რაგბი

13:24 | 27.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე “ბარბაროსების” სასტარტოშია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული ტოპ 14-ის ლიდერის, “ტულონის” მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე, რომელიც “ბარბაროსებში” სათამაშოდ გამოიძახეს, ირლანდიასთან მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს.

შერკინების მეორე ხაზში 23 წლის მორაგბე, რომელსაც 24 წელი 1 ივლისს უსრულდება, “კასტრის” ურუგვაელ მორაგბე როდრიგო კაპო ორტეგას შეუწყვილდება. თამაში 28 მაისს, ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გაიმართება.

“ბარბაროსები” - ეს უძველესი, ისტორიული და განსაკუთრებული სტატუსის მქონე კლუბი, 1890 წელს დაარსდა, წელიწადში ერთხელ, ან ორჯერ იკრიბება და მსოფლიოს წამყვან ნაკრებებს ებურთავება. მის შემადგენლობაში, ან მის წინააღმდეგ თამაში ყველა მორაგბისთვის დიდი პატივია. გუნდში იწვევენ პლანეტის საუკეთესო მოთამაშეებს და ისინი მაყურებელს ლაღ თამაშს აჩვენებენ. წელს “ბარბაროსები” დაარსებიდან 125-წლიან იუბილესთან დაკავშირებით 28 მაისს ირლანდიას, ხოლო 31-ში ინგლისს ეთამაშებიან.

2006 წელს “ბარბაროსები” საქართველოს ეწვივნენ და “მიხეილ მესხზე” საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშეს. თამაში სტუმრებმა 28:19 მოიგეს, თუმცა ქართველი მორაგბეებით მოიხიბლნენ, მაშინვე თქვეს, რომ მათ საკუთარ რიგებში აუცილებლად იხმობდნენ და პირობაც არაერთხელ შეასრულეს. პირველი ქართველი, რომელმაც ამ კლუბის შავ-თეთრი მაისური მოირგო დავით ქუბრიაშვილია, 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ კი, მის შემადგენლობაში დავით კაჭარავამ და გოდერძი შველიძემ იბურთავეს. 2012 წელს “ბარბაროსებში” უკვე მამუკა გორგოძეს უხმეს.

2013 წელს მსოფლიოს არაოფიციალურ ნაკრებში კვლავ ქუბრიაშვილსა და გორგოძეს უნდა ეთამაშათ, მაგრამ მათი შეკრებაზე ჩასვლა ვერ მოხერხდა. შარშან გამოძახებულთა შორის იყვნენ დავით ზირაქაშვილი და მიხეილ ნარიაშვილი, მაგრამ პირველის კლუბს თამაშები ჰქონდა, მეორეს ხელი სავიზო პრობლემებმა შეუშალა და ისინი “ბარბარესობეში” ვერ მოხვდნენ. სამაგიეროდ, ამ კლუბის ღირსება დაიცვეს გორგოძემ და ქუბრიაშვილმა და მამუკამ ინგლისელებს ლელოც გაუტანა. ჯერჯერობით ესაა ერთადერთი ქართული ლელო, რომელიც “ბარბაროსების” მაისურით გატანილა.

ამრიგად, მიქაუტაძე მეხუთე ქართველია, რომელიც “ბარბაროსების” ღირსებას დაიცავს. კოტე 2010 წლიდან “ტულონში” ირიცხება, პირველი სეზონი ესპუარებში გაატარა, მომდევნო ორ სეზონში პირველ გუნდში სულ 6 თამაშში გამოჩნდა, შარშანდელ და მიმდინარე სეზონში კი, გუნდს გაუშინაურდა. 2013/14 წლების სეზონში მან ტოპ 14-ის 10 და “ჰეინეკენის თასის” (ამჟამად ჩემპიონთა თასი) 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. წელს ის მოედანზე ჩემპიონთა თასის მხოლოდ ერთ, მაგრამ ტოპ 14-ის 12 თამაშში გავიდა და 5 შემთხვევაში სასტარტო შემადგენლობაშიც მოხვდა.

0.140964