მადრიდის “რეალიდან” დათხოვნილი კარლო ანჩელოტის აგენტმა ერნესტო ბრონცეტიმ სახელგანთქმული კლიენტის გეგმების შესახებ ისაუბრა.
თითქმის ეგრევე, როგორც კი “რეალიდან” ანჩელოტის დათხოვნის შესახებ გახდა ცნობილი, ჟურნალისტებმა ბრონცეტი მადრიდში ნახეს, სადაც შეხვედრა ჰქონდა ანჩელოტისთან და “მილანის” ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანისთან. ეს უკანასკნელი სასწრაფოდ ჩავიდა ესპანეთში, რადგან “მილანი” ანჩელოტის მომსახურებითაა დაინტერესებული.
მაგრამ ბრონცეტიმ Rai Sport-ს განუცხადა, რომ ანჩელოტი ახალი სამუშაოს მოძებნას არ ჩქარობს: “მას სურს ერთი წლით დაისვენოს და ეს გადაწყვეტილია”. რაც შეეხება ანჩელოტის “სამეფო კლუბიდან” გაძევებას, აგენტმა თქვა: “რეალი” ყოველთვის აგდებს მწვრთნელს, რომელიც სეზონის განმავლობაში ვერცერთი ტიტულის მოგებას ვერ ახერხებს”.
გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ 99 პროცენტით დარწმუნებული ვარ, “რეალის” მომავალი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი იქნებაო.