ფეხბურთი

13:05 | 26.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიამ ცსკა-სთან წააგო, გოროზიამ – “რუსენბორგთან”  

რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის 29-ე ტურში ყაზანის “რუბინმა” სტუმრად მოსკოვის ცსკა-სთან 0:3 წააგო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა სოლომონ კვირკველიამ ყაზანელთა რიგებში სრულად ითამაშა. კიდევ ერთი მცველი მამუკა კობახიძე “რუბინის” თადარიგში იყო, მაგრამ მოედანზე გასვლა არ მოუწია. აღსანიშნავია, რომ ყაზანელები ზედიზედ მეორე მატჩში დამარცხდნენ. მანამდე, მათ მოსკოვში ადგილობრივ “ლოკომოტივთან” 0:3 წააგეს.

ბოლო ტურის წინ, “რუბინი” მე-5 ადგილზეა და ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვის. ყაზანელებს მე-4 ადგილის დაკავების შანსი აქვს, ვინაიდან მოსკოვის “დინამოს” მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან.

ნორვეგიის ტიპალიგაენის მე-10 ტურში “სტაბეკი” თავის მოედანზე “რუსენბორგთან” 2:3 დამარცხდა. ახალგაზრდა ნახევარმცველი გიორგი გოროზია მასპინძელთა რიგებში 58-ე წუთზე გამოჩნდა. “სტაბეკი” 16-გუნდიან ჩემპიონატში 20 ქულით მეორე ადგილზეა და ნორვეგიის ყველაზე ტიტულიან კლუბ “რუსენბორგს” 5 ქულით ჩამორჩება.

ფინეთის ვეიკაუსლიგის მე-10 ტურში “კუოპიონ პალოსეურამ” გასვლაზე ჰიფკ-თან 1:1 ითამაშა. ფორვარდი ირაკლი სირბილაძე ტრავმირებულია და სტუმართა 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა. “კუიოპიონ პალოსეურა” 12 ქულით 12 გუნდში მეშვიდეა.

დანიის სუპერლიგის 31-ე ტურში “ოდენსემ” სტუმრად “კოპენჰაგენთან” 0:1 წააგო. ქართველი თავდამსხმელი ლადო დვალიშვილი დამარცხებულთა სამატჩო განაცხადში ისევ არ იყო. ის, დიდი ალბათობით სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს, რადგან სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. “ოდენსე” 39 ქულით 12 გუნდში მერვეა.

0.113009