ფეხბურთი

19:33 | 24.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვიტესი” საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს

ჰოლანდიაში ევროპალიგაში გამსვლელი კლუბების საფლეიოფო მატჩები იმართება. “ვიტესი” საკუთარ მოედანზე საპასუხო მატჩში “ზვოლეს” დაუზავდა (1:1). კაპიტანმა კაშიამ და შემტევმა ყაზაიშვილმა სრულად ითამაშეს. მათი გუნდიდან გოლი ტრაორემ გაიტანა. პირველი მატჩი “ვიტესის” გამარჯვებით 2:1 დასრულდა, ასე რომ “ფეიენოორდსა” და “ჰეერენვენს” შორის გამარჯვებულს არნემული კლუბი დაუპირისპირდება. მათ შორის გამარჯვებული კი ევროპალიგის საგზურს მოიპოვებს.

იტალიის სერია ა-ს 37-ე ტურში “ემპოლი” შინ “სამპდორიას” ეთამაშა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ლევან მჭედლიძე სათადარიგო იყო. იტალიის 20 გუნდიან ჩემპიონატში “ემპოლი” 42 ქულით მე-14 ადგილზეა.

ამერიკის NAS ლიგის ჩემპიონატის მე-8 ტურში “კოსმოსმა” შინ 3:0 დაამარცხა “სან ანტონიო სკორპიონსი,” რომლის განაცხადში ზურაბ ცისკარიძე მოხვდა, თუმცა არ უთამაშია. აღსანიშნავია, რომ მატჩის პირველი გოლი ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა რაულ გონსალეს ბლანკომ თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა. 11 გუნდიან ჩემპიონატში “სან ანტონიო სკორპიონსი” 7 ქულით მე-9 ადგილზეა.

რუსეთის პირველი დივიზიონის 33-ე ტურში “კრილია სოვეტოვმა” შინ 1:0 დაამარცხა “სკა ენერგია, რომლის სასტარტო შემადგენლობაში ლაშა იმედაშვილი, გუჯა რუხაია და კახა ალადაშვილი მოხვდნენ, გოგიტა გოგუა კი განაცხადს მიღმა აღმოჩნდა. ალადაშვილი 28-ე წუთზე გააფრთხილეს, 73-ე წუთზე კი შეცვალეს. ლაშა იმედაშვილმა მე-40 წუთზე დატოვა მინდორი. გუჯა რუხაიამ მატჩი სრულად ჩაატარა. რუსეთის პირველ დივიზიონში 18 გუნდი მონაწილეობს, “სკა ენერგია” კი 36 ქულით მე-14 ადგილზეა.

“ენისეიმ” შინ 3:1 დაამარცხა “ხიმიკი.” “ხიმიკის” სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა რუსეთის მოქალაქე გიორგი ჯიქია, რომელიც შესვენებისას შეცვალეს. “ხიმიკი” 27 ქულით მე-17 ადგილზეა.

“ვოლგამ” “ტიუმენს” უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. მასპინძელთა შემადგენლობაში მერაბ ურიდია 86-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე. “ვოლგა” 40 ქულით მე-11 ადგილზეა.

0.116082