კალათბურთი

20:51 | 25.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" "შსს აკადემიას" ჩემპიონობა არ დააცადა

საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის, სუპერლიგის პლეი ოფის ფინალური სერია გრძელდება. "შსს აკადემიასა" და თბილისის "დინამოს" შორის ანგარიშის სხვაობა შემცირდა. "აკადემია" დღეს გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონი ხდებოდა, თუმცა ირაკლი ხოშტარიას დამოძღვრილმა "დინამომ" მეტოქეს არაფერი დაუთმო და საბოლოოდ დაძაბულ ბრძოლაში, ერთი ქულის სხვაობით - 72:71 აჯობა.

მთელი მატჩი ქულა-ქულაში მიმდინარეობდა და ეტყობოდა, რომ "დინამო" დანებებას არ აპირებდა. პირველი მეოთხედი "აკადემიამ" 19:18 მოიგო. მეორე პერიოდი უფრო მეტად თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მაგრამ ზედ საფინალო სირენის თანხლებით ბესო ლეჟავამ სამქულიანი სტყორცნით საკუთარ გუნდს დიდ შესვენებაზე 3 ქულიანი უპირატესობა მოუტანა - 41:38.

მესამე მეოთხედიც პირველი ორის ანალოგი გამოდგა. ვერცერთი გუნდი მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვებას ვერ ახერხებდა. ბოლო, გადამწყვეტ მეოთხედამდე "დინამომ" ოთხქულიანი ჰანდიკაპი შეიქმნა - 58:54.

დასკვნით ათწუთეული "აკადემიამ" სამი ქულით (17:14) მოიგო, მაგრამ ეს წარმატებისთვის საკმარისი არ გამოდგა. გადამწყვეტი მომენტი გამოდგა თამაშის დასრულებამდე 1:38 წამით ადრე, დინამოელი რეზო დიდიას ზუსტი სამქულიანი, რომლის შემდგომაც ხოშტარიას შეგირდები ხუთი ქულით - 72:67 დაწინაურდნენ. აღნიშნული სხვაობის აღმოფხვრა კი "შსს აკადემიამ" ვერ მოახერხა. დარჩენილ დროში ქულები მხოლოდ გიორგი ცინცაძემ დააგროვა, რომელმაც 4 საჯარიმო ისროლა ზუსტად და საბოლოოდ სერიის რიგით მესამე თამაში "დინამომ" 72:71 მოიგო.

მას შემდეგ, რაც პლეი ოფი დაიწყო, "დინამოს" მხოლოდ 3 მატჩი აქვს წაგებული. თავის მხრივ დღევანდელი მარცხი "შსს აკადემიისთვისაც" მესამე აღმოჩნდა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე აკადემიელი გიორგი ცინცაძე გახდა. საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა 23 ქულას მოუყარა თავი. გამარჯვებულთაგან კი რეზო დიდია (18 ქულა, 5 მოხსნა), გარიკ შერმანი (16 ქულა, 10 მოხსნა) და ბესო ლეჟავა გამოირჩნენ (15 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი). ორმაგ დუბლთან ახლოს იყო "შსს აკადემიას" ორი მოთამაშე ნიკა მეტრეველი (14 ქულა, 9 მოხსნა) და ბექა წივწივაძე (13 ქულა, 9 მოხსნა).

სუპერლიგის 2014-2015 წლების სეზონის ფინალური სერიის მეოთხე მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 26 მაისს გაიმართება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი): "გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავით, წაგების შემთხვევაში ფინალურ სერიას ვაგებდით. პოპოვიჩისა და ლონდარიძის ტრავმების გამო სერიოზული პრობლემები გვაქვს, რადგან მთელი მატჩის თამაში ძირითადად 6-7 კალათბურთელის ხარჯზე გვიწევს. ხვალინდელ შეხვედრაშიც ბოლომდე ვიბრძოლებთ".

კოტე ტუღუში ("შსს აკადემიის" მთავარი მწვრთნელი): "მეტოქეს ვულოცავ გამარჯვებას. ფინალური სერია ისევ გრძელდება. ვიცოდით, რომ "დინამოს" სერიაში მშრალი ანგარიშით დამარცხება ადვილი არ იქნებოდა. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, ბურთი 18-ჯერ დავკარგეთ, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია. ხვალ შევეცდებით უფრო მობილიზებულებმა ვითამაშოთ".

"შსს აკადემია" - "დინამო" 71:72 (19:18, 19:23, 16:17, 17:14)

სერიის ანგარიში 2:1

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163865