გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურის სერიის მეოთხე მატჩი გაიმართა.
“კლივლენდ კავალიერსმა” შინ “ატლანტა” 118:88 გაანადგურა, სერიაში ანგარიში 4:0 გახადა და გუნდმა თავის ისტორიაში აღმოსავლეთ კონფერენცია მეორეჯერ მოიგო. “კავალერიამ” პირველად ეს 2007 წელს მოახერხა. თუმცა მაშინ სუპერფინალში გრეგ პოპოვიჩის “სან ანტონიოსთან” 0:4 დამარცხდნენ. “მეფე” ზედიზედ მეხუთე წელია სუპერფინალში გადის, წინა ოთხ შემთხვევაში ჯეიმსმა ამის გაკეთება “მაიამის” მაისურით მოახერხა.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, “კავალერიას” ტრავმის შემდეგ კაირი ირვინგი დაუბრუნდა, რომელმაც მეტოქეს 16 ქულა ჩაუგდო. ოთხივე მეოთხედი დევიდ ბლატის შეგირდებმა პირწმინდად მოიგეს. მატჩის საუკეთესო მექულე ლებრონ ჯეიმსი გახლდათ, რომელმაც მეტოქეს 23 ქულა ჩაუგდო. “მეფე” “ატლანტასთან” 4-მატჩიან დუელში, საშუალოდ ერთ მატჩში 30.3 ქულას 11 მოხსნას და 9.3 პასს აკეთებდა.
მატჩისშემდგომ ლებრონ ჯეიმსმა კომენტარი გააკეთა:
“ძალიან ემოციური მომენტია. როცა “კავალიერსში” დაბრუნება გადავწყვიტე, ვაანალიზებდი, რომ ეს ახალი გუნდი იყო და არ მიფიქრია იმაზე, რომ ჩვენ სუპერფინალში გავიდოდით. ჩვენ გვქონდა ცუდი პერიოდი. კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ დევიდ ბლატმა ვერ გაამართლა, ლებრონი და კაირი ერთად ვერ ითამაშებენ, მაგრამ ჩვენ სუპერფინალში ვართ და ამით ყველაფერი ნათქვამია. ეს მართლაც განსაკუთრებული მომენტია. გავიგე, რომ უნდა ვიყო მომთმენი. ჩვენ მოზგოვი, შამპერტი და სმიტი დაგვემატნენ და რა თქმა უნდა, შეგვიძლია ჩემპიონობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი ტრავმირებული გვყავს და გამოუცდელი გუნდი ვართ, ჩვენ აღმოსავლეთ კონფერენცია მოვიგეთ”.
“კლივლენდ კავალიერსი” – “ატლანტა ჰოუქსი” 118:88 (32:20, 27:22, 26:18, 33:28)
“კლივლენდი”: ჯეიმსი (23 ქ. 9 მ. 7 პ.), სმიტი (18 ქ. 10 მ.), ირვინგი (16 ქ.), ტომპსონი (16 ქ. 11 მ.), მოზგოვი (14 ქ. 7 მ.), დელავედოვა (10 ქ.), ჰარისი (7 ქ.), ჯონსი (5 ქ.), შამპერტი (3 ქ.), პერკინსი (3 ქ.), მილერი (3 ქ.)
“ატლანტა”: ტიგი (17 ქ.), მილსაპი (16 ქ. 10 მ.), ბაზერმორი (12 ქ. 8 მ.), ჯენკინსი (10 ქ.), მაკი (10 ქ.), მუსკალა (10 ქ.), ქეროლი (7 ქ.), შროდერი (4 ქ.), ჰორფორდი (2 ქ.), სკოტი (2 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=zTlYW8T65Zo
სერია “კლივლენდმა” 4:0 მოიგო