იტალიის 19 წლამდელ კალათბურთელთა ჩემპიონატში მოთამაშე ქართველმა სოსო მაჭავარიანმა აპენინელთა ქვეყნის პირველობის მოპოვებისკენ მნიშვნელოვანი და დამაჯერებელი ნაბიჯი გადადგა. მოგეხსენებათ, ჩვენი თანამემამულე, ამპლუით მსროლელი-მსუბუქი ფორვარდი “ტიგულიოს” რიგებს წარმატებით იცავს და ნახევარფინალურ სერიაში “რივერა დელ ფიორის” ორმატჩიან რაუნდში ძლევის შემდეგ სოსომ და მისმა თანაგუნდელებმა ფინალურ სერიაში გამოსვლის უფლება მოიპოვეს.
ჩემპიონობისთვის პირველი ორთაბრძოლა “ტიგულიომ” სანტა მარგარიტაში ჩაატარა და 2700 ქომაგის თანდასწრებით “სან რემოს” სოლიდური სხვაობით, 68:51 მოუგო. პირველობისთვის პირველი ნაბიჯის გადადგმაში დიდი როლი ტიგულიოელთა ქართველმა კალათბურთელმაც შეიტანა. სოსომ პარკეტზე 18 წუთი გაატარა და ამ სათამაშო დროის განმავლობაში მაჭავარიანს შემდეგი სტატისტიკური მაჩვენებლები ჰქონდა: 8 ქულა, 5 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 2 ბლოკშოტი. სოსომ 5 ორქულიანიდან 3 ჩააგდო, ხოლო 3 საჯარიმო ტყორცნიდან სათანადოდ 2 გამოიყენა.
იტალიის 19 წლამდელთა ფინალური სერიია მეორე მატჩი 26 მაისს ჩატარდება. გამარჯვების შემთხვევაში “ტიგულიო” ქვეყნის ჩემპიონი გახდება. იმედია, სოსო მაჭავარიანს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან ერთად საჩემპიონო ტიტულსაც მივულოცავთ.









