პორტუგალიის ფეხბურთელთა “ოქროს” თაობის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა ჟოაო პინტუმ “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ მის სამშობლოში ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ კრიშტიანუ რონალდუს მიიჩნევენ.
ამჟამად, 43 წლის პინტუ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციაში ერთ-ერთ დირექტორად მუშაობს და თბილისში მიმდინარე ევრო-2015-ის ელიტ რაუნდში თავისი ქვეყნის 19-წლამდელებს ახლავს, რომელთაც პირველ მატჩში თურქეთს 6:1 აჯობეს.
ამპლუით ფორვარდმა პინტუმ პროფესიონალური კარიერა “ბოავიშტაში” დაიწყო, სადაც 1988-1989 და 1990 -1991 წლების სეზონებში გამოდიოდა და 62 მატჩში 13 გოლი გაიტანა. “ბოავიშტაში” პორტუგალიის თასი მოიგო.
მან კარიერის საუკეთესო პერიოდი ლისაბონის “ბენფიკაში” (1992-2000) გაატარა, რომლის რიგებში 294 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 89-ჯერ აიღო. “ბენფიკაში” 1994 წელს ქვეყნის ჩემპიონი გახდა, ხოლო 1993 და 1996 წლებში პორტუგალიის თასი მოიგო.
2000-2004 წლებში პინტუ ლისაბონის “სპორტინგში” ასპარეზობდა, რომელშიც 142 შეხვედრაში 32 გოლი მიითვალა. 2002 წელს ის ლისაბონელებთან ერთად პორტუგალიის პირველობის ოქროს მედლებსა და ქვეყნის თასს დაეუფლა.
1991-2002 წლებში, პინტუმ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მაისური 81-ჯერ მოირგო და 23 გოლი მიითვალა. 2000 წელს ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლებს დაუფლა.
პორტუგალიის 20-წლამდელთა ნაკრებში მას მსოფლიო ჩემპიონატი 1989 და 1991 წლებში მოუგია.
- როგორ ფიქრობთ, პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრები არა მხოლოდ მიმდინარე ელიტ რაუნდის, არამედ, ევრო-2015-ის ფავორიტია?
- გამარჯვება იოლი არ იქნება, მაგრამ შესაძლებელია. ამას მომავალი თამაშები გვაჩვენებს, პორტუგალია ძლიერი გუნდია და ერთ-ერთი ფავორიტია.
- ესპანეთი-პორტუგალიის დაპირისპირება ნებისმიერ დონეზე საინტერესოა. დაძაბულ პირენეულ დერბის ელით?
- ჩემი აზრით კარგი თამაში იქნება. ესპანეთი ის მეტოქეა, რომელთან მატჩი ყოველთვის დაძაბულია.
- ტურნირის ორგანიზება და თბილისი რამდენად მოგწონთ?
- უეფა ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, როდესაც სხვადასხვა ქვეყნებში ელიტ რაუნდს ატარებს. ეს იმ ქვეყნებში ფეხბურთის განვითარებას ხელს უწყობს. ტურნირის ორგანიზებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე ქალაქი ჯერ კარგად ვერ დავათვალიერე, მაგრამ ადგილმა სადაც ახლა ვცხოვრობთ შთაბეჭდილება უკვე მოახდინა.
- 19-წლამდელთა ამ ფორმაციის ნაკრებში თუ არიან ფეხბურთელები, ვინც მომავალში იგივე ფიგუს, რონალდუს ან სხვა წამყვანი პორტუგალიელი მოთამაშეების დონეს მიაღწევს?
- კარგი მომავალი გვყავს. მართალია, გარკვეული პრობლემები არის, მაგრამ მათ განვითარების საშუალება აქვთ. ჯერჯერობით ისინი ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ მზად არ არიან. განვითარებისთვის მაღალი დონის ბევრი მატჩის ჩატარება სჭირდებათ.
- თქვენი კარიერით რამდენად კმაყოფილი ხართ? მიიჩნევთ, რომ “ოქროს თაობად” წოდებულმა პორტუგალიის ნაკრებმა მაქსიმუმს მიაღწია?
- უკმაყოფილო ნამდვილად არ ვართ. უბრალოდ, იმ თაობას წარმატების მიღწევამდე ყოველთვის ერთი ნაბიჯი აკლდებოდა. 2000 წელს ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ვითამაშეთ. 2004 წელს, პორტუგალიის ნაკრები ევროპის პირველობის ფინალში იყო.
- ეუსებიო, ფიგუ, რონალდუ... პორტუგალიაში საუკეთესოდ ვინ მიაჩნიათ?
- სამივე მაღალი დონის ფეხბურთელია. ჩემთვის ცოტა ძნელია საუბარია, რადგან ფიგუსთან ერთად მითამაშია. პორტუგალიელი გულშემატკივარი ყველა დროის საუკეთესოდ რონალდუს აღიარებს.
- პორტუგალიის ნაკრებში თქვენი საუკეთსო პარტნიორი ვინ იყო?
- ფიგუ და რუი კოშტა. თუმცა, მთელი გუნდი ერთი ოჯახივით ვცხოვრობდით, რადგან 15 წლის ასაკიდან ერთად ვთამაშობდით.
- ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი ვის წინააღმდეგაც გითამაშიათ?
- ზინედინ ზიდანი.
- მსოფლიოში ნომერ პირველი მწვრთნელი ვინაა?
- ჟოზე მოურინიო. ბუნებრივია, იმ პორტუგალიელ მწვრთნელებზე ვერ ვისაუბრებ ვისთანაც მიმუშავია, რადგან ფეხბურთის ფედერაციის დირექტორი ვარ.