ფეხბურთი

21:36 | 26.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გეგუჩაძის იღბლიანი დაბრუნება
“ცხინვალი” ევროპის ლიგაზე ითამაშებს

გია გეგუჩაძეს თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელის რანგში საქართველოს თასი 11 წლის წინათ მოეგო. მაშინ, “დინამომ” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქუთაისის “ტორპედოს” 2:1 აჯობა.

“დინამოში” დაბრუნებულმა გეგუჩაძემ გუნდს ჩემპიონატის ერთ მატჩში უხელმძღვანელა და მეორედ უკვე თასის ფინალში უთავკაცა. მისი დაბრუნება იღბლიანი აღმოჩნდა და ეროვნულ პირველობაზე მესამე ადგილზე გასული თბილისელები წელს უტიტულოდ არ დარჩნენ. ბოლო სამი წლის განმავლობაში “დინამომ” თასი მესამედ მოიგო.

ცალკე აღნიშვნის ღირსია გიორგი პაპუნაშვილი, რომელიც უდავოდ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე იყო. მან დუბლი შეასრულა და ორი საგოლე პასი მიითვალა.

სხვათა შორის, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში თასის ფინალებში ასეთი ანგარიშით ერთ გუნდს მეორე არასოდეს დაუმარცხებია.

მატჩის დებიუტში “სამტრედია” აქტიურობდა. გრიგოლ დოლიძის წამოწყებული შეტევა ალექსანდრე იაშვილმა გააგრძელა, რომელმაც ბურთი საჯარიმოში რევაზ გეწაძეს შეაყოლა, ამ უკანასკნელმა კი მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ ლიბორ ჰრდლიჩკას ვერ აჯობა.

“სამტრედიას” მორიგი შეტევის დროს, დათო კვირკველიამ მარცხენა ფლანგიდან პასი მეტოქის საჯარიმოში მყოფ გიორგი გაბედავას გაუკეთა, რომელმაც ქუსლით ორიგინალურად, თუმცა არაზუსტად დაარტყა.

ცოტა ხანში, მარცხნიდან ისევ კვირკველიამ ჩააწოდა და შორეულ ძელთან ბურთს დოლიძე ვერ მისწვდა. სამტრედიელებმა შეტევა გააგრძელეს და მოწინააღმდეგის საჯარიმოში შეჭრილმა დოლიძემ ბურთი გიორგი დათუნაიშვილის დაუბრუნა, რომელმაც ახლო მანძილიდან კარს ააცილა.

“დინამოს” პირველი შეტევა გოლით დასრულდა. მარცხენა ფლანგზე გიორგი ჯანელიძე ერთ მეტოქეს გასცდა და თბილისელთა კართან პაპუნაშვილი მოძებნა, რომელმაც სამტრედიელ მცველებთან ორთაბრძოლაში თავით ლამაზი გოლი გაიტანა – 1:0.

ანგარიშის გახსნის შემდეგ, 15 წუთი თამაში დუნე რიტმში წარიმართა. არც ერთი გუნდი უტევდა და ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრში ტრიალებდა. ამის მერე, მწავედ კვლავ “დინამომ” შეუტია და ოთარ კიტეიშვილის პასის შემდეგ რევაზ თევდორაძესთან პირისპირ დარჩენილმა ესპანელმა მანუელ ონვუმ სამტრედიელთა მეკარეს ბურთი ვერ ააცილა.

პირველი ტაიმის მიწურულს, ორთაბრძოლის შემდეგ ლევან კაკუბავა და რენე ფერეირა შელაპარაკდნენ. მათ კამათი მოედნიდან გასულებმაც გააგრძელეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში დოლიძემ მეტოქის ნახევარზე ალექსანდრე იაშვილი მონახა, რომელმაც ერთი შეხებით დათუნაიშვილი “დინამოს” მეკარეს შეატოვა, მაგრამ სამტრედიელმა ნახევარმცველმა გატანის რეალური შანსი ვერ გამოიყენა – ჰრდლიჩკამ ბურთს თითები შეახო და კუთხური დაინიშნა. სტანდარტულის შესრულების შემდეგ, დინამოელების მიერ უხეიროდ მოგერიებული ბურთი თბილისელთა საჯარიმოში დათუნაიშვილს მიუვიდა, რომელმაც ეს შანსიც ვერ გამოიყენა.

