ფეხბურთი

1:55 | 28.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

თბილისში ევროპის ლიგის რეკორდსმენი „სევილია“ მოდის

11 აგვისტოს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, ევროპის ლიგის ისტორიაში საუკეთესო გუნდი, ესპანური „სევილია“ ითამაშებს. ანდალუსიელებმა, ვარშავაში გამართულ ფინალში, „დნიპროს“ ძლიეს, ტურნირი მეოთხედ მოიგეს და აქამდე თანარეკორდსმენებს - „იუვენეტუსს“, „ინტერსა“ და „ლივერპულს“ გადაასწრეს.

„სევილიას“, ევროპის ლიგაზე, უნიკალური შედეგები აქვს. 2006 წლიდან მოყოლებული, ამ გუნდმა ფინალში მეოთხედ ითამაშა და ამჯერადაც მოიგო. ამ ტურნირის ისტორიაში სულ 3-ჯერ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც მოქმედმა ჩემპიონმა ტიტული შეინარჩუნა და 2-ჯერ ეს სწორედ „სევილიამ“ მოახერხა. მესამე შემთხვევაში, ტურნირი ზედიზედ 2-ჯერ ასევე ესპანურმა გუნდმა, მადრიდის „რეალმა“ მოიგო.

2006 წლიდან მოყოლებული „სევილია“ ერთადერთი ესპანური გუნდი არაა, რომელიც ევროტურნირებზე წარმატებას აღწევს. ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ბოლო 19 ფინალიდან 10 სწორედ ესპანეთის წარმომადგენლებმა მოიგეს. ამ 19 ფინალში ესპანურმა გუნდმა 3-ჯერ წააგო და ისიც მაშინ, როდესაც გადამწყვეტი მატჩის ორივე მონაწილე ესპანეთს წარმოადგენდა.

ვარშავას ეროვნულ სტადიონზე გამართული მატჩი ევროტურნირის ფინალებისთვის უჩვეულოდ უხვგოლიანი გამოდგა. 2001 წლის შემდეგ პირველად, შესვენებამდე უკვე 4 გოლი იყო გატანილი, ხოლო 2003 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ უეფას თასის/ევროპის ლიგის ფინალში 5 ბურთი გავიდა.

შეხვედრა „სევილიას“ აქტიურობით დაიწყო, მაგრამ პირველი გოლი მაინც ესპანელთა კარში გავიდა. მე-7 წუთზე, კალინიჩმა, მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს, საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და თავით მატეუსს უპასა, რომელმაც თანაგუნდელს ბურთის დაბრუნება არ დაუგვიანა. უკრაინელთა მე-9 ნომერმა, კვლავ თავით, კარგად ითამაშა და ანგარიში გახსნა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც „სევილიამ“, ევროპის ლიგის ფინალში, ანგარიშის გახსნის საშუალება მეტოქეს მისცა.

ანდალუსიელები უპირატესობას გაშვებული გოლის შემდეგაც ფლობდნენ და ანგარიში 28-ე წუთზე გათანაბრდა, როდესაც კრიხოვიაკმა დაახლოებით 14 მეტრიდან ზუსტად დაარტყა. „სევილიას“ პოლონელი ნახევარმცველი პირველი ფეხბურთელია 2002 წლის შემდეგ, რომელმაც უეფას თასის/ევროპის ლიგის ფინალში გოლი საკუთარ სამშობლოში გაიტანა. 12 წლის წინათ, იგივე „ფეიენორდის“ თავდამსხმელმა, პიერ ვან ჰოიდონკმა გააკეთა.

კრიხოვიაკის გოლიდან სამ წუთში წინ უკვე „სევილია“ გავიდა. 31-ე წუთზე, რეიესის ძალიან კარგი გადაცემით მეკარესთან პირისპირ გასულმა კარლოს ბაკამ ბოიკო მოატყუა და შეხვედრაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

„სევილიამ“ ტაიმი მაინც ვერ მოიგო. 44 წუთზე, მატეუსის წაქცევისთვის დანიშნული სახიფათო ჯარიმის შესრულების დროს, როტანმა აქცენტი არა ძალაზე, არამედ სიზუსტეზე გააკეთა და დნიპროპეტროვსკელთა კაპიტანმა ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანა - 2:2.

მე-2 ტაიმი, პირველის მსგავსად, „სევილიას“ უპირატესობით წარიმართა, რაც ანდალუსიელებმა გამოიყენეს და მათ მეტოქეს ერთი უპასუხო ბურთი გაუტანეს.

