დღეს საღამოს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “ტულონის” მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე “ბარბაროსების” შემადგენლობაში ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს და გახდება მეხუთე ქართველი, რომელიც ამ 125-წლიანი კლუბის შავ-თეთრ მაისურს მოირგებს.
“მსოფლიო სპორტი” 23 წლის მორაგბეს ირლანდიაში შეეხმიანა და “ბარბაროსებში” თამაშის გარდა, კლუბში არსებულ მდგომარეობაზე და სანაკრებო პერსპექტივაზე ესაუბრა:
- ჩემთვის და ალბათ, ნებისმიერი მორაგბისთვის “ბარბაროსებში” გამოძახება დიდი პატივია. ესაა კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც მოტივაციას და ამბიციას გაზრდის. ნებისმიერი მორაგბე რაც შეიძლება ბევრ თამაშზე და ტიტულების მოგებაზე ფიქრობს და ასე ვარ მეც.
- როგორ ემზადებით ირლანდიასთან თამაშისთვის და გუნდში როგორი განწყობაა?
- კლუბსა და “ბარბაროსების” მზადებას შორის ძალიან დიდი სხვაობაა. ფაქტობრივად, ყველა ინდივიდუალურად ვარჯიშობს და ვარჯიშებზეც კი, დიდი მხიარულებაა. ერთმანეთი უფრო კარგად რომ გავიცნოთ, დროს არ ვკარგავთ, სულ რაღაცას ვაკეთებთ, წამითაც არ ვჩერდებით. დავდივართ რესტორანში, ბარში, გოლფს ვთამაშობთ, ბევრი თავისუფალი დრო გვაქვს და მოსაწყენად არავის სცალია. მთელი დღის განმავლობაში დაახლოებით საათი ვარჯიშობთ.
- “ბარბაროსებში” საქართველოში სტუმრობა თუ ახსოვთ?
- ახსოვთ და ძალიან ნასიამოვნები არიან. აეროპორტში ბოთლიდან დალევაზე ბევრი იხუმრეს.
- ირლანდიაში როგორ ხვდებიან “ბარბაროსებს”?
- ყველამ კარგად იცის, როგორ უყვართ რაგბი ირლანდიაში და შეხვედრებიც შესაბამისია. ყველგან თბილად გვხვდებიან.
- თქვენ კლუბ “ტულონს” სეზონის უმნიშვნელოვანესი თამაშები ელის და როგორ დათანხმდა მორაგბეების “ბარბაროსებში” გაშვებას?
- ამ კვირაში “ტულონი” ისვენებს და მიზეზი ეს იყო. ესეც რომ არა, სამწუხაროდ, არცთუ ხშირად მიწევს კლუბში თამაში და ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. თუმცა, თავიდანვე ითქვა და ყველამ ვიცოდით, რომ კლუბი რეგულარულ გათამაშებას პირველ, ან მეორე ადგილზე თუ არ დაასრულებდა, “ბარბაროსებში” არ გაგვიშვებდნენ.
- “ტულონში” სათამაშო დრო არ გეძლევათ, არადა, სხვა გუნდში ალბათ, რეგულარულად სასტარტო შემადგენლობაში იქნებოდით...
- “ტულონთან” მოქმედი კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს. კლუბის პრეზიდენტს მისი გაუქმების თხოვნით რამდენჯერმე მივმართე, რათა სხვაგან წავსულიყავი სათამაშოდ, მაგრამ ყველა ჯერზე უარი მივიღე. მეუბნებიან, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მეორეხაზელები და შესაბამისად, ჩემი კონკურენტები - ალი უილიამსი და ბაკის ბოთა მიდიან და ბევრს ითამაშებო. ახალი კონტრაქტის გაფორმებაც შემომთავაზეს, მაგრამ ჯერჯერობით თავს ვიკავებ. ვნახოთ, რამდენად ხშირად მომიწევს თამაში და გადაწყვეტილებასაც ამის მიხედვით მივიღებ.
- “თბილისის თასზე” თუ მოდიხართ?
- “თბილისის თასზე” მოვდივარ და აუცილებლად ვითამაშებ, უბრალოდ, ჯერ არ ვიცი შევძლებ თუ ვერა სამივე შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას. ეს იმაზეა დამოკიდებული, გავა თუ არა “ტულონი” საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში. ასეთ შემთხვევაში სამივე თამაშისთვის თბილისში ფიზიკურად ვერ ვიქნები და როცა ჩამოვალ, აუცილებლად ვითამაშებ.
- სექტემბერში მსოფლიო თასი გველის და რას უნდა ველოდეთ ინგლისიდან?
- ჯერ არაა გადაწყვეტილი, ვინ გაემგზავრება მსოფლიო თასზე და შემადგენლობაში მოსახვედრად ყველა თავდაუზოგავად იბრძოლებს. იქ თამაში მართლაც უმნიშვნელოვანესია და შევეცდები მაქსიმალურად კარგად მოვემზადო. იმედია, ინგლისში გავემგზავრები და გუნდსაც დავეხმარები. ნებისმიერ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ყველა ის მორაგბე, რომელიც მოედანზე გავა, მიზნის მისაღწევად მაქსიმუმს გაიღებს და იმედია, მინიმუმ 2 თამაშის მოგება მოხერხდება.