რაგბი

0:24 | 25.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ერთი თავით მაღლა - საქართველო ინგლისში მიდის! (+VIDEO)

ქართველმა ახალგაზრდა მორაგბეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ქართული რაგბი პროგრესირებს და ეროვნულ ნაკრებს ღირსეული ცვლა ეზრდება. “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” მსოფლიო თასის “ალაფის” მოგებით გაისად ინგლისში, მსოფლიო თასის 12-გუნდა ელიტაში თამაში უფლებას დამსახურებულად მოიპოვეს!

საქართველოს ოცწლამდელთა ნაკრები პორტუგალიაში ყველა გუნდზე ერთი თავით მაღლა იდგა და მათი უპირატესობა განსაკუთრებით საგრძნობი ფინალურ მატჩში აღმოჩნდა. კანადამ ჯგუფში პირველი ადგილი დამსახურებულად დაიკავა, მაგრამ ქართველების წინააღმდეგ ვერაფერს გახდა და თასის მფლობელის ბედიც პრაქტიკულად პირველივე ტაიმში გაირკვა. “ბორჯღალოსნებმა” მეტოქეს აჯობე შერკინებაში, ღია თუ ფეხით თამაშში და მეტოქე ლამაზ სტილში დაამარცხეს, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა. მიუხედავად იმისა, რომ შეცდომები იყო, მაგრად ითამაშა ყველამ, საქართველოს ნაკრებმა გუნდურობის მაგალითი აჩვენა და რომ არა ზემოთნახსენები შეცდომები, ანგარიში ბევრად უფრო დიდი იქნებოდა.

საქართველოს ნაკრებმა გაიტანა 7 ლელო და 3-4-ის გატანა კიდევ შეეძლო, მაგრამ შეტევები წინპასის გამო ჩაიშალა. მიუხედავად ამისა, ქართველ მორაგბეებზე აუგს ვერავინ იტყვის, რადგან მათ ჩაატარეს უმაღლესი დონის თამაში და 26 მაისს, 03:20 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გრანდიოზული დახვედრა დაიმსახურეს. გუნდმა ითამაშა დიდი მონდომებით და აჩვენა ლაღი რაგბი, რასაც ლამაზი ლელოები მოყვა და კანადელთა ყველა მონდომებას ღირსეული პასუხი გასცა.

მატჩის დებიუტში კანადამ შემოგვიტია, მაგრამ მათი აქტიურობა სულ რაღაც ორი წუთი გაგრძელდა, რის შემდეგაც ქართველებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს და მე-5 წუთზე ანგარიშის გახსნის პირველი შანსი გაჩნდა, მაგრამ შეტევა ლელოდან 5 მეტრში წინპასის გამო ჩაიშალა. დებიუტშივე გამოიკვეთა, რომ საქართველოს ნაკრების შერკინება მეტოქისას მაგრად ერეოდა, კანადა დერეფანში ხშირად სცოდავდა და ამით ქართველმამორაგბეებმა კარგად ისარგებლეს.

მე-10 წუთზე შერკინებამ იმძლავრა და მეტოქეს დაახლოებით 10 მეტრით უკან დაახევინა, მერე ვასილ ლობჟანიძე სამ მბოჭავს გაექცა და შეტევა გიორგი კვესელაძემ გააგრძელა, რომელიც დაახლოებით 10 მეტრში ჯარიმით შეაჩერეს. საქართველოს ნაკრებმა შერკინება ირჩია, მაგრამ ბურთს ცუდად შეგდების გამო ეს შეტევა ჩაიშალა.

ქართველები თამაშს სწრაფად შლიდნენ და ხელდახელ უტევდნენ. ირაკლი სვანიძეს ფეხით გადაკიდებული ბურთები კარგად ამოჰქონდა. მე-14 წუთზე ლობჟანიძემ ჯარიმა სწრაფად გაათამაშა და ლელომდე ცოტა დააკლდა, მაგრამ ჯარიმის უპირატესობით ვისარგებლეთ და ბურთი აუტში გაიგზავნა. დერეფნის მოგებას კარგი მოლი მოყვა, რომელმაც კანადელთა წინააღმდეგობის მიუხედავად 5 მეტრი დაფარა და მიხეილ ბაბუნაშვილმა შეხვედრის პირველი ლელო მე-15 წუთზე გაიტანა. რეზი ჯინჭველაშვილს გარდასახვა გაუფუჭდა.სამაგიეროდ, მას ფეხით კარგად გადაჰქონდა აუტში ბურთი და ცენტრიდან ოვალი 5-მეტრიან ზონაში რომ გაგზავნა, დერეფანს კვლავ მოლი მოყვა და ამჯერად ლელო გიორგი მელიქიძემ მიითვალა, ხოლო ჯინჭველაშვილმა გარდასახვა უნაკლოდ შეასრულა - 12:0 27-ე წუთზე.

ორიოდე წუთში ჯინჭველაშვილმა ხაზი გაჭრა და მეტოქის 22-იდან ლელოში ბურთი ფეხით ჩაკიდა, რომელიც გიორგი კვესელაძემ დაამიწა, მაგრამ რეფერიმ გარემარბი დამრტყმელზე წინ იყოო და ლელო გააუქმა. მალე ოთარ გიორგაძემ გაჭრა ხაზი კარგადაც იარა, მაგრამ რომ შებოჭეს დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა. 34-ე წუთზე კანადელებმა ცუდად მოაწოდეს აუტი, ბურთი ქართველებს დარჩათ და ხელდახელ შეტევით კვესელაძე მცველთან ერთ-ერთზე დარჩა, მას გაექცა და ანგარიში 17:0 გახდა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ 37-ე წუთზე ჩრდილოამერიკელები მეორედ შეცდნენ დერეფანში, ამჯერად დავით პაპავაძემ შეუტია და ლელოს დაახლოებით 3 მეტრამდე მიუახლოვდა, იქიდან ორი დარტყმის შემდეგ კი, მიზანს შეცვლაზე შესულმა თორნიკე ზოიძემ უწია. ჯინჭველაშვილი ზუსტი იყო - 24:0!