სამაგიეროდ, თავის გამოჩენის შესაძლებლობა ხელიდან ონვუმ არ გაუშვა, რომელიც “დინამოს” კონტრშეტევისას პარტნიორმა თევდორაძესთან პირისპირ გაიყვანა და ესპანელმა ზუსტად დაარტყა – 2:0.

ამის შემდეგ ისევ პაპუნაშვილის ჯერი დადგა, რომელიც მარჯვენა ფლანგიდან ბურთიანად ცენტრისკენ შეიწია და საჯარიმოს გარედან ძლიერად “გაისროლა” – 3:0. ამ ეპიზოდში “სამტრედია” ვერც მეკარემ იხსნა.

მეორე ტაიმის შუაწელში პაპუნაშვილი მეტოქის საჯარიმოში ორ სამტრედიელ მცველთან კარგად “გაერკვა” და საუცხოო პასი მისცა ონვუს, რომელსაც გატანის მეტი არაფერი დარჩენოდა – 4:0.

თამაშის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, დინამოს მცველის მიერ მოგერიებული ბურთი კვირკველიამ მეკარეს ცუდად დაუბრუნა და წინ გამოსულ თევდორაძეს პაპუნაშვილისთვის რომ არ დაესწრო ანგარიში კიდევ გაიზრდებოდა.

ამ ეპიზოდიდან მცირე ხანში მარცხენა ფლანგიდან ლაშა თოთაძემ “სამტრედიას” საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მდგომმა საბა ლობჟანიძემ ხელსაყრელი პოზიციიდან “ცაციათი” ძალიან ცუდად დაარტყა.

მატჩის მიწურულს პაპუნაშვილმა თევდორაძესთან მარტო დავით ვოლკოვი დატოვა, რომელმაც საბოლოო წერტილი დასვა.

შეხვედრის შემდეგ, სამტრედიელმა გულშემატკირვებმა, რომლებიც “მიხეილ მესხზე” მრავლად იყვნენ, გუნდის მთავარ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს სიტყვიერი შეურახყოფა მიაყენეს. ერთ-ერთმა მოთამაშემ ეს ვერ მოითმინა და ქომაგებს “ხურდა” დაუბრუნა. ადვილი ნამდვილად არაა თავის შეკავება, მითუმეტეს, როდესაც საკუთარი გულშემატკივარი გაგინებს.

გამარჯვებულები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დომენტი სიჭინავამ, გენერალურმა მდივანმა რეზო არველაძემ, ვიცე-პრეზიდენტებმა ალექსანდრე ჩივაძემ და გია ფირცხალავამ დააჯილდოვეს.
რამდენიმე სამტრედიელმა ფეხბურთელმა გასახდელში გასვლამდე თავისი მაისური გულშემატკივრებს უსახსოვრა. “სამტრედიას” ქომაგებმა ტაშით ალექსანდრე იაშვილი გააცილეს.

თასზე “დინამოს” გამარჯვებით “ცხინვალმა” იხეირა, რომელმაც ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა.

დინამო (თბილისი) – სამტრედია 5:0 (1:0)

26 მაისი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.

დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, რენე ფერეირა, თოთაძე (კ), გველესიანი, ცინცაძე, კიტეიშვილი (პარუნაშვილი, 75), გიორგი ჯანელიძე, პაპუნაშვილი, ჭანტურიშვილი (ვოლკოვი, 85), მანუელ ონვუ (საბა ლობჟანიძე, 69).

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე.

სამტრედია: თევდორაძე, თედორე გრიგალაშვილი (ბეჭვაია, 46), კაკუბავა, ხიზანიშვილი, კვირკველია (კ), დოლიძე, დათუნაიშვილი (გორგიაშვილი, 58), გეწაძე (კაპანაძე, 66), შარიქაძე, გაბედავა, იაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე.

გოლები: 1:0 პაპუნაშვილი (15), 2:0 ონვუ (50), 3:0 პაპუნაშვილი (53), 4:0 ონვუ (68), 5:0 ვოლკოვი (87)

გაფრთხილება: კაკაბაძე (12), დათუნაიშვილი (36), კვირკველია (65), კაკუბავა (75), ვოლკოვი (85)

მთავარი მსაჯი: მარკო ფრიცი (გერმანია)

0.73952