ფეხბურთი

18:22 | 28.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი დევდარიანი: “ვნახავთ, სად ვიმყოფებით ევროპელებთან შედარებით”

თბილისში 19 წლამდე ფეხბურთელთა ელიტ რაუნდის ერთი დღით ადრე, საქართველოს, ესპანეთის, პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებების მწვრთნელებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაატარეს.

ედგარ ბორხესი (პორტუგალია): “ასეთ გუნდებთან თამაში პატივია. მითუმეტეს, რომ ეს ნაკრებები ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან არიან. ყველა გუნდი ძლიერია. სიტყვა ელიტრაუნდი ნიშნავს, რომ ელიტური გუნდებია შეკრებილი. მათ ბევრი შეხვედრა ჩაატარეს და დიდი გზა გაიარეს. კოლეგებისადმი პატივისცემას ვადასტურებ და ვისურვებ, რომ ღირსეულმა გაიმარჯვოს”.

ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთი): “მსურს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ასეთი მასპინძლობისთვის მადლობა გადავუხადო. თავს ისე ვგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში. ჩვენს ჯგუფში თავი ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა. ყველა გუნდი გამორჩეული ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. რთული მატჩები იქნება. მთავარია ურთიერთპატივისცემა და ლამაზი სანახაობა იყოს”.

გიორგი დევდარიანი (საქართველო): “ჩემს კოლეგებს დავეთანხმები, რომ ძალიან რთული ჯგუფია. ყველა გუნდი ანგარიშგასაწევია. ფინალურ ეტაპზე ამაზე ძლიერი გუნდები არ არიან. მეტოქეებისადმი პატივისცემას ვადასტურებ. ჩვენი გუნდისთვის კარგი გამოცდილება იქნება, რომ ვნახოთ სად ვიმყოფებით ევროპელებთან შედარებით”.

ვედათ ინსეფი (თურქეთი): “მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას თბილი მიღებისთვის. ჩვენთვის საქართველოს იმითაცაა გამორჩეული, რომ შოთა და არჩილ არველაძეები ქართულ ფეხბურთთან ასოცირდებიან. მართლაც უძლიერესი ჯგუფია. ამ ჯგუფიდან ვინც ევროპის ჩემპიონატზე მოხვდება ფავორიტი იქნება”.

-საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდისთვის რამდენად კარგად მოემზადა და იმედიანად განწყობილი თუ ხართ?

დევდარიანი: “უიმედოდ რომ ვიყო, აქ არ ვიქნებოდი. თუმცა, ჩვენი ჯგუფიდან ვერცერთი მწვრთნელი თავის გულშემატკივარს იმის გარანტიას ვერ მისცემს, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავა. იმედი მაქვს, ჩვენ ღირსეულ ფეხბურთს ვითამაშებთ. გუნდის თითოეული ფეხბურთელი ამ ტურნირის მნიშვნელობას აცნობიერებს.

მოსამზადებელ პერიოდს იდეალურად არ ჩაუვლია. თასის ფინალმა და გადასასვლელმა მატჩებმა კვალი დაგვატყო. გუნდს გვიან შემოუერთდნენ კიტეიშვილი და ჭანტურია. არაბიძე საერთოდ ვერ გამოვიძახეთ, რადგან გუნდთან ერთად ერთი დღე არ ყოფილა. ვერ ვენდე. არადა, მიმაჩნია, რომ ის გუნდში უნდა იყოს. შევეცდებით სახალისო და აზრიანი ფეხბურთი ვაჩვენოთ”.
-მეტოქეები რამდენად კარგად შეისწავლეთ? თავს ელიტრაუნდის ფავორტად მიიჩნევთ? შემდეგ ეტაპზე მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებთ?

დე ლა ფუენტე: “ამ ჯგუფში თავს ფავორიტად არ მივიჩნევთ. სერიოზული მეტოქეები გვყავს. ასეთ ტურნირებში თამაშის გამოცდილება გვაქვს და კარგად ვიცით, რომ თავს ფავორიტს ვერ ვუწოდებთ. იოლი მატჩები არ გველის. ვეცდებით ბოლომდე ვაჩვენოთ ის თამაში, რასაც ვთამაშობთ ხოლმე”.

- ესპანეთის 19-წლამდელებში “ბარსელონას” არც ერთი აღზრდილი რატომ არაა?

დე ლა ფუენტე: “ჩვენ ბევრი კარგი მოთამაშე გვყავს. “ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდი მეორე დივიზიონში წარმატებით ასპარეზობს. თუმცა, ჩვენ სხვა ფეხბურთელებზე დაყრდნობა გადავწყვიტეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ “ბარსელონას” კარგი გუნდი არ ჰყავს”.

-პორტუგალიას ყოველთვის კარგი ასაკობრივი ნაკრებები ჰყავს? შესაძლოა, მომავალი კრიშტიანუ რონალდუ არ გყავდეთ, მაგრამ ამ ფორმაციის გუნდი რამდენად ნიჭიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული?

ბორხესი: “ადვილი არაა, ახალი რონალდუ ან ფიგუ იპოვო. თუმცა, თუ კარგად შეარჩევ, შესაძლოა ერთი კი არა 18 რონალდუ აღმოაჩინო. ზოგი მოთამაშე კარგია, ზოგი ნაკლებად, მაგრამ გვინდა მათ შორის საუკეთესოები ამოვარჩიოთ”.

პრესკონფერენციის შემდეგ, დევდარიანმა “მიხეილ მესხზე” საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით ავარჯიშა:

მეკარეები: ოთო გოშაძე (“ქასიმფაშა”, თურქეთი), ლაზარე კუპატაძე (“საბურთალო”).

მცველები: ჯემალ ტაბიძე, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე (ყველა “საბურთალო”), ზურაბ მალანია (“შუქურა”), გიორგი თევზაძე (“სამტრედია”), აკაკი შულაია (“მერანი”), გიორგი დუმბაძე (“ლოკომოტივი”).

ნახევარმცველები: გიორგი ხარაიშვილი, გურამ გოშთელიანი (ორივე “საბურთალო”), გიორგი ბერიძე (“ზესტაფონი”), ლადო მოხევიშვილი (“ლევანტე”, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (“დინამო”).

თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია (“გენკი”, ბელგია), რომან ჭანტურია (“ემპოლი”, იტალია), ილია კერძევაძე (“სამტრედია”), მათე კვირკვია (“ზესტაფონი”).

წვრთნას თვალს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე ადევნებდა, რომელმაც შემდეგ თქვა:

“19-წლამდელებს წარმატებას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, რომ კარგს შედეგს აჩვენებენ, რადგან კვალიფიციური მწვრთნელი ჰყავთ. ძალიან მძიმე ჯგუფია. მთავარია, ფეხბურთელებმა მწვრთნელის დავალება შეასრულონ. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მითუმეტეს, თამაშები თბილისშია და ბევრი მაყურებელი მოვა”.

ქართველების შემდეგ, “მიხეილ მესხს” ესპანელებმა მიაშურეს, რომელთა ვარჯიში პრესისთვის ღია საწყისი 15 წუთი იყო.

29 მაისს, საქართველო-ესპანეთის დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგება და 17:00 საათზე დაიწყება. მანამდე, 14:00 საათზე ამავე სტადიონის სათადარიგო მოედანზე ერთმანეთის პირისპირ პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებები წარსდგებიან.

აქვე გეტყვით, რომ ჯგუფის გამარჯვებული ივლისში საბერძნეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

0.439583