ფეხბურთი

13:32 | 27.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლაურენტისი და ბენიტესი პრესკონფერენციას გამართავენ

“ნაპოლის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მთავარ მწვრთნელ რაფაელ ბენიტესთან ერთად ხუთშაბათს პრესკონფერენციას გამართავს და მადრიდის “რეალთან” დაკავშირებულ ცნობებზე ისაუბრებს.

ჯერჯერობით უცნობია ესპანელი სპეციალისტის ბედი იტალიურ გუნდში. რაფას კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება, ხელშეკრულება კი არ გაუხანგრძლივებია.

კარლო ანჩელოტის “რეალიდან” გათავისუფლების შემდეგ, იტალიელის წარმომადგენელმა დარწმუნებით განაცხადა, რომ ბენიტესი 2003 წლის შემდეგ “სამეფო გუნდის” მე-13 მწვრთნელი გახდება. ესპანური გამოცემებსაც კლუბის სათავეში ბენიტესის მოსვლის სჯერათ.

მადრიდული კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ანჩელოტის განთავისუფლების შემდეგ აღნიშნა, რომ გუნდს ესპანურის კარგად მცოდნე სპეციალისტი სჭირდება, ბენიტესი კი ამ მოთხოვნას ნამდვილად აკმაყოფილებს.

ხუთშაბათს ლაურენტისისა და ბენიტესის ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ გაირკვევა დარჩება თუ არა რაფა იტალიაში. “ნაპოლიდან” წასვლის შემთხვევაში კი იგი მშობლიური გუნდის თავკაცის პოსტზე მთავარი კანდიდატურა იქნება.

ესპანელმა კარიერა 1989 წელს “რეალში” დაიწყო და ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა. შემდეგ რაფა მთავარ გუნდში ასისტენტად მუშაობდა და სარეზერვო გუნდსაც ედგა სათავეში.

0.113556