ფეხბურთი

22:05 | 25.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" დერბი მოიგო და ლიგის ჯგუფური გაინაღდა
"ნაპოლი" - "ლაციოს" თამაში ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ მესამე გუნდს გაარკვევს

იტალიის სერია A-ს XXXVII ტური ცენტრალური მატჩით დასრულდა. რომში, დედაქალაქური დერბი გაიმართა, სადაც ნომინალურმა სტუმარმა "რომამ" "ლაციოს" აჯობა და მეორე ადგილი ოფიციალურად გაინაღდა.

შეხვედრა ძალზე დაძაბული და საინტერესო სანახავი გამოდგა. პირველმა ნახევარმა შედარებით მშვიდად ჩაიარა და მეტოქეებმა ერთმანეთის კარს გასაღები ვერ მოარგეს. სამაგიეროდ, მეორე ტაიმში მოვლენები სხვაგვარად განვითარდა - 73-ე წუთზე კარგად ითამაშა ცვლილებაზე შესულმა ვიქტორ იბარბომ. კოლუმბიელმა საჯარიმოში ბურთი შეიგდო და გამჭოლი გადაცემა ხუან იტურბეს გაუკეთა. თავის მხრივ, არგენტინელმა დუშან ბასტას დაასწრო და ერთი შეხებით თავისიანები დააწინაურა.

"ლაციო" მარცხის შემთხვევაში მდგომარეობას ერთობ ირთულებდა და შეტევაში წავიდა, რამაც შედეგი 82-ე წუთზე გამოიღო. ფელიპე ანდერსონის მაღალი გადაცემის შემდეგ დიდოსტატურად გაისარჯა მიროსლავ კლოზე, ვინცა თავით სერბ პარტნიორ ფილიპ ჯორჯევიჩს უპასა, ვისაც ისღა დარჩენოდა კართან უმეთვალყურეოდ მდგომს გაეტანა - 1:1. "ლაციალეს" სიხარული მაინც არ დასცალდა. ზუსტად სამ წუთში მირალემ პიანიჩმა სტანდარტი შეასრულა, რის შემდეგაც მაპოუ იანგა-მბივამ მეორე სართულზე ყველას აჯობა და თავის გუნდს დერბი "დელა კაპიტალე" მოაგებინა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზური ოფიციალურად დაუბევა.

"ლაციოს" კი შესაძლოა ამ მარცხით მთელი სეზონის შრომა წყალში გადაყრილი გამოუვიდეს. საქმე ისაა, რომ სტეფანო პიოლის გუნდი ბოლო ტურის წინ, "ნაპოლის" სამი ქულით უსწრებს, ხოლო 31 მაისს, სწორედ ნეაპოლშო ჩადის სათამაშოდ და ვინაიდან იტალიაში თანაბარ ქულებზე უპირატესობა ურთიერთშეხვედრებს ენიჭება, "სან პაოლოზე" მარცხის შემთხვევაში მესამე ადგილზე არა "ლაციო", არამედ რაფაელ ბენიტესის "ნაპოლი" გავა.

"ლაციო" - "რომა" 1:2 (0:0)

რომი, "სტადიო ოლიმპიკო"

მაყურებელი: 55.000

"ლაციო" (4-2-3-1): მარკეტი; ბასტა, დე ვრეი, ჯენტილეტი, ლულიჩი (კავანდა 55); ბილია (კატალდი 78), პაროლო; კანდრევა, მაური (ჯორჯევიჩი 76), ანდერსონი; კლოზე

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

"რომა" (4-3-3): დე სანკტისი; ტოროსიდისი, მანოლასი, იანგა-მბივა, ჰოლებასი; ნაინგოლანი, დე როსი, კეიტა (პიანიჩი 68); ფლორენცი, ტოტი (იბარბო 61), იტურბე (დუმბია 85)

მწვრთნელი: რუდი გარსია

გოლები: 0:1 იტურბე (73), 1:1 ჯორჯევიჩი (82), 1:2 იანგა-მბივა (85)

გაფრთხილება: ლულიჩი (22), ჯენტილეტი (32), ბილია (36), კლოზე (62) - ტოტი (9), ტოროსიდისი (52), იტურბე (74), ფლორენცი (87)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (4) - 7 (2) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 4:8 გაფრთხილება: 4:4

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი

ბომბარდირები: ლუკა ტონი ("ვერონა") - 21 გოლი, კარლოს ტევესი ("იუვენტუსი") - 20, მაურო იკარდი ("ინტერი") - 20, ჟერემი მენეზი ("მილანი") - 16, გონსალო იგუაინი ("ნაპოლი") - 16, მანოლო გაბიადინი ("ნაპოლი") - 15.

0.193653