“მონაკოს” კოლუმბიელ ფორვარდ რადამელ ფალკაოს კარიერის “ჩელსიში” გაგრძელება და უნდა და მისათვის მზადაა ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებას დათანხმდეს.
29 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი “მანჩესტერ იუნაიტედში” განათხოვრების წესით გააგრძელა, მაგრამ საქმეები არ აეწყო და არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა. ერთწლიანი არენდის შემდეგ მანჩესტერელებმა მის გამოსყიდვაზე უარი თქვეს და ახლა “მონაკოში” უნდა დაბრუნდეს. თუმცა, იქ დაბრუნება არც ფალკაოს უნდა და კლუბიც არ იწვის მისი მიღების სურვილით და კოლუმბიელის გაშვების ვარიანტებს ეძებს.
მაგრამ აქ პრობლემას მოთამაშის ხელფასი წარმოადგენს, რომელიც კვირაში 250 ათასი გირვანქა სტერლინგია. მსოფლიოში მრავლად არ არიან ისეთი კლუბები, რომლებიც ასეთი ანაზღაურების გადახდას დათანხმდებიან, მით უმეტეს, რომ განვლილ სეზონში რადამელმა ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებულ 26 მატჩში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა.
Telegraph-ის ცნობით, ფეხბურთელი თავისი აგენტის, პედრუ მენდეშის დახმარებით ლონდონის “ჩელსიში” გადასვლის ვარიანტებს ეძებს. მენდეში კარგად იცნობს “ლურჯების” დამრიგებელ ჟოზე მოურინიოს და ეს შესაძლოა მოლაპარაკების პროცესში მნიშვნელოვანი მომენტი იყოს. ფალკაო მზადაა, რომ შეთანხმების შემთხვევაში ხელფასის შემცირებას დათანხმდეს.
კარიერის განმავლობაში ფალკაოს “რივერ პლეიტში”, “პორტუში”, მადრიდის “ატლეტიკოში”, “მონაკოსა” და “მანჩესტერ იუნაიტედში” უთამაშია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია