაჩვენები შედეგი არ იყო დამაკმაყოფილებელი, თუმცა აღნიშნული იყო, რომ შვეიცარიელმა ახალგაზრდა მოთამაშეებთან ნაყოფიერად იმუშავა, ასევე მის ხელში გუნდმა რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო, მათ შორის მოსკოვურ დერბებში “დინამო” და “ცსკა” დაამარცხა.
მიმდინარე სეზონში “სპარტაკმა” ევროსაგზური ვერ მოიპოვა. ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე “სპარტაკი” 43 ქულით მე-7 ადგილზეა.
რუსული კლუბის საიტი წარმატებებს უსურვებს 40 წლის მწვრთნელს.
იაკინი “სპარტაკს” 2014 წლის ივნისიდან წვრთნიდა. მანამდე კი “კონკორდიაში,” “თუნში,” “ლუცერნსა” და “ბაზელში” მუშაობდა.
2003 წელს ევრო 2004-ის შესარჩევ მატჩში იაკინი შვეიცარიის ნაკრებთან ერთად თბილისში იმყოფებოდა. თამაში ფრედ 0:0 დასრულდა. იაკინმა ის შეხვედრა სრულად ჩაატარა.