ფინეთის საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული პირველობის ერთ-ერთ მატჩში სენსაციური შედეგი დაფიქსირდა, რისი მთავარი მოთავეც ქართველი კალათბურთელი შეიქნა. გამთამაშებელმა გივი ბაქრაძემ, რომელიც უკვე 2 სეზონია “ლაპუან კორიკობრატის” ღირსებას იცავს, ერთ-ერთ ლიდერს “ნილან ბიზონსს” 24 ქულა ჩაუგდო, მისმა გუნდმა კი 88:78 იმარჯვა. შეგახსენებთ, რომ “ბიზონსი” პარალელურად ვთბ-ლიგაში თამაშობს და იქაურ გუნდებს, რომელთა შორის მოსკოვის ცსკა, „ხიმკი“, უნიკსი და სხვები იმყოფებიან. იმ მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბაქრაძე გახდა, რომელიც სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 32 წუთში 24 ქულა, თითო მოხსნა და შედეგიანი გადაცემა, აგრეთვე 2 ჩაჭრა მიითვალა.
გივი ბაქრაძეს თბილისში, ჩვენი ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩის დროს შევხვდით და ინტერვიუ ჩამოვართვით.
- გასულ წელს ფინეთში პირველი სეზონი ჩაატარეთ. ჩვენ მკითხველს შარშან სუომელთა ქვეყანაში გატარებული წელიწადის თაობაზე მოუთხრეთ, წლეულს როგორი დონის ჩემპიონატში იასპარეზეთ?
- დონე დიდად არ შეცვლილა. ამჯერად რეგულარულ პირველობაზე 11 გუნდი გამოვიდა და 4 წრედ 40 თამაში ჩავატარეთ. ყველა გუნდი მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალისა იყვნენ. მაგალითისთვის აუტსაიდერმა პირველ პოზიციაზე მყოფი კოლექტივის დამარცხება მოახერხა. მთლიანობაში ფინელებს სტაბილური, დალაგებული ჩემპიონატი აქვთ. საბოლოოდ ჩემპიონი “კატაია” გახდა, რომლის რიგებში ვეტერანი ტემო რანიკუ ბრწყინავდა. სწორედ მისი წყალობით მოახერხეს კატაიელებმა ფინალურ სერიაში “ნილან ბიზონსის” დამარცხება.
. უშუალოდ ჩვენ გუნდს რაც შეეხება, ვფიქრობ, უკეთ გამოვედით. ამჯერად სერბი დამრიგებელი გვყავდა და პლეი ოფამდე ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა – რეგულარულ პირველობაზე მეცხრეზე გავედით.
- საკუთარ თამაშზე რას გვეტყოდით?
- რეგულარული პირველობის მეორე ნახევარში უკეთ ვითამაშე, ვიდრე საწყის 2 წრეში. თუმცა, რამდენიმე კარგი მატჩი იანვრამდეც ჩავატარე. ჩვენი დამრიგებელი ზომაზე მეტად ფრთხილობდა და ამერიკელებს ენდობოდა. სეზონის განმავლობაში ჩვენ გუნდში 8 ამერიკელმა იასპარეზა, ამასთან სამატჩო განაცხადში მხოლოდ 3 უცხოელის შეყვანაა შესაძლებელი. მე ლიმიტი არ მეხება, რადგან ფინელთა ჩემპიონატში 18 წლის შესრულებამდე მითამაშია და სკანდინავთა წესის მიხედვით ლეგიონერად არ ვითვლები.
წინა სეზონთან შედარებით მოვუმატე. დავხვეწე შორეული ტყორცნები, დაცვაში თამაშისას ისეთ დეტალებზე მიმაქცევინეს ყურადღება, რასაც უწინ ვერცკი წარმოვიდგენდი. მთელი ჩემპიონატის მსვლელობისას ფორმიდან არ ამოვვარდნილვარ. ფინეთში ყოფნისას მხოლოდ თამაშსა და ვარჯიშზე ვფიქრობ.
- მომავალ სეზონსაც ფინეთის ეროვნულ ჩემპიონატში ჩაატარებთ?
- ალბათ კვლავ იქ ვითამაშებ, თუმცა, მომავალ სეზონში მეტი ამბიცია მექნება. სერბი მწვრთნელი არ მაწყობს, ჩემი აგენტიც მეუბნება, რომ სხვა გუნდებისგანაც დაინტერესებაა. თუმცა, დიდი ალბათობით კვლავ “კორიკობრატში” ვიასპარეზებ.
- სექტემბერში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება. თქვენი აზრით, კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რა შანსი აქვს?
- ჩვენი ქვეყნის ნაკრები ისეთ დონეზეა მისული, ნებისმიერ გრანდთან ტოლ-სწორად თამაში შეუძლია. ეროვნულ გუნდში გამოცდილი და ახალგაზრდა კალათბურთელების კარგი სინთეზია, ბიჭები კარგად არიან შეთამაშებულები, რაც ევროპის ჩემპიონატის ოპტიმისტურად დალოდების საფუძველს გვაძლევს.