ფეხბურთი

13:33 | 29.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

"შენ არასოდეს იქნები მარტო" თუ გუნდის სიყვარული მაშინ, როცა იგებს...

ფეხბურთი, ალბათ, არაფერი იქნებოდა გულშემატკივრის გარეშე. ფეხბურთს სავსე ტრიბუნები ალამაზებს, ავსებს, აფერადებს და იმ ხიბლს სძენს, რის გამოც ფეხბურთი მსოფლიოში სპორტის პირველი სახეობაა. უგულშემატკივრო ფეხბურთი უბრალოდ ცუდი სანახავია, თუმცა საქართველოში ამას უკვე კარგა ხანია შეგუებულნი ვართ.

რა თქმა უნდა, არსებობს სასიამოვნო გამონაკლისები და საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე მეტწილად რეგიონებში სტადიონები ქომაგების არყოლას ნამდვილად არ უჩივის, მაგრამ...

მაგრამ საქართველოში ისე ხდება, რომ ხშირად თავიანთი გუნდი მხოლოდ მაშინ უყვართ, როცა იგებს, როცა დალხინებული ცხოვრება აქვს, არადა, ფეხბურთი სპორტია, სპორტში კი შეუძლებელია ყოველთვის გამარჯვებული გამოხვიდე.

გულშემატკივართა ნამდვილი სახე სწორედ მაშინ ჩნდება, როცა გუნდი აგებს, სწორედ ამ დროს სჭირდება საყვარელ გუნდს გამხნევება და გვერდში დგომა, თუმცა საქართველო ხომ ამოუცნობი ფენომენია.

26 მაისს, დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში "მიხეილ მესხზე" თბილისის "დინამო" და "სამტრედია" დაუპირისპირდნენ. სამტრედიაში ფეხბურთი ძალიან რომ უყვართ, არაერთხელ დაასტურებულა და იმერელთა საშინაო არენის ყოველ თამაშზე პირთამდე შევსებაც პრობლემას არ წარმოადგენს (ეს უდაოდ დასაფასებელია)...

ასე იყო "მესხზეც", ტრიბუნაზე შეკრებილ ქომაგთა აბსოლუტური უმრავლესობას სწორედ იმერული გუნდის მხარდამჭერები შეადგენდენ, იმედოვნებდნენ რა, რომ თავიანთი საყვარელი ქალაქის გუნდი ტიტულს თავისთან წაიღებდა, თუმცა ფეხბურთში ყოველთვის ხომ ვერ მოიგებ?..

თუ როგორ დასრულდა თამაში, ყველას კარგად მოეხსენება, თუმცა ამ დროს იმის ნაცვლად, რომ დამარცხებული გუნდის ქომაგი თავის გუნდს გვერდში დადგომოდა და გაემხნევებინა, პირიქით მოხდა – მათმა ნაწილმა აგრესია "სამტრედიას" ფეხბურთელებზე და სამწვრთნელო შტაბზე მიიტანა. გასაგებია, რომ მათ ასეულობით კილომეტრი იმისთვის არ გამოუვლიათ, რაც მოხდა, მაგრამ ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა...

ისიც აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელთა ნაწილი იმავე ქომაგმა მოედნიდან აპლოდისმენტებით გააცილა, მაგრამ აბა ვის რათ უნდა ის აპლოდისმენტები, როცა წამის წინ შენივე თანაგუნდელს შეურაცხყოფს? - ალბათ, არც არავის...

სავალალო ისაა, რომ ეს მხოლოდ ერთი ფაქტი არაა, და მხოლოდ “სამტრედიას” ქომაგს არ ეხება. აქამდეც არაერთგზის ყოფილა, რომ გულშემატკივართა შეურაცხადი და გაუგონარი გამონათქვამების მოსმენა ფეხბურთელებს სხვადასხვა გუნდსა თუ ქალაქში მოსწევიათ... ასეთი ფაქტები, ვინძლო ისედაც გაუბედურებულ ქართულ ფეხბურთს კიდევ უფრო აუბედურებს, ჩრდილს აყენებს, სხვა თუ არაფერი სხვის თვალში ცუდად ჩანს...

