რაგბი

11:40 | 25.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

Top 14-ში პლეი ოფები დალაგდა

საფრანგეთის მორაგბეთა პირველ ელიტარულ დივიზიონ Top 14-ში რეგულარული გათამაშება დასრულდა და ქართველი ლეგიონერების ხუთი გუნდი საჩემპიონო პლეი ოფში გავიდა.

მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონი” 76 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, რეაგულარული გათამაშება მოიგო და პლეი ოფებში პირდაპირ ნახევარფინალური ეტაპიდან ჩაერთვება. დასკვნით ტურში ტულონელებმა “ოიონაქსი” 46:17 დაამარცხეს და პრემიალური ქულაც ჩაიწერეს. გორგოძემ წინა ტურში მცირედი დაზიანება მიიღო და ეს თამაში გამოტოვა, განაცხადში არ იყო მიქაუტაძე, ხოლო ჩილაჩავამ შეცვლაზე 64-ე წუთიდან ითამაშა. ამ დროს “ტულონი” 39:3 იგებდა და მერე კიდევ ერთი ლელო გაიტანა, მაგრამ ორი თავადაც გაუშვა. ჯამში მასპინძლებმა 6 ლელო გაიტანეს.

75 ქულით მეორე ადგილზე გავიდა და პირდაპირ ნახევარფინალში ითამაშებს დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონი”, რომელმაც დასკვნით ტურში სტუმრად, მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიე” 29:17 დაამარცხა. კოლელიშვილი ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადის, ზირაქაშვილი და ნარიაშვილი კი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და 63 წუთი შერკინებებში ერთმანეთის პირისპირ იდგნენ, მერე კი, ორივე შეცვალეს. “მონპელიემ” საწყის 15 წუთში ორი ლელო გაიტანა და 14:3 დაწინაურდა, მაგრამ შესვენებამდე ორი ლელო თავადაც გაუშვა და 14:17 ჩამორჩა. მეორე ტაიმში მხოლოდ ჯარიმები გავიდა, “კლერმონმა” 4, ხოლო უმოტივაციო “მონპელიემ” ერთი ჯარიმა გაიტანა. “მონპელიე” 55 ქულით მე-8 ადგილზე დარჩა.

70-70 ქულით მესამე-მეოთხე ადგილი გაიყვეს ვასილ კაკოვინის “ტულუზიმ” და დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსემ”, რომლებიც პლეი ოფის პირველ ეტაპზე მასპინძლის პრივილეგიით ისარგებლებენ. “ტულუზიმ” ზაზა ნავროზაშვილის “ბორდოს” 23:22 მოუგო და ქართველი ლეგიონერები განაცხადშიც არ იყვნენ. “ბორდოს” თამაში რომ მოეგო პლეი ოფში შევიდოდა, პრემიალურმა ქულამ კი, მას ვერ უშველა და ჯამში 61 ქულით მე-7 ადგილზე დარჩა. “ოიონაქსმა” მას 1 ქულით აჯობა და პლეი ოფში “ტულუზის” მეტოქე იქნება.

“სტად ფრანსე” კარლენ ასიეშვილის, გოდერძი შველიძის, ანტონ ფეიქრიშვილისა და გიორგი ჟღენტის “ბრივთან” 0:27 დამარცხდა. ბრიველებმა ოთხი ლელო გაიტანეს, პრემიალური ქულა აიღეს და Top 14-ში დარჩნენ. მათ 53 ქულით მე-10 ადგილი ერგოთ და ერთი ქულით დაშორდნენ გასავარდნ ზონას (“ბაიონი” და “ლიონი” გავარდა). შერკინებებში აქაც ქართული დუელები შედგა. სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ასიეშვილი, ჟღენტი და ქუბრიაშვილი. ჟვანია თამაშში პირველად 26-ე წუთიდან ჩაერთო და 37-ემდე ითამაშა, 48-ე წუთიდან კი, სრუკფასოვან შეცვლაზე შევიდა. ამ დროს შეცვალეს ქუბრიაშვილი. შველიძემ ასიაშვილი 50-ე წუთზე შეცვალა, ხოლო ჟღენტმა 55 წუთი ითამაშა და 70-ეზე 9 წუთით მოედანზე ისევ დაბრუნდა. “ბრივმა” ტაიმი 8:0 მოიგო, მეორე ნახევარში უფრო მოინდომა და სასურველი შედეგი დააფიქსირა.

“სტად ფრანსე” პლეი ოფში დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტროს” შეხვდება, რომელმაც დასკვნით ტურში “კასტრი” 53:10 გაანადგურა, პრემიალური ქულაც ჩაიწერა და 65 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა. ხინჩაგიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 47 წუთი ითამაშა. მისი შეცვლისას პარიზელები 24:10 იგებდნენ, უპირატესობა კი დასკვნით 10 წუთში გაიმყარეს, როდესაც სამი ლელო გაიტანეს.

ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელი” 12:45 დამარცხდა “ბაიონთან”. ქართველმა ბურჯმა შეცვლაზე 46-ე წუთიდან ითამაშა. “ლა როშელი” უმოტივაციო იყო ეს მის თამაშზეც აისახა. გუნდმა ჩემპიონატი 54 ქულით მე-9 ადგილზე დაასრულა. პლეი ოფის პირველი თამაშები 29-30 მაისს გაიმართება.

0.118266