73-ე წუთზე, „დნიპროს“ ფეხბურთელებმა ბურთი საკუთარი საჯარიმოს მისადგომებიდან ვერ გამოიტანეს, რითიც ვიტოლომ ისარგებლა და ბაკა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა. კოლუმბიელმა შანსი ხელიდან არც ამჯერად გაუშვა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

ბოლო სამ შემთხვევაში, როდესაც ევროპის ლიგის ფინალში ფეხბურთელმა დუბლი გაიფორმა, 2 გოლის ავტორი სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი იყო, უკანასკნელ ორ შემთხვევაში კი თავი კოლუმბიელებმა (ფალკაომ და ბაკამ) გამოიჩინეს. ცნობისთვის, ევროპის ლიგის ფინალში მოედანზე კოლუმბიელი ფეხბურთელის ყოფნა მოგების გარანტიას იძლევა. აქამდე არასდროს მომხდარა, რომ კოლუმბიელს უეფას თასის/ევროპის ლიგის ფინალში ეთამაშოს და მის გუნდს წაეგოს.

ვარშავაში გამართულ შეხვედრაში, „დნიპროს“ ქართველმა ნახევარმცველმა, ჯაბა კანკავამ, მოედანზე 85 წუთი დაჰყო. მისი სტატისტიკა ასეთია: 3 ჯარიმა, 1 გაფრთხილება, 2 გამომუშავებული ჯარიმა, 2 ბურთის ართმევა, 1 მოგერიება, 1 დარტყმის დაბლოკვა, 24 გადაცემა (83% ზუსტი, მე-2 საუკეთესო შედეგი გუნდში).

„დნიპრომ“, რომელიც ევროპის ლიგის მთავარ აღმოჩენად იქცა, ამ ტურნირის ანტირეკორდი დაამყარა. დნიპროპეტროვსკელებმა, გასულ გათამაშებაში, 56 ყვითელი ბარათი მიიღეს. აქამდე ანტირეკორდი „პარმას“ ეკუთვნოდა, რომლის ფეხბურთელებიც, 2004/05 წლების სეზონში, 51-ჯერ გააფრთხილეს.

„სევილიამ“, ევროპის ლიგის მოგებით, ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშების ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა. ეს კი ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების გათამაშებაში ესპანეთი 5 გუნდით იქნება წარმოდგენილი. „ბარსელონა“, „რეალი“, „ატლეტიკო“ და „სევილია“ ჯგუფურ ეტაპზე მოხვდნენ, „ვალენსია“ კი ტურნირზე ფლეი ოფიდან ჩაერთვება. აქამდე მხოლოდ ერთხელ დაფიქსირებულა შემთხვევა, როდესაც ლიგაზე, ერთ ქვეყანას, 5 წარმომადგენელი ჰყავდა. ეს 2005/06 წლების სეზონში მოხდა, მაგრამ 10 წლის წინათ, ინგლისელებმა ხუთივე გუნდის ჯგუფურ ეტაპზე გაყვანა ვერ მოახერხეს.

დნიპრო-სევილია 2:3 (2:2)

ვარშავა, ეროვნული სტადიონი

დნიპრო (4-2-3-1): ბოიკო, ფედეცკი, დუგლასი, ჩებერიაჩკო, მატოსი, კანკავა (შახოვი 85), ფედორჩუკი (ბეზუსი 68), მატეუსი, როტანი, კონოპლიანკა, კალინიჩი (სელეზნიოვი 78).

მწვრთნელი: მირონ მარკევიჩი.

სევილია (4-2-3-1): რიკო, ვიდალი, კარისუ, კოლოძიეჩაკი, ტრემულინა, მბია, კრიხოვიაკი, რეიესი (კოკე 58), ბანეგა (იბორა 87), ვიტოლო, ბაკა (გამეირო 82).

მწვრთნელი: უნაი ემერი.

გოლები: 1:0 კალინიჩი (7), 1:1 კრიხოვიაკი (28), 1:2 ბაკა (31), 2:2 როტანი (44), 2:3 ბაკა (73).

გაფრთხილებები: კანკავა 17, კალინიჩი 45+2, ბეზუსი 70, როტანი 75, მატოსი 83 – კრიხოვიაკი 45+2, კარისუ 62, ბაკა 74.

მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი).

ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 12 (5)-18 (5), კუთხური: 5-11, თამაშგარე: 1-2, სეივი: 2-3, ჯარიმა: 24-16.

0.146444