უეფა ფიფას წითელ ბარათს უჩვენებს – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა განცხადება ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ფიფას შესახებ ატეხილ სკანდალთან დაკავშირებით.
უეფას კომიტეტის წევრები ვარშავაში იმყოფებიან და შემდეგი ტიპის განცხადებას ავრცელებენ: “დღევანდელი ღონისძიებები კატასტროფულია ფიფასთვის და ფეხბურთს ლაქა დაედო. უეფა შოკირებულია და მწუხარებას განიცდის. აღნიშნულმა გამოძიებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ კორუფცია ფიფას კულტურაში ღრმადაა გამჯდარი. საჭიროა მთლიანი რეორგანიზაცია. ფიფას მომავალი კონგრესი შესაძლოა ფარსად იქცეს, ამიტომ, ევროპული ფეხბურთის ასოციაციები კარგად უნდა დაფიქრდნენ, იქნებ სჯობდეს საერთოდ არ დაესწრონ კონგრესს და ამით დაგმონ ეს სისტემა, რომელიც თუ არ შეაჩერე ფეხბურთს მოკლავს.
უეფას წევრი ასოციაციები 28 მაისს ფიფას კონგრესამდე შეხვედრას გამართავენ. მიზანი ერთია, მათ უნდა გადაწყვიტონ რა ნაბიჯებს გადადგამენ, რათა ფეხბურთი დაიცვან. უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრები თვლიან, რომ ფიფას ხელმძღვანელობაში ცვლილებები აუცილებელია, ფიფას კონგრესი უნდა გადაიდოს და საპრეზიდენტო არჩევნების ორგანიზება მომდევნო 6 თვის განმავლობაში მოხდეს.”
ფიფას კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით 14 ჩინოვნიკია ბრალდებული. ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 29 მაისს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში უნდა გაიმართოს.