ქართველი ხელბურთელების, შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას ოდორჰეიმ ევროპული ჯილდო, ჩელენჯ კაპი მოიგო. რუმინულმა კლუბმა საპასუხო ფინალურ მატჩში 32-25 დაამარცხა პორტუგალიის ბრაგა, მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი კი რუსიას გადაეცა.
ბრაგამ ერთი კვირის წინ, შინ 32-28 მოიგო და ერთხანს მეტოქის მოედანზეც ლიდერობდა. ოდორჰეის პირველი ოთხი გოლიდან 2 რუსიამ შეაგდო და ერთიც შვიდმეტრიანი მოიპოვა. ამის შემდეგ ქართველი შუამარბი მეტოქემ პერსონალურად აიყვანა და რუსიამ პირველი ტაიმი და მთელი მატჩიც 4 გოლით დაასრულა, მაგრამ ლიდერის მეურვეობამ მის თანაგუნდელებს გაუხსნა ხელ-ფეხი.
ოდორჰეის კარში თამაში ლევენტე საბომ დაიწყო. შოთა თევზაძე მაშინ გამოჩნდა მოედანზე, როდესაც მასპინძლები 7-9 აგებდნენ. ქართველმა მეკარემ რამდენიმე ბურთი მოიგერია და აქედან დაიწყო თამაშის შემობრუნება. ოდორჰეიმ ტაიმი 18-15 მოიგო და მეორის დასაწყისშივე სასურველი სხვაობით, 6 ბურთითაც გავიდა წინ. შესვენების შემდეგ თამაში კარგად წაუვიდა მასპინძელთა მესამე მეკარეს, სილარდ ორბანს და მატჩის ბოლომდე კარში ის იდგა.
ბრაგამ ბრძოლა განაგრძო და ექვსბურთიანის სხვაობა ბოლო ხუთ წუთამდე აღარ გაზრდილა, მაგრამ შემდეგ ოდორჰეი 31-22 გავიდა წინ და ბოლო წუთებზე სტუმრებმა სხვაობა შეამცირეს - 32-25. რუსიაზე მეტი გაიტანეს ანდრეი მიჰალჩამ და გორან კუზმანოსკიმ, მაგრამ თამაშის შემდეგ საუკეთესო მოთამაშის პრიზი ქართველმა შუამარბმა მიიღო - რუსია 54 გოლით ოდორჰეის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ჩელენჯ კაპზე, სადაც მისმა გუნდმა 5 მეტოქე დაამარცხა - ინგლისის კემბრიჯი, ლუქსემბურგის დიფერდანჟი, უკრაინის ზაპოროჟიე და პორტუგალიის ორი კლუბი - ბენფიკა და ბრაგა.
ჩელენჯ კაპი ჩემპიონთა ლიგისა EHF თასის შემდეგ მესამე სახელბურთო ევროტურნირია. EHF თასი წინა კვირაში გერმანიის ფუხსე ბერლინმა მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალი 30-31 მაისს გაიმართება კიოლნში - ესპანეთის ბარსელონას, გერმანიის კილის, უნგრეთის ვესპრემისა და პოლონეთის კელცეს მონაწილეობით.
24 მაისი, ოდორჰეი შეკუიეჩი. ჩელენჯ კაპის ფინალი
ოდორჰეი - ბრაგა 32-25 (პირველი მატჩი 28-32)
ოდ: საბო, თევზაძე, ორბანი - მიჰალჩა 9, კუზმანოსკი 7, რუსია 4, მაინოვი 3, რამბა 3, ფერენცი 1, კომპორაი 1, ონიეჯეკვე 1, შიპოში 1, სასი 1, ტალაში 1, კონია, სტოილოვი
ბრ: გომესი, დიასი - პერეირა 6, პინტუ 5, ანტუნეში 4, ალბუკერკი 2, პესკეირა 2, სეაბრა 2, ბრანკინიო 1, მარტინსი 1, მასუკა 1, ტავარეში 1, გონსალვეში, რებელო, და როშა
მსაჯები: კრკაჩევი, კოლევსკი (მკდ)