ფეხბურთი

17:12 | 26.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბაჩანა ცხადაძე: “ინტერის” კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაყენება არ მსურს”

ბაქოს “ინტერის” თავდამსხმელმა ბაჩა ცხადაძემ ინტერნეტპორტალ azerisport.com-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ სხვა გუნდიდან კარგი წინადადება ექნება, ამჟამინდელ კლუბთან მოქმედ კონტრაქტს გააუქმებს.

- “ინტერიდან” ყველა ლეგიონერი წავიდა. მომავალში რა იქნება?

- ჯერ ვერაფერს ვიტყვი. ცოტა ხანი მოვიცადოთ, ვნახოთ რა იქნება. გვითხრეს, რომ მაისის ბოლოს დაველოდოთ. მითუმეტეს, “ინტერთან” კონტრაქტი კიდევ ერთი წელი მაკავშირებს.

- თუ ლეგიონერები არ იქნებიან, ევროპის ლიგაზე გუნდი რა შემადგენლობით გამოვა?

- კლუბის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ კარგი წინადადება მექნება გამიშვებს. მართალი გითხრათ, წამყვანი ფეხბურთელების წასვლამ ძალიან იმოქმედა. ალბათ, ევროთასების სტარტამდე “ინტერს” ახალი გუნდის შექმნა გაუჭირდება.

- ლეგიონერებს დარჩენა და ევროპის ლიგაზე კლუბის დახმარება არ სურთ?

- ეს შეუძლებელია. თუ ფეხბურთელს სხვა გუნდში გადასვლის ვარიანტი აქვს, ხოლო ამჟამინდელი კლუბი მის შესანარჩუნებლად არაფერს აკეთებს, მაშინ ის წავა. ახლა “ინტერმა” მადლობა უნდა გადაუხადოს ყველა ფეხბურთელსა, მწვრთნელებსა და კლუბის მუშაკებს, რადგან ისინი თავის საქმეს ბოლომდე აკეთებენ.

- ალბათ, ახალ სეზონში “ინტერში” ვეღარ გიხილავთ?

- გულწრფელად გეტყვით, რომ წასვლა არ მინდა. პრეზიდენტმა მითხრა, რომ კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს. “ინტერი” ჩემთვის მშობლიური კლუბია და მისი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაყენება არ მსურს. აქ დავრჩები თუ სხვა გუნდს ვერ მოვძებნი.

- ადგილობრივი გუნდებიდან თქვენით არავინ დაინტერესებულა?

- თუ შეთავაზებას მივიღებ, მაშინ, “ინტერთან” კონტრაქტს გავაუქმებ. ის ადამიანი არ ვარ, ვიჯდე და კლუბს ჩემი ფული მოვთხოვო. ასეთ სიტუაციაში მსგავს რამეს არ გავაკეთებ.

- არ გიფიქრიათ, რომ კლუბისთვის ფიფაში გეჩივლათ?

- შესაძლოა, ეს ბოლო მეთოდი იყოს, რომელსაც მივმართავ. “ინტერის” პრეზიდენტ გიორგი ნიკოლოვს ვესაუბრე და მითხრა, რომ ვალებს მალე გაისტუმრებენ. თვის ბოლომდე დავიცდი. აქამდე, “ინტერს” ამაზე ძლიერი შემადგენლობა არ ჰყოლია. საწყენია, რომ კლუბმა ის ვერ შეინარჩუნა.

- შეტევის ხაზში პრობლემა ბევრ აზერბაიჯანულ კლუბს აქვს...

- მოლაპარაკება არავისთან მიწარმოებია. მართალი გითხრათ, “ინტერის” გარდა თავი სხვა აზერბაიჯანულ კლუბში ვერ წარმომიდგენია. თუმცა, ცხოვრება ასეთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

- ერთხელ თქვით, რომ წინადადებები პოლონეთიდან და ისრაელიდან გაქვთ...

- ჩემი მეგობარი მენეჯერია და ამ საქმეებით ისაა დაკავებული. უახლოეს ხანში თუ რამე სიახლე იქნება, გაგაგებინებთ.

0.080753