ისიც გასაგებია, რომ დღევანდელი ფეხბურთის სათამაშო დონე მაღალი ვერაა, მაგრამ ჩვენი ჩვენვე უნდა შევინახოთ, გავუფრთხილდეთ და მცირეოდენი წვლილით მაინც დავეხმაროთ იმაში, რომ წინ წაიწიოს.

ინგლისი ყველას მოგვწონს, მოგვწონს იქაური ფეხბურთის თამაშის სტილი, რიტმი... მოგვწონს მეტადრე, მათი გულშემატკივრობის კულტურა, მათი გულშემატკივრობის კულტურიდან კი ძალიან ადვილად შეგვიძლია მაგალითის გადმოღება და ჩვენს რეალობაზე მორგება, ოღონდ ეს საკუთარი გუნდის ფეხბურთელებისადმი დედის გინებისგან მეტად განსხვავებული რამეა... რითაა ასე სახელგანთქმული "ლივერპულის" გულშემატკივრები? - ბევრით არაფრით, უბრალოდ, - "შენ არასოდეს იქნები მარტო", მხოლოდ ოთხი სიტყვა, რომელიც ყველა თაობისთვის და რასისთვის სამაგალითოა. აი, წარმოიდგინეთ, ლივერპულელ ქომაგს, როგორ უყვარს სტივენ ჯერარდი, მისი ბოლო თამაშია ამ გუნდის რიგებში და ამ დროს, "ლივერპული" ვინმე "სტოკ სიტისთან" ანგარიშით 1:6 ნადგურდება! - წარმოიდგინეთ, ლივერპულელ ქომაგს, რომ დაეწყო ფეხბურთელების ათასგვარი უშვერი სიტყვით შემკობა, ათასგვარი ნივთის მათი მიმართულებით სროლა და სოციალურ ქსელებში მათი გაქილიკება - რა მოხდებოდა? - ლივერპულელი გულშემატკივარი ხომ აღარ იქნებოდა სამაგალითო ყველასთვის? ხომ აღარ გაისვრიდა მათი ლოზუნგი - "შენ არასოდეს იქნები მარტო"? - თუმცა ლივერპულში ასე საბედნიეროდ არ მოხდა, არც მოხდება დარწმუნებულნი იყავით...

კიდევ ვიმერობ, რომ არა სამტრედიელი ქომაგი თასის ფინალი დიდწილად ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარდებოდა, მაგრამ მატჩის ბოლოს მომხდარმა ყველაფერი დაჩრდილა, თუმცა რა გასაკვირია – ხშირ შემთხვევაში საქართველოში გუნდი მხოლოდ მაშინ უყვართ, როცა იგებს... სამწუხაროდ რეალობა ასეთია...

ვიაროთ სტადიონებზე, გავავსოთ ტრიბუნები, ვიყოთ ნაკლებად აგრესიულები და ჩვენივე საყვარელ გუნდებს ტრიბუნებიდან მხოლოდ მხარი დავუჭიროთ, ასე უფრო მარტივია, ასე უფრო დავეხმარებით ქართულ ფეხბურთს, ასე უფრო ავამაღლებთ დონეს. მერწმუნეთ, რომ ფეხბურთელისთვის ცარიელი ტრიბუნის წინაშე თამაში სასჯელივითაა და გაცილებით ლამაზი სანახავი იქნება ჩვენს მინდვრებზე გამართული შეხვედრები თუ ტრიბუნებს გავავსებთ, მაგრამ ისე, რომ ფეხბურთელები არ შეურაცხვყოთ, არ გავლანძღოთ, არ ვაგინოთ ათასნაირ ბრუნვაში...

0.120392