ფეხბურთი

21:19 | 28.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მამია გავაშელიშვილი: "ჩემი მიზანი ეროვნულ ნაკრებში თამაშია"
ფორვარდი 10 დღე იუქმებს და ახალგაზრდულ ნაკრებს დააკლდება

საქართველოს უმაღლეს ლიგას 5 წლიანი პაუზის შემდგომ თბილისის "ლოკომოტივი" დაუბრუნდა. გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის 20 წლის თავდამსხმელ მამია გავაშელიშვილს, ვინაც პირველ ლიგაში მეტოქეთა კარში 44 გოლი გაიტანა, ხოლო პლეი ოფში "ბორჯომი" და რუსთავის "მეტალურგი" თითოჯერ დაამწუხრა.

ახალგაზრდა ფორვარდი 21 წლამდე ნაკრებში ალექსანდრე ჩივაძემ სან მარინოსთან მატჩისთვისაც იხმო, თუმცა, როგორც თავად ფეხბურთელმა "მსოფლიო სპორტს" განუცხადა, ფეხზე მცირე ტრავმა აქვს, რის გამოც ნაკრებს ვერ დაეხმარება.

გარდა ამისა, გავაშელიშვილი ჩვენთან სხვადასხვა საინტერესო საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, მომავალში სურს, რომ ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელი გახდეს.

- მკითხველმა რომ უკეთ გაგიცნოთ, როგორ დაიწყო თქვენი კარიერა?

- რაჭველი ვარ, იქ დავიბადე და გავიზარდე. რაჭაშივე დავიწყე ფეხბურთის თამაში, ენრიკო ჩიტალაძე მავარჯიშებდა. 16 წლისას ქუთაისის "ტორპედოს" დუბლებში გადამიყვანეს.

- თბილისის "ლოკომოტივში" როგორ აღმოჩნდით?

- თავის დროზე, "ლოკომოტივი" და "ტორპედო" რომ შეერთდნენ, იქ ვიყავი. შემდეგ, როცა დაიშალა, მეც "ლოკომოტივში" წამომიყვანეს.

- წლევანდელი სეზონი თქვენთვის და "ლოკომოტივისთვის" წარმატებული გამოდგა. რამ განაპირობა ასეთი კარგი ასპარეზობა?

- უპირველეს ყოვლისა, ყველანი მონდომებულნი ვიყავით, გუნდის პრეზიდენტიც გვერდით გვედგა. ეს წარმატება ადვილად არ მოსულა, ბევრს ვარჯიშობდით. შეკრული გუნდი ვართ, ერთმანეთის გვჯერა და ამან განაპირობა უმაღლეს ლიგაში დაბრუნება. ამასთან, ყველაფერი მწვრთნელების დამსახურებაცაა, ვასილ მაისურაძისა და გიორგი დევდარიანის.

- უმაღლესი ლიგა სხვა დონეა. როგორ ფიქრობთ, რამდენად მზად ხართ თავად და მთლიანად გუნდი?

- ჩემი აზრით, არ გაგვიჭირდება უმაღლეს ლიგაში თამაში. პერსპექტიული, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების კანდიდატებით დაკომპლექტებული გუნდი გვყავს და ალბათ, ზაფხულში კიდევ რამდენიმე მოთამაშით გავძლიერდებით. მგონია, რომ ანგარიშგასაწევი გუნდი გვეყოლება.

- სხვა, უფრო მაღალი დონის გუნდებიდან ხომ არ გაქვთ შემოთავაზებები?

- დიახ, მაქვს. კონკრეტულად ვერ დავასახელებ, მაგრამ შემოთავაზებები მაქვს, როგორც ქართული, ისე ევროპული გუნდებიდან. ჯერ "ლოკომოტივს" ველოდები, ვნახოთ რა იქნება.

- ქვეყნებს ხომ არ გვეტყოდით, საიდანაც დაინტერესებულნი არიან?

- ზუსტად ვერაფერს მოგახსენებთ. თუ რაიმე კონკრეტული გამოჩნდება, აუცილებლად გეტყვით.

- თუ საქართველოში დარჩენა მოგიწიათ, რა მიზანს დაისახავთ ამჯერად უკვე უმაღლეს ლიგაში?

- პირადად ჩემთვის ბომბარდირობას, ხოლო გუნდისთვის რაც შეიძლება მაღალ საფეხურზე გასვლას.

- წლევანდელ სეზონში ძალზე შედეგიანად ითამაშე. სეზონის წინ ამას იფიქრებდით?

- სეზონი რომ დაიწყო, მიზნად ბომბარდირობა დავისახე, მაგრამ ასე შედეგიანად თუ ვითამაშებდი, არ მეგონა. თუმცა მოვახერხე და ძალიან გახარებული ვარ. ეს ჩემი კარიერის პირადი რეკორდია.

- შრომაც დაგიფასდათ. ალექსანდრე ჩივაძემ 21 წლამდე ნაკრებში სათამაშოდ გიხმოთ...

- დიახ, გამოძახებული ვარ, მაგრამ სამწუხაროდ ფეხზე ტრავმა მივიღე და ნაკრებში წასვლას ვერ ვახერხებ.

- რამდენად სერიოზულია დაზიანება?

- ექიმების თქმით, დასვენება 10 დღე მომიწევს.

- რა არის თქვენი მიზანი კარიერაში?

- უპირველეს ყოვლისა, ეროვნულ ნაკრებში თამაში, შემდეგ კი ევროპის რომელიმე წამყვან გუნდში ასპარეზობა.

- თავად რომელ ევროპულ გუნდს ისურვებდით?

- "ჩელსის"! დიდიე დროგბას სიამოვნებით შევცვლიდი. ჩემი აზრით, მსოფლიოში საუკეთესო ფორვარდია.

- ქართველი ფეხბურთელებიდან ვის გამოარჩევდით?

- ბევრი მეუბნება, რომ გოლების გატანაში და საგოლე ალღოთი რამაზ შენგელიას ვგავარ...

- როგორ ფიქრობთ, ეროვნულ ნაკრებში გამოძახების შანსი რამდენად გაქვთ?

- რა თქმა უნდა მაქვს, მაგრამ ამისათვის ჯერ ძალიან დიდი შრომაა საჭირო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117283