აქ საქართველოს ნაკრები მოდუნდა, რუმბალმა რაქიდან მოულოდნელად შეუტია და ერთი საპასუხო ლელო გაიტანა, ხოლო ჰორგანმა კუთხიდან გარდასახა - 24:7 პირველი ტაიმის შემდეგ.

მეორე ტაიმის დასაწყისში ფეხით თამაში გაჩაღდა, რითაც ხეირი საქართველოს ნაკრებმა ნახა -კანადა დაჯარიმდა და ჯინჭველაშვილმა ის 3 ქულად აქცია. ორიოდე წუთში ქართველები დაჯარიმდნენ და კარის წინ 15 მეტრიდან ჰორგანმა ჯარიმა გაიტანა. ამის პასუხად ქართველებმა 49-ე წუთზე მეხუთე ლელო გაიტანეს და გამარჯვებულის ვინაობაც ნაადრევად გადაწყვიტეს. ლობჟანიძემ მარჯვნივ გრძელი პასით გარღვევაზე სვანიძე გაიყვანა, რომელმაც სისწრაფეში უპირატესობა შექმნა და ანზოერ სიჭინავას დროული გადაცემა გაუკეთა, რომელიც ბოლო მომენტში კი შებოჭეს, მაგრამ ლელოს ხაზს მაინც მიწვდა. გარდასახვა არაზუსტი იყო.

თამაში რომ განახლდა ბექა კაკაბაძემ მოულოდნელად შეუტია, იერიში პაპავაძემ გააგრძელა და ბურთი მეტოქის 22-ში დაიკარგა, მაგრამ ფეხით გადმოკიდებული ბურთი კვესელაძეს მიუვიდა, რომელმაც თავადაც ფეხით გადაიკადა და თავისი მეორე და ნაკრების მეექვსე ლელო გაიტანა. ჯინჭველაშვილმა გარდასახა და 39:10. კანადელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ასეთი სხვაობის მიუხიდევად არ გატყდნენ, მოულოდნელად მათ შერკინებაში იმძლავრეს, მერე ჯარიმა სწრაფად გაათამაშეს და რამდენიმე დარტყმის შემდეგ ბრედლიმ ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა.

ქართველებმა მოინდომეს და ლამაზი ლელოც გაიტანეს. სვანიძემ კიდევ ერთხელ გაჭრა ხაზი და ლელომდე 7-8 მეტრში შეაჩერეს, რამდენიმე უშედეგო დარტყმის შემდეგ ლობჟანიძემ ჯინჭველაშვილს გაუტანა ბურთი, რომელმაც ფეხით გადაიკიდა და ძელებსშუა დაამიწა. მისი გარდასახვა ზუსტი იყო. კანადამ ჩამორჩენა ლელო-გარდასახვით 64-ე წუთზე შეამცირა, მერე რეფერიმ 68-ე წუთზე ნიკა ნეფარიძე გაასინბინა, მაგრამ ქართველებმა კარგად დაიცვეს თავი, 78-ე წუთზე კარგი შეტევა წამოიწყეს, ჯარიმის უფლებამოიპოვეს და ჯინჭველაშვილმა 35 მეტრიდან საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 49:24 და მსოფლიოს ქართულ რაგბიზე სასაუბროდ კიდევ ერთი საბაბი გაუჩნდა.

“უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ბევრი ვიშრომეთ და დიდებულია ასეთი საჩუქარი რომ მივიღეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ბიჭებს, რომლებმაც მაქსიმუმი გაიღეს “ალაფის” მოსაგებად” - თქვა მატჩის შემდეგ 20-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ.

2015 წლის მსოფლიო თასის “ალაფა”

პორტუგალია. ლისაბონი. ფინალური დღე. 24 მაისი

VII ადგილისთვის. პორტუგალია - ჰონკონგი 47:21

V ადგილისთვის. ფიჯი - ნამიბია 36:24

III ადგილისთვის. ურუგვაი - ტონგა 44:43

ფინალი. საქართველო - კანადა 49:24 (24:7)

საქართველო: 15. ირაკლი სვანიძე (22. გიორგი ბაბუნაშვილი 73), 14. ანზორ სიჭინავა, 13. ბადრი ლიპარტელიანი, 12. სანდრო ილურიძე, 11. გიორგი კვესელაძე (20. რატი შანიძე 76), 10. რეზი ჯინჭველაშვილი, 9. ვასილ ლობჟანიძე (21. თემურ თუთბერიძე 73); 1. ნიკა ნეფარიძე, 2. ბადრი ალხაზაშვილი (16. გიორგი თედორაძე 78), 3. გიორგი მელიქიძე (17. ბექა კაკაბაძე 47), 4. ოთარ გიორგაძე (18. თორნიკე ზოიძე 32), 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. თორნიკე ბუბუტეიშვილი (19. გიორგი ცუცქირიძე 60), 7. დავით პაპავაძე, 8. ბექა გორგაძე.

7 ლელო: ბაბუნაშვილი, მელიქიძე, კვესელაძე (3, 6), ზოიძე, სიჭინავა, ჯინჭველაშვილი

4 გარდასახვა, 2 ჯარიმა: ჯინჭველაშვილი

სინბინი: ნეფარიძე

მატჩის მიმოხილვა

მატჩის სრული ჩანაწერი

0.143022